top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მდინარე რიონის ნაამბობი     



ველოდი მათ გამოჩენას, ღმერთო, როგორ ველოდი! ნეტავ რად აუკრძალა წელს ეპისკოპოსმა იოანემ ჩემი ქალაქის კათოლიკეებს 8 დეკემბერს სალოცავად მისვლა იმ ეკლესიაში, რომელიც ოდითგანვე მათ ეკუთვნოდათ? რა მშვენიერია თქვენი საგალობლები, გრიგორიანული ,,ავე მარია“, თქვენი ლოცვები; ყველაფერი მცირე დროში ხდება, მაგრამ რამხელა რწმენა, რამხელა შვებაა ჩემთვის, გაუჩერებლად  რომ მივედინები ქვებსა და წყალში გადაყრილ ნარჩენებს შორის!


ვიცოდი, რომ ერთი კვირით ადრე შეეცადა მამა გაბრიელე ეპისკოპოსთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ; ფიქრობდა, ისევე, როგორც მე, რომ პრობლემები არ შეექმნებოდა, რაკიღა ეპისკოპოსმა იოანემ სიტყვა მისცა: „რასაც წლების განმავლობაში აკეთებდით, ეპისკოპოს კალისტრატეს ნებართვით, შეგიძლიათ იგივე გააგრძელოთო“.


ჩემდა სასიხარულოდ, შარშან მათ შეძლეს ლოცვა ღვთისმშობლის ქანდაკების წინაშე; ამჯერად უპასუხოდ დატოვება იმაზე მიანიშნებდა, რომ რაღაც იცვლებოდა.


და აჰა, 8 დეკემბრის დილით, საბოლოოდ, ჩემს ტალღებს გადაურა მისმა ხმამ, გაისმა სიტყვები მშვიდი და წინასწარ მოფიქრებული: „მინდოდა პირადად მელაპარაკა, მაგრამ ჯანმრთელობის გამო ვერ მოხერხდა, - გავიფიქრე: ნუთუ ასე მძიმედ იყო? ამის შესახებ არავის უთქვამს, - თუმცა დოგმატურ მიზეზთა გამო სალოცავად წასვლა შეუძლებელია: უბიწოდ ჩასახვის დოგმას მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს და ლოცვის თქვენეული გზა ჩვენთვის მიუღებელია“.


ძალიან მძიმე იყო ეს სიტყვები, უფრო მძიმე, ვიდრე თეთრი ქვის უცნაურ ფიგურებში გამოკვეთილი ჩემი სარეცელი. სამწუხაროდ, ვერც მამა გაბრიელეს გაოცებამ და უხერხულობამ მოიტანა შედეგი: „მეუფევ, დოგმის ფორმულირება არც ისე შორსაა იმ აზრისაგან, რაც მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ღვთისმშობლის შესახებ, ხოლო რაც შეეხება  ლოცვას, მხოლოდ ინდივიდუალური ხასიათისაა, სახარებისეული ლოცვები და  გალობები; ევროპაში ხომ ლოცულობენ  მართლმადიდებლები კათოლიკურ ეკლესიებში...“, და ისევ კატეგორიული სიტყვები: „თქვენ გაქვთ თქვენი ეკლესიები და ილოცეთ იქ...“; თავს ძლივს ვიკავებდი, მხოლოდ უიმედოდ ვყლაპავდი ნერწყვს: იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ქუთაისში ყველამ იცის (მათ გარდა, ვისაც ვითომ არ ახსოვს) რომ ეს ეკლესია, რომელსაც ასე ველამუნები, გამოჩენის დღიდან კათოლიკური იყო, და რომ ახლა მხოლოდ სამლოცველო არსებობს ნიუპორტის ქუჩაზე, სადაც კათოლიკე მრევლი იკრიბება; კარგად მახსოვს - მიუხედავად იმისა, რომ უკვე მითოლოგიასავით ძველი ვარ - მკაფიოდ გამოხატული წყევლა, რომელიც იმერეთის მეფე სოლომონმა მიაწერა ბოლოში იმ საბუთს, რომლის საფუძველზეც ებოძა ეს მიწა მამებს,  მათ საყურადღებოდ, ვინც მის წართმევას შეეცდებოდა; განა შეიძლება დავივიწყოთ და არ გვეშინოდეს? ეპისკოპოსი კი, სულ უფრო მეტად კატეგორიულია: „ახალი კარიბჭე განზრახ აშენდა იმისთვის, რომ თქვენ, კათოლიკეები, შიგ არ შეხვიდეთ და, ვინ იცის, რა უბედურება არ დაატრიალოთ, -  კიდევ კარგი, გულღიად ლაპარაკობს... საინტერესოა, საიდან მოიპოვეს თანხა გადასახდელად - ამიტომაც... ეკლესია დაიკეტება“. „საწყალი მამა გაბრიელე“, - გავიფიქრე, ანაზდეულად კი ეს დიპლომატიური მარგალიტი მოვისმინე: ,,ახლა, როცა ქუთაისის საპატიო მოქალაქე ხართ, რატომ არ ითხოვთ ხელისუფლებისაგან მიწას ახალი ეკლესიის ასაშენებლად?“


ღიმილი აქ ალბათ სწორი რეაქცია იქნებოდა! ასეა თუ ისე, ფაქტია, ეკლესია დაიკეტებოდა. დათრგუნვილი ვფიქრობდი  მამა გაბრიელესა და მის მორწმუნეებზე, ასევე მეუფე პაზოტოზე, ეპისკოპოს იოანესთან დასაკავშირებლად ბოლო იმედს მამა გიორგი ზვიადაძეზე რომ ამყარებდა, თუმცა ამ უკანასკნელმაც უარი მიიღო;  ჟანგიან საპარსს ჰგავდა ეს უარი, კიდევ უფრო მეტად რომ აზიანებს ჭრილობას, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების ვიზიტისას გაჩნდა: ,,ვიდრე მამა გაბრიელე არ მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რაც მან მართლმადიდებელ მღვდლებს უთხრა, არაფერი შეიცვლება“.


თუ სწორად მახსოვს, ამ ამბის მომსწრე ნუნციუს  ჟოზე ბეტენკურის აზრით, კათოლიკე ეკლესიის მიმართ ბოდიში ეპისკოპოს იოანეს უნდა მოეხადა და არა მამა გაბრიელეს; ღმერთო, რა გაბედულია ნუნციუსი: ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ის,  ვისაც ესმის საქმის ნამდვილი არსი! სიმართლე რომ ითქვას, თუკი ბოდიშის მოხდაზე ვსაუბრობთ, ბოდიში სწორედ იმ ადამიანებს უნდა მოეხადათ, რომლებიც იმ მომენტში იქ იმყოფებოდნენ; ხალხი მხოლოდ იმას ამბობდა, რასაც ხედავდა: მღვდლები და ახალგაზრდები, ცხადია, არ ლოცულობდნენ ეკლესიის წინ, რომელიც იმ დროს, ჩვეულებრივ, უკაცრიელი და დაკეტილია. რა კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, ბნელი ღამის მიუხედავად! და მამა გაბრიელემაც მხოლოდ ის გაიმეორა, რაც ხალხმა თქვა და შენიშნა... მეც შემიძლია ბევრი სხვა არასახარბიელო ფაქტის მოყვანა! იმ დღეს კი ნამდვილად დაკეტეს ეკლესიის ახალი კარიბჭე ,,კარანტინის“ მიზეზით, როგორც ეკლესიაში შესვლის მსურველებს აუწყებდნენ. მეორე დღეს ისევ გააღეს და გამვლელისაგან შევიტყვე, რომ დაკეტილი იყო არა კარანტინის გამო, არამედ კათოლიკეთა ლოცვის ხელშესაშლელად, მართლმადიდებელი მორწმუნეები კი მეზობლების ეზოს გავლით შედიოდნენ ეკლესიაში. ამ სავალალო სიტუაციის მოსაგვარებლად იქნებ უპრიანი ყოფილიყო, ეპისკოპოს იოანეს ერთხელ და სამუდამოდ დაეწერა ხარების ეკლესიის კარიბჭეზე: ,,კათოლიკეთა შესვლა აკრძალულია!“, ისევე როგორც აკრძალულია შესვლა ძაღლებისთვის,  მანქანებისთვის, ან როგორც მდინარეში ნაგვის გადაყრა? დაე, ასეც მოიქცეს, თუკი სურს თანმიმდევრული იყოს თავის ყველა ახირებაში! მსმენია, რომ მეუფე იოანე ის ეპისკოპოსია, ვინც ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა რუსთავის ახალი კათოლიკური ტაძრის მშენებლობისთვის, ან გაეჭიანურებინა პროცესი, ტერიტორიის შეცვლასაც კი ითხოვდა, რასაც მიაღწია კიდეც; ალბათ მაშინაც შიშობდა, რომ მისი ეკლესია, რომლის მახლობლადაც ახალი ტაძარი უნდა აშენებულიყო, „დაინფიცირდებოდა“  და „კარანტინის“ გამო დაიკეტებოდა. და თუ მართლაც ასეა, ძალიან მაინტერესებს, რატომ აირჩია საპატრიარქომ მაინცდამაინც იგი მეუფე კალისტრატეს მემკვიდრედ მისი გარდაცვალების შემდეგ? ნუთუ ამ საეპისკოპოსო კათედრისთვის ღირსეული ადამიანის გამოძებნა ასე რთულია? დიახ, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რომ ბევრი აღიარებს მის ერუდიციას; როგორც ჩანს, ამას თვითონაც აცნობიერებს. რამხელა უნარია! თუმცა არ მეგონა, რომ მეუფე კალისტრატე კათოლიკურ და მართლმადიდებლურ დოგმებს ვერ არჩევდა; შეიძლება ამიტომაც დართო ნება კათოლიკეებს, ელოცათ  მართლმადიდებლურ ეკლესიაში? ჯოჯოხეთში მოხვედრის საფრთხეს ხომ არ შეუქმნიდა თავს? რა თქმა უნდა, არა, თუკი არ სურდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის ქანდაკების გატანა ეკლესიიდან, და ამას ნამდვილად ვგრძნობდი, მისგან განსხვავებით, სხვები უკვე ფიქრობდნენ ამაზე.


არ შემიძლია არ ვთქვა (თუნდაც მავანს არ მოსწონდეს), რომ ქუთაისში არიან ისეთებიც, და არა მხოლოდ კათოლიკეთა შორის, გარდაცვლილ ეპისკოპოს კალისტრატეს რომ მისტირიან; ეს კი ყველაფერზე მეტყველებს! რა ვიფიქრო, რა ვთქვა მე, ვისაც ამდენი მინახავს და მსმენია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა? ყველაზე ტრაგიკული ამ ფაქტში ესაა:  „ახლა რა უნდა ქნან კათოლიკეებმა?“. მოითმინონ? ახალგაზრდები მიდიოდნენ თეთრ ხიდზე, თან ათასობით შეტყობინებას ათვალიერებდნენ ტელეფონში, ერთ-ერთმა წამოიძახა: „ნახეთ, რას წერს კათოლიკე ეპისკოპოსი პაზოტო ფეისბუკზე: „30 წელია ვითმენ და აღარ მინდა მეტის მოთმენა“. მასთან რომ შემახვედრა, ვეტყოდი, რომ მართალია“. სრულიად მოულოდნელად, მიწის სიღრმიდან, სადაც წყლები თავს იყრიან,  ,,რომაული“ აქცენტით აზვირთდა სათქმელი:  „მისწერეთ კათოლიკური ეპარქიის ყველა ეპისკოპოსს, სადაც ქართველ მართლმადიდებლებს თავიანთ სარგებლობაში აქვთ კათოლიკური ეპარქიის მიერ დროებით გადაცემული ან ნაჩუქარი ეკლესია თუ სამლოცველო, დაწყებული ჩემი მარადიული ქალაქიდან, ყველა ეკლესიის თავი და დედა რომ არის, აღწერეთ ვითარება, რაშიც დღეს ჩავარდნილა კათოლიკე ეკლესია საქართველოში, მათ შორის, ეკლესიათა დაბრუნების სატკივარი და შეჩერდეს შენობების გადაცემა მათ სარგებლობაში“. ხომ არ შემეძლო უპასუხოდ დამეტოვებინა მდინარეთა სათავე ტიბრი და ანაზდეულად ვუპასუხე: „შევეცდები“, არ ვიცოდი, რა მეთქვა და ესღა ვუთხარი: ,,გპირდები, გავარკვევ, თუ არის მზად ეს წერილები სხვადასხვა ენაზე: იტალიურად, ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად და ეს უკანასკნელი ფაქტიც თუ აღწერეს, და როგორ გავგზავნოთ?“ კიდევ უფრო კატეგორიულად განმიცხადა ტიბრმა: „პრობლემა არაა, ბატონო ჩემო; მე ვიქნები ფოსტალიონი, ევროპის ყველა იმ მდინარის გავლით, რომელსაც ვიცნობ. სიამოვნებით მიიტანენ ყველა იმ ამბავს, რომელიც სამართლიანობას ემსახურება! მდინარე მტკვრის მეგობარ წყლებს, რომელთათვისაც ნაცნობია დედაქალაქის ამბები, ვკითხავ, რაოდენ სასარგებლოა მისი გაგზავნა ვატიკანში, რადგანაც ვიცნობ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ წმიდა საყდრის პოზიციით უკმაყოფილო კათოლიკეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არასწორი და უშედეგოა ეს პოზიცია საქართველოს კათოლიკეთათვის.  მე, ერთ პატარა მდინარეს, სხვა რა შემიძლია? ყველაფრის გაკეთებას როდი შევძლებ“; მე განვაგრძე: „დღეს საქართველოს მთავრობა და რელიგიური ხელისუფლება თანაბრად ზეიმობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას; შეძლებენ კი გონივრულად გამოიყენონ ეს ,,ოქროს საწმისი“, რათა საქართველოში აღდგეს სამართლიანობა კათოლიკე ეკლესიის მიმართ?“


აჰ, ერთიც დამავიწყდა; არადა, როგორ შემეძლო ტიბრის რჩევა-დარიგების დავიწყება, რომ პირველი ნაბიჯი პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნებოდა პასუხის გაცემა კარდინალ პაროლინის 2023 წლის 27 იანვრით დათარიღებულ წერილზე! ერთი ფრანგული მდინარე, სახელს ვერ ვიხსენებ, ამ ჩურჩულით საუბარმა გაიტაცა და  მე, ჩემი დამტვრეული ფრანგულით მოპასუხეს, აქ, ,,ფრანგულ“ უბანში, მამხნევებდა, რომ კათოლიკეებისთვის მეთქვა, რაც შეიძლება დროულად მისწერონ საერთაშორისო ორგანიზაციებს და გააგებინონ, რომ კათოლიკე ეკლესია საქართველოში დამცირებულია... კარგია მეგობრობა, მაგრამ როგორ შევძლო ამისი გაკეთება? ღამეა მრჩეველი.


მომდევნო დღეს, კვლავაც გაოგნებულმა, უფრო მეტად, ვიდრე მაშინ, როცა კავკასიონზე თოვლი დნება ან წვიმით ვისეტყვები, როგორც დღეს ამბობენ, თუმცა ამ მშვენიერ, ნათელ დღეს სიხარულით მოვისმინე ეკლესიაში სალოცავად შესული რამდენიმე კათოლიკეს საუბარი: „დღესასწაულმა, მიუხედავად ეპისკოპოსის გაოცებისა, მაინც  მშვენივრად ჩაიარა, წირვა მეუფე ჯუზეპემ აღავლინა,  ვატიკანის საელჩოს წარმომადგენელ ალექსანდრესთან, კამილიელ მამა პავლესთან და ასევე რამდენიმე მართლმადიდებელ მორწმუნესთან ერთად“. 


მეორეც: „ძალიან კმაყოფილი დავრჩი „მეგობრული საღამოთი“, სადაც გაიხსენეს იმიერში გადასული რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ბოლო წლებში მრავალმხრივ თანამშრომლობდნენ ჩვენთან, მონაწილეობდნენ ჩვენს საქველმოქმედო და კულტურულ აქტივობებში, ჩვენს პრობლემებს იზიარებდნენ; მათი ოჯახის წევრებს სამადლობელი სიგელები გადაეცათ“.


,,ეს არჩევანი, - განაგრძო სხვამ,  - ბევრისთვის ადვილი როდია, მათი მადლიერნიც უნდა ვიყოთ, სულ ახლახან გარდაცვლილი ქეთის, რადიო ,,ძველი ქალაქის“ დირექტორის; ეთერის, დაარსების დღიდან ,,კარიტასის“ ამბულატორიული კლინიკის ფარმაცევტის; თემურ ძიძიგურის, ცნობილი ექიმის, მხატვრის, მომღერლის, კომპოზიტორის და ვასიკოსი, ასევე მომღერლისა და კომპოზიტორის, ჩვენს ქალაქში  დაფასებული ადამიანების... როცა მესმოდა ჩემთვისაც ასევე ძვირფასი სახელები, სიხარულისგან ვკანკალებდი; საბოლოოდ, კარგი ამბავიც მოხდა; ძლიერი ემოციაა! ვფიქრობდი, ალბათ ერთ მშვენიერ დღეს მეც ამგვარ პატივს მომაგებდნენ!  ,,ეს იყო განსხვავებული გზა, - განაგრძობდნენ ისინი, - რომ ჩვენი გულითადი მადლობა გვეთქვა მათთვის, ვინც უკეთესი მომავლისთვის იღვწის“. რა კარგი იყო, ხონის მეორე სკოლის ბიჭების ჯგუფმა რომ გაბედულად წარმოადგინა იტალიისადმი მიძღვნილი ჯაკომო ლეოპარდის ლირიკა (დაწერილი 1818 წელს, 20 წლის ასაკში): „ო, ჩემო სამშობლო...!“ და ის პერსპექტიული ახალგაზრდა მევიოლინეები და მუსიკალური კვარტეტი: რა მშვენიერი ჰანგები, რა დიდი ნიჭიერება! მაგრამ ვინ მოიწვია ისინი? ოჰ, არ იცი? თავად მერიამ გამოგზავნა... რა კარგია, რაღაც უმჯობესდება...“  გამომშვიდობებისას ეს სიტყვებიც მოვისმინე: „რა გაბედულები არიან ის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი კათოლიკე ეკლესიის არსებობას საქართველოში და მიტაცებულ ეკლესიათა დაბრუნებას ითხოვენ!“ ოხვრით აღმომხდა: ,,ნეტავ უფრო მეტი ყოფილიყო მათი მსგავსი მღვდელი საქართველოში! როგორ მინდოდა მთელი ხმით მეყვირა, დახმარება მეთხოვა ყველა იმ წყლისთვის, ვინც ჩემი მოვალეა და ვისაც ვუყვარვარ: არ დაუშვათ, რომ ეს ქალაქი კათოლიკეთა გარეშე დარჩეს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნეთ ეკლესიები და ყველაფერი გაცილებით უკეთესი, მეტად ადვილი, მეტად ლამაზი გახდება... სახარება უფრო სარწმუნო იქნება, დოგმები ნაკლებად წინააღმდეგობრივი, გალობები უფრო საგუნდო, ხოლო კათოლიკეებს ვეტყოდი: გააგრძელეთ ცხოვრება ამ ქალაქში, იყავით ცოცხალი მოწმენი თქვენი მამა-პაპის გზისა...


ვიცი, არ მკითხავთ, საიდან გავიგე, რომ ეპისკოპოსმა იცის ამ თქვენი ვალდებულების შესახებ და რომ ეს ასევე თქვენი საკრებულოს განსაკუთრებული ვალდებულება უნდა გახდეს, იმის პასუხად, რაც მან ყოველი სამრევლოსაგან მოითხოვა ამ წლისათვის. ჰო, კიდევ მადლობა გუშინდელი საღამოსთვის, გამასპინძლებისა და იმ ტორტისთვის, ჩვენს მეუფე იოანეს რომ გაუგზავნეთ. სამწუხაროა, დაგავიწყდათ, ,,სამარხვო“ რომ უნდა ყოფილიყო: შემდეგში გაითვალისწინეთ; არ იდარდოთ, აუცილებლად გაპატიებთ“.


მისი ერთ-ერთი მსმენელი

ჟურნალი "საბა", 2024 / თებერვალი

 

 

 

bottom of page