top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს ეპისტოლე მოწოდებულთათვის ლოცვის მსოფლიო დღეზე

“უფლის მოწოდება - ეს არის ერთდროულად მადლიც და სახარების გავრცელების ვალდებულებაც, ახალი ცხოვრების წყარო და ჭეშმარიტი სიხარული”, – წერს პაპი ფრანცისკე ბერ-მონაზვნობისაკენ მოწოდებულთა ლოცვის რიგით 60-ე მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილია 30 აპრილს და მისი მთავარი თემა იქნება: “მოწოდება, მადლი და მისია”.



წმინდა მამა ხაზგასმით ამბობს, რომ ქრისტიანები მოწოდებული არიან მყისიერად გავიდნენ გარეუბნებში და ყოველთვის გააცნობიერონ, რომ მისიას არ ახორციელებს მარტო, არამედ ძმებთან და დებთან ერთად, ეკლესიის მწყემსთა წინამძღოლობით. უფლის მოწოდება ყველა ადამიანთან სხვადასხვანაირად, მოულოდნელი გზებით აღწევს, მაგრამ ყოველთვის უსასრულო შემოქმედებითობით.


პაპი ფრანცისკე საუბრობს მოწოდებაზე, როგორც ღვთიური არჩევანისა და ადამიანის თავისუფლების ურთიერთკავშირზე, ღმერთსა და ადამიანის გულებს შორის,დინამიურ და ამაღელვებელ ურთიერთობაზე. „მოწოდება ჰგავს ღვთაებრივ თესლს, რომელიც აღმოცენდება ჩვენი არსებობის ნიადაგში, აღებს ჩვენს გულებს ღვთისა და სხვა ადამიანების მიმართ, რათა შევძლოთ ნაპოვნი განძის გაზიარება სხვებისათვის. მოწოდების ფუნდამენტური სტრუქტურა იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი სიყვარულით მოგვიწოდებს და ჩვენც სიყვარულითვე ვპასუხობთ. ამიტომაც, მოწოდებული აცნობიერებს, რომ არის ზეციერი მამის საყვარელი შვილი და მოყვასში ხედავს დებსადა ძმებს“.


პაპის თქმით, მისია მოწოდების გარეშე არ არსებობს. ბედნიერება და თვითრეალიზაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვთავაზობთ მოყვასს უკვე შეძენილ ახალ ცხოვრებას. ღვთის სიყვარულისაკენ მოწოდების ჩახშობა შეუძლებელია. ზუსტად ამას ღაღადებს წმინდა პავლე: “ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სახარებას”. ქრისტიანული მისია იმაში მდგომარეობს, რომ, იესო ქრისტეს სიახლოვე, რომელიც მის საკრებულოში, ანუ ეკლესიაში ვიპოვეთ, სიხარულით დავამოწმოთ ყველგან, საქმითა და სიტყვით. ეს არის ის საერთო მისია, რომელიც გამოხატულია გულმოწყალების მატერიალურ და სულიერ საქმეებში, სტუმართმოყვარე, მოხარული ცხოვრების გზებით, სულიერ სიახლოვეში, თანაგრძნობაში და სინაზეში, რაც ძირეულად განსხვავდება მფლანგველობისა და გულგრილობის თანამედროვე კულტურისგან. კეთილი სამარიელის სახარებისეული მაგალითი არის ქრისტიანული მოწოდების ანარეკლი და ზედმიწევნით განასახიერებს იესო ქრისტეს, რომელიც იმიტომ კი არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ თავად ემსახუროს (მარკ.10, 25-37.45)“. - აღნიშნა პაპმა.


წმინდა მამა აღნიშნავს, რომ ბერძნული სიტყვა - ეკლესია (Εκκλησία) ნიშნავს იესო ქრისტეს მისიონერ მოწაფეთა შეკრებას, რომლებიც ცხოვრობენ მისი სიყვარულით და ავრცელებენ მას ხალხებს შორის, რათა გამოჩნდეს ღვთის სასუფეველი. ეკლესიაში ყოველი მღვდელი, ბერ-მონაზონი თუ ერისკაცი, თავისი ქარიზმის მიხედვით მსახურია, თუმცა ყოველი საეკლესიო მოწოდება თავისი ჭეშმარიტებითა და სიმდიდრით მოგვითხრობს ყველა დანარჩენთან ურთიერთკავშირს. ამ თვალსაზრისით ეკლესია მოწოდებათა ჰარმონიული სიმფონიაა.


რომის ეპისკოპოსი თავის ეპისტოლეს ასრულებს ლოცვით, რომელიც 1964 წლის 11 აპრილს, მოწოდებულთა ლოცვის პირველ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეადგინა წმინდა პავლე VI-მ.


“ჰოი, იესო, ღვთაებრივო მწყემსო, შენ მოუწოდე მოწაფეებს, რათა გექცია ისინი ადამიანთა სულების მებადურებად; კვლავ მიიზიდე შენკენ ახალგაზრდა ადამიანების მგზნებარე და კეთილშობილი გონება, დაე, ისინი შენი მიმდევარნი და მსახურნი გახდნენ. ჰქმენ, რათა შენთან ერთად გაიზიარონ სურვილი კაცობრიობის ხსნისა. გახსენი სამყაროს ჰორიზონტები, რათა უპასუხონ შენს მოწოდებას და დედამიწაზე განაგრძონ შენი მისია, სამაგალითო გახადონ შენი მისტიური სხეული - ეკლესია, იყვნენ სამყაროს ნათელი და დედამიწის მარილი (მათ. 5,13)”.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი
bottom of page