top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მეგობრობა გრძელდება...' - ინტერვიუ წმინდა საყდრის ნუნციუსთან

ინტერვიუ ჟოზე აველინო ბეტენკურთან, წმიდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსთან საქართველოსა და სომხეთში.

მის აღმატებულებას, წმიდა საყდრის დესპანს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში, არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტენკურს დიპლომატიური სამსახურის ვადა ამოეწურა, სულ მალე ნუნციუსი დატოვებს საქართველოს და დიპლომატიურ მისიას კამერუნში გააგრძელებს. დასავლეთ აფრიკის ამ 27 მილიონიან სახელმწიფოში მოსახლეობის 27 პროცენტი კათოლიკეა და კათოლიკე ეკლესია ყველაზე მრავალრიცხოვან კონფესიას წარმოადგენს. ასე რომ, მის უმაღლესობას ბევრად მეტი ძალისხმევა დასჭირდება წმიდა საყდრის დიპლომატიური და ეკლესიათშორისი მისიის წარმატებით განსახორციელებლად.


არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტენკურმა, ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე, დიდი სიმპათია მოიპოვა ქვეყნის კათოლიკეებში, რომლებიც მოუთმენლად ადევნებდნენ თვალს, თუ ვინ იქნებოდა რეგიონში წმიდა საყდრის დესპანი. დიპლომატიური სამსახურის დაწყების პირველივე დღეებიდან მისმა უმაღლესობამ თავისი მზრუნველობით, ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი უნარით, თავმდაბლობითა და სითბოთი, კათოლიკეებისა და სხვა კონფესიის წარმომადგენელთა კეთილგანწყობა დაიმსახურა. იგი, როგორც საქართველოში დიპლომატიური კორპუსის დუაიენი, ღირსეულად წარმოადგენდა სახელმწიფოში წარმოდგენილ ელჩებს, მუდამ პრინციპულად და დაუღალავად ზრუნავდა წმიდა საყდრისა და კათოლიკე ეკლესიის ინტერესების დაცვაზე; ეკლესიათშორისი ურთიერთობების ფარგლებში, მან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა მართლმადიდებელ და სხვა კონფესიების მწყემსმთავრებთან და სულიერ ლიდერებთან; იგი სისტემატურად ესწრებოდა ადგილობრივ კათოლიკეთა დღესასწაულებს, თავისუფალ დროს მოგზაურობდა საქართველოსა და სომხეთში, ეცნობოდა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს; მისი ძალისხმევით ერევანში ამოქმედდა სადესპანოს წარმომადგენლობა. არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტენკურის მხარდაჭერასა და პირად კეთილგანწყობას მუდამ გრძნობდნენ ჩვენი კათოლიკური სამრევლოები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და ჟურნალი ,,საბა“. მართალია, გულდასაწყვეტია ნუნციუსის სხვა მისიაში გადაყვანა, ვინაიდან წმიდა საყდრის დესპანისგან წამოსული ადამიანური სითბო, მუდმივი თანადგომა და მხარდაჭერა ამ სამი ათწლეულის მანძილზე ამგვარი დოზით პირველად ვიგრძენით, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს მხარდაჭერა სხვა ქვეყნის კათოლიკეებსაც სჭირდებათ.


ჟურნალ ,,საბას“ სარედაქციო კოლეგიისა და მრავალრიცხოვან მკითხველთა სახელით, გულითად მადლობას ვუხდით მის აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტენკურს მისი დიპლომატიური სამსახურის დროს გამოჩენილი სითბოსა და თანამშრომლობისათვის და ნაყოფიერ და წარმატებულ მისიას ვუსურვებთ ახალ დიპლომატიურ ასპარეზზე.


– ამ წლების მანძილზე ჩვენს არაერთ კათოლიკურ საკრებულოს ესტუმრეთ, შეხვდით ჩვენი ეკლესიის მრევლსა და ორგანიზაციებს (კარიტასი, უნივერსიტეტი, კათოლიკური თემები), გაეცანით მათ საქმიანობას, ისტორიას, გაიზიარეთ მათი სიხარული თუ საფიქრალი. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები და რას ეტყოდით მათ საქართველოდან გამგზავრებამდე?

– საქართველოში ჩემი მისია სისხლსავსე და მეტად საინტერესო იყო. უამრავი ადამიანი გავიცანი, მრავალი ადგილი მოვინახულე. ჩემი აქ ჩამოსვლიდან (2018 წ.) მოყოლებული, არაერთი ადამიანი თუ შემთხვევა დამამახსოვრდა. ყველაზე მთავარი სათქმელი კი სახარებისეული რწმენის, იმედისა და სიყვარულის მარადიული გზავნილია. სამოციქულო ადმინისტრაციის არსებობის 30 წლის მანძილზე აქაურმა ეკლესიამ ბევრი რამ გააკეთა და მომავალ მიღწევებსაც მტკიცე საფუძველი ჩაუყარა. ბევრი გაკეთდა საკუთარი ძველი ისტორიის შესასწავლად, ბოლო საუკუნის ისტორიულ-პოლიტიკურ ქარტეხილებში ჩაკარგული საკუთარი მეობის კვლავ აღმოსაჩენად, კათოლიკურ, ქრისტიანულ რწმენაში განსამტკიცებლად და მის დასამოწმებლად. მთელი ეს ეპოპეა ჩემს დიდი პატივისცემას იწვევს.


– თქვენ გულმოდგინედ ეცნობოდით ქართულ კულტურას, ხშირად სტუმრობდით ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად და რაზე უნდა კონცენტრირდეს ჩვენი ეკლესია, რათა კიდევ უფრო გამდიდრდეს კულტურულად?

– დამამახსოვრდა გორში, 2018 წლის 30 ნოემბერს, ჩატარებული რელიგიური ცერემონია - 80 წელს მიტანებული სამი კათოლიკე ქალბატონი პირველი ზიარების საიდუმლოებას იღებდა. ერთ ხელში წმიდა სავარდი ეჭირათ, მეორეში კი - სანთელი. სწორედ წმიდა სავარდის ლოცვამ შემოუნახა მათ რწმენა მრავალი წლის მანძილზე. მონათლულნი იყვნენ, მაგრამ პირველი ზიარება კი არასდროს მიეღოთ. იმ წამს ჩემ თვალწინ ფილმივით გაირბინა რწმენის მთელმა ისტორიამ საქართველოში. რამდენი რამის თქმა შეიძლება უამრავ სხვა მონათლულ ადამიანზე, ბერ-მონაზვნებზე, მღვდლებსა და ეპისკოპოსებზე! მხოლოდ თბილისში 15-მდე არქიეპისკოპოსი ჩამოითვლებოდა...

მზამზარეული რეცეპტები არ არსებობს. არც მე მოვსულვარ გამზადებული პროგრამით. ამის ნაცვლად, ვცდილობდი ყური დამეგდო, საღი აზრითა და ქრისტიანული პრინციპებისადმი ერთგულებით მემოქმედა. ვფიქრობ, რომ სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ შვიდი წლის წინ ჩატარებული სინოდის მეშვეობით მძლავრად გაისმა ადგილობრივი ეკლესიის ხმა. მთავარია, არ გვეშინოდეს და ვუერთგულოთ ჩვენს კათოლიკურ, ქრისტიანულ იდენტობას.


– წმიდა საყდრის დესპანად და დიპლომატიური კორპუსის დუაიენად მოღვაწეობის პერიოდში არაერთ საერო, საეკლესიო და რელიგიურ ხელისუფალს შეხვდით, ურთიერთობდით პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან, კულტურის სფეროსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მრავალს უსმენდით, ესაუბრებოდით. თქვენი აზრით, რა სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას და მის სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებს?

– წმიდა საყდრის სადესპანოს როლს ვხედავ იმაში, რომ ხელი შეუწყოს ხიდების გადებას სხვადასხვა რეალობებს შორის, შექმნას შეხვედრის ადგილები საერთო საქმის უკეთ საკეთებლად.


კავკასიაში მუშაობის მთელი ამ წლების მანძილზე ხშირად ვიყენებდი ინგლისურ სიტყვას „engage“ (,,ჩართულობა“), რაც გულისხმობს შეხვედრებისა და გაცვლა-გამოცვლის ხელშეწყობას საერთო ინტერესის ყველა სფეროში. ამისათვის საჭიროა სათანადოდ მოსმენა და ურთიერთობა, ერთად ყოფნისა და მუშაობის სურვილი, შემოქმედებითი და კონსტრუქციული მიდგომა საერთო საქმის სამსახურში და, გარკვეულწილად... თავმდაბლობაც. მართლაც, მე ვერ ვასწავლი ქართველებს, თუ რა უნდა ერჩიოთ - შემიძლია მხოლოდ ვუსურვო გულწრფელი და ნაყოფიერი დიალოგი და ეროვნული ერთიანობა, რათა ხელი შეეწყოს გაჭირვებულ ადამიანებს და უზრუნველყოფილ იქნას ჯანსაღი სოციალური წინსვლა.

– მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს. კათოლიკე ეკლესია, პაპის გზავნილების, ინიციატივებისა თუ წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობს, ერთმანეთს შეახვედროს და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას დაპირისპირებული მხარეები. ზოგიერთები ეკლესიების, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელი ეკლესიის მარცხზეც საუბრობენ. თქვენ როგორ ხედავთ ეკლესიებსა და საქართველოში შექმნილ ვითარებას ამ ომის ფონზე?


– პაპი ფრანცისკე დაუღლელად მოუწოდებს ომის შეწყვეტისაკენ, როგორც უკრაინაში, ასევე მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. მან წმიდა საყდრის დიპლომატია სამშვიდობო დიალოგის სამსახურში ჩააყენა. ეკლესიას შეუძლია დიალოგისკენ მოუწოდოს მხარეებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თავად მხარეები უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს. ამას კი ვერავინ ვერავის დააძალებს, თუკი მხარეებს თავად არ სურთ. კათოლიკე ეკლესია ერთადერთი ეკლესია თუ რელიგიაა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადობის მიერ აღიარებული საერთაშორისო სტატუსის მქონე დიპლომატიური კორპუსი ჰყავს (1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ, მუხლი 14) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია. წმიდა საყდრის დიპლომატია არის super partes (მიუკერძოებელი), არა აქვს ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესები. შეიარაღებული კონფლიქტებისა თუ ბუნებრივი კატასტროფების დროს პაპის სიტყვები მეტად მნიშვნელოვანია. საკმარისია, გავიხსენოთ უზენაესი პონტიფექსის მიმართვა შოვში 3 აგვისტოს დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ. უდიდესი საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა ლისაბონში, ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 1,5 მილიონი ახალგაზრდისა და ასობით ჟურნალისტის წინაშე პაპის მიერ წარმოთქმულმა სამძიმრისა და დაზარალებულებისადმი თანადგომის სიტყვებმა. რომელი სხვა სახელმწიფოსა თუ ეკლესიის მეთაურს ძალუძს გაჟღერება ამგვარი საყოველთაო გზავნილისა, რომელიც საქართველოს ტკივილს მთელი მსოფლიოს ტკივილად აქცევს? ეკლესიის მოწოდება ხომ სწორედ ისაა, რომ ურთიერთშეხვედრისა და სოლიდარობის, დიალოგისა და მშვიდობის ადგილად იქცეს. ვფიქრობ, კათოლიკე ეკლესია ცხადად ადასტურებს, რომ ჭეშმარიტად ქრისტეს ეკლესიაა.

– თქვენი მოღვაწეობის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ თბილისის წმიდა პეტრესა და წმიდა პავლეს ეკლესიაში წმიდა წირვების აღვლენა საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული და აქ სხვადასხვა მიზნით მყოფი კათოლიკეებისათვის. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

– სიამოვნებით მივდიოდი ხოლმე წმიდა წირვის აღსავლენად თბილისის წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ეკლესიაში. ამ საერთაშორისო, საკვირაო ევქარისტიულ მსახურებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა - საქართველოში ხომ არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული კათოლიკე სწავლობს თუ მუშაობს. ბევრია უცხოელი პენსიონერიც. ეს ერთი, დიდი, ლამაზი და სიცოცხლით სავსე თემია. ხშირად მესმის მათი დადებითი კომენტარები. არცთუ იშვიათად, ეს საერთაშორისო თემი ღვთისმსახურების კიდევ უფრო გაფართოებას ითხოვდა. მე ყოველთვის შეგნებული მქონდა, რომ მთელი საქართველოს დესპანი ვიყავი და მსურდა, ეს ჩემი მისია პირნათლად შემესრულებინა.

– რომელი ინიციატივების მიყვანა შეძელით ბოლომდე და რომლის ვერა?

ყველა ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, ან რომლის შეთავაზებასაც ვცდილობდი, ფართო თვალთახედვის ნაწილი იყო და არა თვითმიზანი. მთავარი გახლდათ „engage“ (,,ჩართულობა“), ურთიერთშეხვედრა, ურთიერთგაცნობა, ჯგუფებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ ამა თუ იმ ინიციატივის ორგანიზების პროცესი თვით ამ პროექტის განხორციელებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. ცხადია, თბილისის წმ. სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტი ვატიკანის სიქსტეს კაპელაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ყველა თვალსაზრისით და სამუდამოდ შემორჩება ისტორიას. ვატიკანის ჭერქვეშ ორი საათის მანძილზე ჟღერდა კეთილშობილი ქართველი ერის სიამაყე - ათასწლოვანი ტრადიციის მქონე დიდებული ქართული მრავალხმიანობა და ვილოცეთ „ავე მარია“ მსოფლიოში მშვიდობის მხარდასაჭერად. ამ ზეიმმა, უპირველეს ყოვლისა, გვიჩვენა, თუ რა არაჩვეულებრივი წამოწყებების განხორციელება შეგვიძლია ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით.


რელიგიური, კათოლიკური და ეკუმენური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ ფატიმის ღვთისმშობლის მომლოცველი ქანდაკების ისტორიული ვიზიტი. ქანდაკებამ, რომელიც პირველად ეწვია კავკასიას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, გადალახა საზღვრები და წინაღობები, ერთად შეკრიბა კათოლიკენი, არაკათოლიკენი და მუსლიმებიც კი. კიდევ ერთხელ ვიხილეთ მაგალითი ცოცხალი კათოლიკე ეკლესიისა.


ესაუბრა მამა გაბრიელე ბრაგანტინი

გაგრძელება იქნება

ჟურნალი '"საბა"/ ოქტომბერი 2023









bottom of page