top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პრელატი დონ ივანე ანტონოვი (ანტონიშვილი)



"დონ ივანე ანტონიშვილი სახელოვანი და ამაგდარი მოღვაწეა, იგი პატივცემული გახლდათ მთელ ქართველ კათოლიკობაში, კათოლიკობას გარდა, მას ქართველობაც კარგად იცნობდა. დონ ივანე გორის მკვიდრთაგანი გახლდათ.


დონ ივანემ საქართველოს ისტორიაც კარგად იცოდა, საქართველოს საქმეებს იგი კარგად იცნობდა, ამიტომ იგი საქართველოს ერის ბედზედ ერთობ გულ–დაწყვეტილი იყო და უმადური. ქართული ენაც ჩინებულად იცოდა, წერაშიაც გახლდათ დახელოვნებული.

დონ ივანემ სწავლა–განათლება მიიღო რომში, პაპი ურბან მერვის კოლეგიაში, სწავლა დაასრულა 1874 წ. მიიღო დიპლომი ფილოსოფიის და მღვთის–მეტყველების პროფესორობის, ამავე წელს, იგი ეკურთხა მღვდლად და მის შემდეგ იგი დანიშნეს ქუთაისის კათოლიკეთ ეკლესიის წინამძღვრად. ევროპელთ ენებს შორის დონ ივანემ პოლონურიც კარგად იცოდა.


კათოლიკეთა სასულიერო წოდებაში, მან მალე დაიმსახურა დიდი სახელი და პატივისცემა. მისი ნიჭიერება რომის ტახტმაც შეიტყო. იგი მალე დააწინაურეს, სარატოვის ეპისკოპოსმა მიიწვია სემინარიის რექტორად და მასთანვე ფილოსოფიის და მღვთის მეტყველების პროფესორად, ამ საგნებს იგი მოწაფეებს ევროპულის ენებით ასწავლიდა.


1902 წ. საქართველოში გიახლათ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ეს პირველი მაგალითი იყო XIX საუკუნეში. ეპისკოპოსს თან მოჰყვა დონ ივანე. ეპისკოპოსმა პირველად ტფილისის კათოლიკეთ ძველს ეკლესიაში სწირა, სადაც თანამწირველად გახლდათ დონ ივანეც. წირვაზედ დიდი ძალი საზოგადოება იყო მოწვეული. წირვის დროს, დონ ივანემ ქართულად იქადაგა, ამის ქადაგებამ მსმენელებზედ კარგი გავლენა იქონია, ნამეტურ აღტაცებული იყო ილია ჭავჭავაძე, ეს მწერალი იმ დღიდამ დიდის თავაზით და პატივისცემით იხსენიებდა დონ ივანეს სახელს.


ამბობენ, რომ დონ ივანეს თურმე ტერ–აბრამიანი ოსტატურად ატყუილებდა, ვიდრე ტერ–აბრამიანი ახალციხის კათოლიკეთ ეკლესიების უფროსობას მიიღებდა, მანამ იგი თურმე ქართველობდა და ამით ხიბლავდა დონ ივანეს, ესეც თურმე რომის ტახტის წინაშე სახელს უკეთებდა, რომ აბრამიანს დროით მიეღო უფროსობა. ეს მალეც მოხდა. აბრამიანი განდიდების შემდეგ, სხვა მელად გამოჩნდა, ქართველების დაჩაგვრაც დაიწყო. ეს გარემოება კი დონ ივანეს დიდათ ადარდებდა. ამ გარემოებამ მეტად ცუდათ იმოქმედა დონ ივანეზედ.


დონ ივანეს შესახებ მოვიყვანთ აქ პატარა წერილს, რომლის დაწერაც ეკუთვნის პატრი ბერნარდე განზეს, ტომით ნემენცს, ქართული ენის კარგად მცოდნეს.


„დონ ივანე დაიბადა 7 დეკ. 1846 წ. ქ. გორში. დაასრულა ქუთაისის გიმნაზია 1865 წ. , რომლის შემდეგ გაემგზავრა რომში, სადაც სწავლობდა პაპი ურბანოს კოლეგიაში, რომელიც დაასრულა 1874 წ. და მიიღო დიპლომი პროფესორისა ფილოსოფიისა და მღვთის–მეტყველებისა. ეკურთხა ქ. სმირნას (მცირე აზიაში) და ამავე წელს (1874 წ.) დანიშნულ იქმნა ქუთაისში, თანაშემწეთ მოხუც მოძღვრისა დონ ანტონი გლახოვისა, როლის სიკვდილის შემდგომ ე.ი. 1879 წ. მიიღო დანიშნულება მისივე და იქმნა მთავარ–მოძღვრად ამავე ქუთაისის ეკლესიისა და ასწავლიდა საქრისტიანო მოძღვრებას გიმნაზიებში და სასწავლებლებში.


1883 წ. ეპისკოპოსმა ცოტმანმა მიიპატიჟა კათოლიკეთ სარატოვის სემინარიაში და დაადგინა ინსპექტორად და პროფესორად სემინარიისა და აგრეთვე დამცველად ქორწილობის კანონ–რიგთა.


ეპისკოპოსმა ბარონმა ფონ–დერ–როპპმა გახადა რექტორად ამავე სემინარიისა და ასესორად კონსისტორიისა 1903 წ. ამავე წელს, წმ. მამამ პიო X-ემ შუამდგომლობით ამავე ეპისკოპოზისა გახადა თავის პრელატად და პროტონოტარიუსად სამოციქულო ტახტისა – ad instar participantium.


1908 წ. გახდა ავად სარატოვში და გადმოვიდა სამშობლოში 1910წ.


გარდაიცვალა თფილისში 1912 წ. 25 დეკემბერს. დასაფლავებულია წმ. პეტრე–პავლეს ეკლესიის გალავანში".


ზაქარია ჭიჭინაძე, 1819 წ. 

bottom of page