პაპის არჩევიდან ერთი წელი - მოგზაურობები, მშვიდობისკენ მოწოდებები და მსოფლიო მწყემსის მისია
- 2 minutes ago
- 8 min read
2026 წლის 8 მაისს, პაპმა ლეონ XIV–მ პეტრეს ტახტზე არჩევიდან პირველი წლისთავი აღნიშნა. გასული თორმეტი თვე დატვირთული იყო აუდიენციებით, შეხვედრებითა და მიმართვებით; ორი დიდი მოგზაურობით ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში; კარდინალთა კონსისტორიით; რომის კურიაში განხორციელებული ცვლილებებითა და განახლებებით; ასევე მშვიდობისთვის ბრძოლით, რაც გამოიხატებოდა როგორც მტკიცე მოწოდებებში, ასევე კულისებს მიღმა წარმოებულ დიპლომატიურ მუშაობაში.

პირველი “Habemus Papam” 2025 წლის 8 მაისს, გაისმა. სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსული თეთრი კვამლის პირველივე ნიშანზე, ხალხის დიდი ოვაციები გაისმა.
შემდეგ, 19:12 საათზე იყო კარდინალ-პროტოდიაკონის გამოცხადება: «Robertum Franciscum…. ბოლოს კი, 19:23 საათზე, დალოცვა და ლოჯის ხავერდის ფარდებიდან პაპის გამოჩენა. წითელი მოცეტა, ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები, ძლივს შესამჩნევი ღიმილი და მღელვარებისგან აცრემლებული თვალები. რობერტ ფრანცისკ პრევოსტი პეტრეს 266-ე მემკვიდრე, ლეონ XIV გახდა.
“მშვიდობა თქვენდა!”
თორმეტი თვის წინ, ეკლესიის ორიათასწლოვან ისტორიაში, ახალი პონტიფიკოსის არჩევით ახალი თავი დაიწყო, რომელიც 133-მა კარდინალმა კონკლავზე გამოარჩია.
იგი პირველი პაპია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც 69 წლის წინ ჩიკაგოში დაიბადა, რომელმაც ოცდაორი წელი ლათინო–ამერიკულ ქვეყანაში გაატარა.
იგი ორი ვადით ავგუსტინელთა ორდენის გენერალი იყო. შერეული ფესვების მქონე პაპი, მათემატიკის, ენებისა და კანონიკური სამართლის ექსპერტია; მრევლის წინამძღოლი და ეპისკოპოსი ჩულუკანასის, ტრუხილიოსა და ჩიკლაიოს მტვრიან ქუჩებში და ეპისკოპოსთა დიკასტერიის კარდინალ-პრეფექტი. მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე პონტიფიკოსი, რომელიც მსოფლიოს პირველივე გამოჩენისას იტალიურ, ესპანურ და ლათინურ ენებზე მიესალმა და წაიკითხა საკუთარი ხელით დაწერილი ტექსტი, რომელშიც სიტყვა „მშვიდობა“ ათჯერ იყო ნახსენები.
ძალისხმევა მშვიდობისათვის
პაპმა ლეონ XIV-მ, მთელი წლის განმავლობაში, მშვიდობიაზე მტკიცე მოწოდებები გააჟღერა. „ომი აღარასდროს!“ – ეს ფრაზა მან ლოჯიდან წარმოთქმული პირველივე ლოცვისას გააჟღერა და ასეთივე ფრაზა თქვა ბზობის კვირის წირვაზე (29 მარტი), ომის გამჩაღებლებისკენ გაშვერილი თითით, რომელთა ხელებიც „სისხლით არის გაჟღენთილი“.
ასევე, 11 აპრილს, წმიდა პეტრეს ტაძარში გამართულ მსახურებაზე პაპმა ამხილა ისინი, ვინც სიკვდილს „დაემონა“, რათა საკუთარი თავი და ძალაუფლება მუნჯ, ბრმა და ყრუ კერპად აქციოს, რომელსაც ყველა ღირებულებას სწირავს და მთელი მსოფლიოსგან მუხლის მოყრას მოითხოვს.
საჯარო მოწოდებები და მუშაობა "კულისებს მიღმა"
მშვიდობის სახელით, პაპმა ლეონ XIV-მ ბიძგი მისცა დიპლომატიურ სამუშაოს, რომელიც ფართო საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში ნაკლებად ხვდება, თუმცა ხალხის კეთილდღეობის კეთილშობილურ საქმეს ემსახურება. ეს არის მუშაობა კულისებს მიღმა, როგორც მან თავად გაუმხილა ჟურნალისტებს ლიბანიდან დაბრუნებისას (ლიბანი, თურქეთთან ერთად, მისი პირველი სამოციქულო მოგზაურობის ადგილი იყო). „ჩვენი საქმიანობა, ძირითადად, საჯარო არ არის. ისეთი, რომელსაც ქუჩებში ვაცხადებთ; ეს უფრო კულისებს მიღმა სამუშაოა. ეს არის ის, რასაც უკვე ვაკეთებდით და გავაგრძელებთ, რათა შევეცადოთ, ასე ვთქვათ, დავარწმუნოთ მხარეები, გვერდზე გადადონ იარაღი, ძალადობა და დიალოგის მაგიდასთან დასხდნენ“.
პაპის განცხადებებში დევს მისი მმართველობის პირველი წლის მრავალი ინიციატივის გასაღები. ეს დაიწყო მისი არჩევიდან სულ მცირე ხანში, როდესაც მან მხარეებს კარის გახსნა შესთავაზა, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ადგილად ქცეულიყო. ამ წინადადებას რუსეთის მხრიდან სკეპტიციზმი მოჰყვა, ხოლო უკრაინის მხრიდან — ენთუზიაზმი, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოხატა. პაპი მას სამჯერ შეხვდა, აქედან ორჯერ კასტელ განდოლფოში, სადაც თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ ლეონ XIV-მ აღადგინა საზაფხულო რეზიდენციაში დაბრუნების ტრადიცია. მან პაპის სასახლე საზოგადოებისთვის ღია სამუზეუმო სივრცედ დატოვა, თავად კი ვილა ბარბერინიში დასახლდა.

ეს რეზიდენცია ბევრი ჟურნალისტისთვის შინაურული ადგილი გახდა, რომლებიც ყოველ სამშაბათს საღამოს, გამოსვლისას, ხვდებოდნენ პაპს, რათა მოესმინათ მისი მოსაზრებები მიმდინარე აქტუალურ თემებზე. აქ ჟღერდებოდა მისი მოწოდებებიც, ხშირად მოკლე, მაგრამ ყოველთვის მიზანმიმართული ამა სოფლის ძლიერთა მიმართ, რომ დაასრულონ ომი და იღვაწონ მშვიდობისთვის არა იარაღით, არამედ დიალოგით. იგი ასევე ცდილობდა ხალხის აქტივობის სტიმულირებას. მაგალითად, ირანზე აშშ-ის თავდასხმის მეორე დღეს, მან მოუწოდა თავის თანამემამულე ამერიკელებს: „ეძებეთ გზები კონგრესმენებთან და ხელისუფლებასთან დასაკავშირებლად, რათა უთხრათ, რომ ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა!“.
ამ უპრეცედენტო ქმედებამ გამოიწვია აშშ-ის ადმინისტრაციის რეაქცია — პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა პაპი სწორედ იმ დღეს, როდესაც იგი ალჟირში მიემგზავრებოდა. ეს ვიზიტი კამერუნთან, ანგოლასთან და ეკვატორულ გვინეასთან ერთად მის სამოციქულო მოგზაურობებს შორის ყველაზე ხანგრძლივი იყო – 13-23 აპრილი.
თვითმფრინავში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე ამ კრიტიკის შესახებ, პაპს საპასუხო თავდასხმით არ მიუმართავს. მან მხოლოდ შეახსენა მათ თავისი როლი და მისია, რომ იგი არის „მწყემსი და არა პოლიტიკოსი“. შესაბამისად, არანაირი დებატები ტრამპთან და არანაირი შიში ამ ადმინისტრაციის მხრიდან შესაძლო თავდასხმების გამო არ არსებობს. „ეკლესია აუწყებს სახარებას, ქადაგებს მშვიდობას. თუ ვინმეს ჩემი გაკრიტიკება სურს, გააკეთოს ეს სამართლიანად“, – განაცხადა პაპმა.

აფრიკული მომლოცველობა
სახარების ქადაგება, როგორც პეტრეს მემკვიდრის უპირველესი მისია, პაპმა ლეონ XIV-მ ჯერ 28 მარტს, მონაკოს პრინცთან შეხვედრისას გააჟღერა, შემდეგ კი აფრიკის ოთხი ქვეყნის ქუჩებში, სტადიონებსა და ტაძრებში, ათასობით მორწმუნის გარემოცვაში, რომლებიც მცხუნვარე სიცხისა თუ ტროპიკული თავსხმა წვიმების მიუხედავად, ზეიმით ხვდებოდნენ მას.
წმიდა მამის მოწოდებები მიმართული იყო მშვიდობისკენ, რომელიც არ საჭიროებს გამოგონებას, არამედ მხოლოდ მიღებას. ეს სიტყვები მან წარმოთქვა კამერუნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბამენდაში, რომელიც სეპარატისტულმა ომმა დააზარალა. ალჟირში, სადაც მოსახლეობის 90% მუსლიმია, მან ძმობისკენ მოუწოდა ყველას, ხოლო ეკვატორულ გვინეაში, ბატას ციხეში, ღია ცის ქვეშ შეკრებილ 630 პატიმრის წინაშე მან სამართლიანობაზე ისაუბრა. ჭეშმარიტ სამართლიანობაზე, რომელიც აჯანსაღებს და კურნავს. ასევე, ნავთობითა და ალმასის საბადოებით მდიდარ ანგოლაში, სადაც მოსახლეობის 50% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, მან ისაუბრა რესურსების თანაბარი განაწილებისა და ყოველმხრივი განვითარების შესახებ.
პაპმა მოუწოდა ახალგაზრდებს აქტიურობისკენ, დაიცვან ადამიანის უფლებები, ღარიბთა და ქალთა ღირსება და მოუწოდა ყველას რწმენის შენარჩუნებისკენ. რწმენისა, რომელიც ერთადერთი სიმდიდრეა, რასაც ვერავინ წაგართმევს. ეს იყო იმპულსი, რათა ამ კონტინენტმა შეძლოს თავაწეული სვლა იმ მომავლისკენ, რომლის „შიმშილსაც“ მისი ხალხი განიცდის.

მოგზაურობა თურქეთსა და ლიბანში
აფრიკული მოგზაურობა დატვირთული იყო სიმბოლური სახეებითა და სიტყვებით. როგორც ალჟირისკენ მიმავალმა პაპმა განაცხადა, მას პონტიფიკატის დასაწყისიდანვე სურდა ამ ვიზიტის განხორციელება, თუმცა გადადო, რათა პრიორიტეტი მიენიჭებინა თავისი წინამორბედის, ფრანცისკეს სურვილისა და დაპირების შესრულებისთვის. ეს გულისხმობდა თურქეთში გამგზავრებას, რათა იზნიქში (ისტორიული ნიკეა) მონაწილეობა მიეღო ნიკეის საეკლესიო კრების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, შემდეგ კი ლიბანში ჩაფრენას, რათა ნუგეში ეცა ომით, კრიზისით, სიღარიბითა და მიგრაციული პროცესებით დაქანცული ხალხისთვის.
ეს მომლოცველობა, რომელიც 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაგრძელდა, მნიშვნელოვანი ბიძგი გახდა ეკუმენური გზისთვის. ამას მოწმობდა პატრიარქ ბართლომეოსთან გამართული შეხვედრები. ვიზიტმა ასევე შექმნა სხვა რელიგიების ლიდერებთან დიალოგის შესაძლებლობა და დაგვიტოვა ძვირფასი კადრები. მათ შორის პაპი, რომელიც მდუმარედ ლოცულობს ბეირუთის პორტის ნანგრევებთან (2020 წლის აფეთქების ადგილი) და პაპი ბკერკეში, 15 ათასი ლიბანელი და არამხოლოდ ლიბანელი ახალგაზრდის საერთო მხურვალე გარემოცვაში.

ახალგაზრდების გარემოცვაში
ამ თვეების განმავლობაში, იმედის იუბილეს მრავალრიცხოვანი საზეიმო ღონისძიებების დროს, პაპი უამრავ ახალგაზრდას შეხვდა.
ეს საიუბილეო წელი პაპმა ფრანცისკემ გახსნა, ხოლო 6 იანვარს, უფლია გაცხადების დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის წმინდა კარის დახურვით პაპმა ლეონ XIV-მ დაასრულა.
წმიდა წლის კულმინაციური მომენტი, უდავოდ, ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი იუბილე იყო (28 ივლისი – 3 აგვისტო). ამ დღეებში რომის ქუჩები სხვადასხვა ასაკისა და წარმომავლობის მილიონზე მეტმა გოგონამ და ბიჭმა გაავსო, რომლებიც შემდეგ ტორ ვერგატაში შეიკრიბნენ პაპ ლეონ XIV-თან ერთად ლოცვისა და წირვისთვის.
ეს იყო სახეების, შუქების, ფერებისა და დროშების ნამდვილი სანახაობა; ათასობით სმარტფონი მზად იყო პონტიფიკოსის იმ სიტყვების ჩასაწერად, რომლითაც მან ახალ თაობებს მოუწოდა, არ დაკმაყოფილდნენ ზედაპირულობით, არამედ შექმნან ავთენტური კავშირები, დაძლიონ ჰიპერკავშირის მიუხედავად არსებული გაუცხოება და ისწრაფვონ სიწმინდისკენ.

იმ დღეებიდან წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა პაპის მოულოდნელი გამოჩენა ჯიპით კონჩილიაციონეს ქუჩასა და წმინდა პეტრეს მოედანზე, რათა მისალმებოდა იუბილის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ უამრავ ადამიანს. „თქვენ ხართ ნათელი წუთისოფლისა!“ - მიმართა მოედანზე შეკრებილებს რომის ეპისკოპოსმა.
მოულოდნელობებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს 17 ოქტომბერს პაპის სტუმრობა ოსტიაში, გემზე Med25 Bel Espoir. ეს არის ხომალდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის პორტებში მოგზაურობს და რომლის ბორტზეც სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის 25 ახალგაზრდა იმყოფება. წმიდა მამა მშვიდობის მეზღვაურებთან ერთად იდგა, როგორც იმედის ნიშანი სიძულვილისა და ძალადობის გარემოცვაში.
შეიარაღება, ძალადობა, ძალისმიერი დომინირება
პაპმა აღმოსავლეთის ეკლესიების დახმარების გაერთიანებათა პლენარულ სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში დაგმო დაპირისპირებისა და შურისძიების ლოგიკა, იარაღით ვაჭრობა, რომელიც ახშობს სკოლებისა და საავადმყოფოების განვითარებას და ხელახალი შეიარაღების ცრუ პროპაგანდა. ეს მოწოდება მტკიცედ გაჟღერდა მშვიდობის 59-ე მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გზავნილშიც, რომელშიც პაპმა ამხილა ხალხთა შორის ურთიერთობის ირაციონალურობა, რაც ეფუძნება შიშსა და ძალისმიერ დომინირებას და არა სამართლიანობას, ნდობასა და დიალოგს.
დიალოგი არის, ალბათ, ის სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდებოდა წმინდა მამის პირველი წლის სიტყვებში, ქადაგებებში, მისალმებებსა თუ მსჯელობებში. დიალოგი, როგორც გასაღები ყველა ჩაკეტილი კარის გასაღებად და ხიდი ნებისმიერი უფსკრულის გადასალახად. პაპმა დიალოგისკენ მოუწოდა ეკლესიის შიგნითაც, რათა დაიძლიოს ის პოლარიზაცია, რომელიც ჭრილობებს აყენებს საეკლესიო სხეულს. ამის მაგალითია განხეთქილება Vetus Ordo-ს (ძველი რიტი) ირგვლივ, რის გამოც პაპმა, როგორც ფრანგი ეპისკოპოსებისადმი მიწერილ გზავნილში აღნიშნა, შეშფოთება გამოხატა. ამასთანავე, მან მოუწოდა კონკრეტული გადაწყვეტილებებისკენ, რაც საშუალებას მისცემს ეკლესიას, გულუხვად მოიცვას ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად არიან დაკავშირებულნი ძველ წესთან, ვატიკანის II საეკლესიო კრების მიერ ლიტურგიის სფეროში დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

დაპირისპირება ლიტურგიის ირგვლივ
ლიტურგიის საკითხი იყო იმ ოთხ თემას შორის, რომლებიც პაპმა 7 და 8 იანვარს ვატიკანში შეკრებილ 170-ზე მეტ კარდინალს წარუდგინა. ეს იყო პირველი, თუმცა არა უკანასკნელი (შემდეგი ივნისში იგეგმება) კონსისტორიუმი კარდინალთა კოლეგიის წევრებთან ერთად. ამ ღონისძიებით პაპს სურდა დაენერგა მუშაობის ახალი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია მოსმენაზე, ერთობლივ შრომასა და კოლეგიალობაზე – „ასე შეიძლება დაიწყოს რაღაც ახალი, რაც სასწორზე დებს აწმყოსა და მომავალს“, – აღნიშნა მან გახსნით სიტყვაში.
შეთავაზებული ოთხი თემიდან, ვატიკანში ორი დღით შეკრებილმა კარდინალებმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს ის საკითხები, რომლებზეც უნდა იმსჯელონ. ესენია სინოდი და სინოდალობა, ევანგელიზაცია და მისია ეკლესიაში Evangelii gaudium-ის ჭრილში.
ყურადღება მიგრანტების მიმართ
ეს ორი თემა მყარ კავშირს ქმნის პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატთან, რომელსაც ლეონ XIV საჯარო გამოსვლებისას უამრავჯერ ახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელმა პაპმა გადახედა წინამორბედის მართვის ზოგიერთ გადაწყვეტილებას (აღადგინა რომის ეპარქიის ცენტრალური სექტორი, გააუქმა წმინდა საყდრის შემოწირულობების კომისია და ბავშვთა მსოფლიო დღის კომიტეტი), მან მაინც გაიზიარა და ახალი ძალით წამოსწია მიგრაციის თემა. მან გამოიყენა მწვავე მამხილებელი სიტყვები იმ მოპყრობის მიმართ, რასაც ათასობით მიგრანტი აწყდება. ისინი თითქოს „ნაგავი“ ყოფილიყვნენ განაცხადა მან სახალხო მოძრაობებისადმი მიმართვისას, ან „ცხოველები“ - როგორც აღნიშნა ეკვატორული გვინეიდან დაბრუნებისას.

პაპი პირადად შეეხება მიგრაციულ ტრაგედიასა და მის შედეგებს 4 ივლისს, კუნძულ ლამპედუზაზე ვიზიტისას - მიწაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს 2013 წელს ბერგოლიოს ისტორიული სტუმრობა. ასევე, 6-დან 12 ივნისამდე დაგეგმილი ესპანეთის სამოციქულო მოგზაურობის ფარგლებში, იგი ეწვევა კანარის არქიპელაგს. მადრიდისა და ბარსელონას გარდა, რომის ეპისკოპოსი ჩავა გრან-კანარიასა და ტენერიფეზე, იმ ადამიანების ნაკადის შუაგულში, რომლებიც წლებია ამ ნაპირებს მოაწყდებიან.

„Dilexi te“ და მზერა ღარიბთა მიმართ
პაპის ეს მისია მიგრანტების მიმართ ყოველგვარი პოლიტიკური მიზნებისგან თავისუფალი და წმინდად პასტორალურია. ეს არის იმ მზერის ნაყოფი ყველაზე სუსტთა და ღარიბთა მიმართ, რომელიც სახარებისა და ეკლესიის მისიის ცენტრში დგანან. მან ეს შეგვახსენა თავის პირველ სამოციქულო ეგზორტაციაში „Dilexi te“, რომელსაც ხელი 4 ოქტომბერს მოაწერა. ეს პროექტი პაპმა ფრანცისკემ დაიწყო, ხოლო ლეონ XIV-მ განავრცო ღარიბთა მსახურების თემაზე, რომელთა სახეებშიც ჩვენ ვპოულობთ უდანაშაულოთა ტანჯვას. ამ მაგისტერიულ ტექსტში პაპი ამხილებს ეკონომიკას, რომელიც კლავს; უთანასწორობას; ქალთა მიმართ ძალადობას; არასათანადო კვებას; საგანმანათლებლო კრიზისსა და უთანასწორობის სტრუქტურებს, რომლებიც სიკეთის ძალით უნდა დაინგრეს.

ეკუმენიზმი და ქმნილება
პაპ ფრანცისკეს მიერ გაკვალული სხვა გზები, რომლებზეც ახლა ლეონ XIV ნაბიჯებს დგამს, არის დიალოგი, ეკუმენიზმი და ასევე ზრუნვა ღვთის მიერ შექმნილ სამყაროზე. ეს ძალისხმევა კიდევ უფრო განმტკიცდა 23 ოქტომბრის გამართული ისტორიული შეხვედრისას ინგლისის სამეფო წყვილთან ჩარლზ III-სა და კამილასთან. შეხვედრა სიქსტეს კაპელაში გაიმართა, სადაც შემოქმედი ღმერთის სადიდებელი მსახურება შესრულდა. ამ მოვლენამ გააძლიერა ერთობისკენ მიმავალი გზა და ისტორიული განხეთქილებების დაძლევის მცდელობა, რაც დღეს კიდევ უფრო სკანდალურად გამოიყურება.
ეს პოზიცია პაპმა ლეონ XIV-მ კვლავ დაადასტურა კენტერბერის არქიეპისკოპოსთან, სარა მალალისთან აუდიენციისას, რომელიც პირველი ქალია ანგლიკანური ეკლესიის პრიმასის თანამდებობაზე. იგი პაპმა 27 აპრილს მიიღო. ზუსტად სამოცი წლის შემდეგ, არქიეპისკოპოს მაიკლ რემზისა და წმიდა პავლე VI-ის დაუვიწყარი შეხვედრიდან, რომელმაც ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის პირველი თეოლოგიური დიალოგის დაწყება გამოაცხადა.

ტურნე იტალიაში
პეტრეს ტახტზე ყოფნის პირველ წელს, პაპს ჰქონდა 50 გენერალური აუდიენცია, ასამდე საჯარო თუ კერძო შეხვედრა და 60-ზე მეტი წირვა. ასევე უნდა გავიხსენოთ 20 ნოემბერს მისი პირველი ვიზიტი იტალიაში, ქალაქ ასიზში. ეს ვიზიტი მიეძღვნა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის (CEI) გენერალური ასამბლეის დასრულებასა და წმიდა ფრანცისკე ასიზელის საფლავზე ლოცვას მისი გარდაცვალების 800 წლისთავს.
უმბრიის ამ პატარა ქალაქში პაპი კვლავ დაბრუნდება 4 აგვისტოს, 2026 წლის იტალიის ეპარქიებში დაგეგმილი ხანგრძლივი ტურნეს ფარგლებში. ეს ტურნე 8 მაისს, მისი არჩევის წლისთავზე, პომპეისა და ნეაპოლიში სტუმრობით გაიხსნა. შემდეგ იქნება აჩერა, პავია – წმინდა ავგუსტინეს საფლავზე, უკვე ნახსენები ლამპედუზა და ასიზი. ასევე, იგი მიიღებს მონაწილეობას რიმინის შეხვედრაში, რაც იქნება პაპის პირველი სტუმრობა ამ ღონისძიებაზე ბოლო 30 წლის განმავლობაში და აღავლენს წირვას რიმინის ეპარქიის მორწმუნეებთან ერთად.

რეფორმები რომის კურიაში
2025-2026 წლებში პაპმა პირველი მნიშვნელოვანი შიდა დანიშვნებიც განახორციელა. ორი დიკასტერიის ხელმძღვანელად დაინიშნენ მისი აღმატებულება ფილიპო იანონე (ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტი) და ენტონი რანდაცო (საკანონმდებლო ტექსტების დიკასტერიის პრეფექტი); სახელმწიფო სამდივნოს ახალ შემცვლელად დაინიშნა არქიეპისკოპოსი პაოლო რუდელი, რომელმაც შეცვალა ედგარ პენია პარა.ეს უკანასკნელი ნუნციუსად დაინიშნა იტალიაში; პაპის სახლის პრეფექტად კი პეტარ რაიჩი გახდა. ასევე, ავგუსტინელი მამა ედუარდ დანიანგ დალენგი დაინიშნა პაპის სახლის პრეფექტურის ვიცე-რეგენტად, ხოლო ანტონი ონიემუჩე ეკპო სახელმწიფო სამდივნოს მრჩევლად. გარდა ამისა, დაინიშნენ ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსი რონალდ ჰიქსი და ვესტმინსტერის არქიეპისკოპოსი ჩარლზ ფილიპ რიჩარდ მოტი.
ლეონ XIV-მ დაიწყო ვატიკანის ფინანსური რეფორმის პროცესი. ვატიკანის ბანკს ჩამოართვა ინვესტიციებზე ექსკლუზიური უფლება და შემოიტანა გაზიარებული პასუხისმგებლობის პრინციპი წმიდა საყდრის ქონების მართვის ადმინისტრაციასთან ერთად. მან გამოსცა რომის კურიის ახალი რეგლამენტი და ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას წმინდა საყდრის სამუშაო გარემოში.

ახალი წლის მოლოდინში
ამგვარად, გასული თორმეტი თვე დაიტვირთა მნიშვნელოვანი ნიშნებითა და ორიენტირებით, სადაც უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები. მისიის ცენტრალურობა, ყურადღება პერიფერიებისადმი და აქტიური დიპლომატია კონფლიქტების მოსაგვარებლად. მომდევნო თვეები კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის პონტიფიკატის კვალს, რაც ხელს შეუწყობს პირველი ენციკლიკის გამოქვეყნებას და სხვა საერთაშორისო მოგზაურობებს. მათ შორისა ლათინურ ამერიკაში ვიზიტს, რომლის განხორციელების სურვილი თავად პაპმა ლეონ XIV-მ გამოთქვა.

შოთა გიქოშვილი





Comments