top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რა წერია დეკლარაციაში ერთნაირსქესიანი წყვილის კურთხევის შესახებ

18 დეკემბერს, რწმენის სწავლების კონგრეგაციამ გამოაქვეყნა დეკლარაცია “Fiducia Supplicans”, რომელსაც ხელს პაპი ფრანცისკე აწერს. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესაძლებელი ხდება ერთნაირსქესიან წყვილების მიეცეთ კურთხევა, ოღონდ ეს არ უნდა ჰგავდეს რაიმე სახის რიტუალს ან იმიტირებულ ქორწინების საიდუმლოს. 



დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ეკლესიაში არსებული სწავლება ქორწინების შესახებ უცვლელი რჩება, შესაბამისად, კურთხევა არ გულისხმობს, რომ კათოლიკე ეკლესია ერთნაირსქესიანთა კავშირს იღებს.

 

„ორი ადამიანის მიერ კურთხევის თხოვნაზე, თუნდაც მათი, როგორც წყვილის მდგომარეობა არასტანდარტული იყოს, ხელდასხმულ მღვდელს შეუძლია თანხმობა მისცეს, მაგრამ მის მიერ გამოხატული ჟესტი რაიმე სახით არ უნდა შეიცავდეს ან არ უნდა იყოს ქორწინების საიდუმლოს მსგავსი“.

 

“Fiducia Supplicans”დოკუმენტი უღრმავდება კურთხევის თემას და რიტუალურ/ ლიტურგიულ კურთხევებს განასხვავებს სპონტანური კურთხევისგან. სწორედ „სპონტანური კურთხევის მიღება შეუძლიათ მათ, რომლებიც არ ცხოვრობენ ქრისტიანული სწავლების ნორმების თანახმად, მაგრამ თავმდაბლად ითხოვენ დალოცვას“. 

 

დოკუმენტის შესავალში რწმენის სწავლების კონგრეგაციის პრეფექტი, კარდინალი ვიქტორ ფერნანდესი განმარტავს, რომ დეკლარაცია აღრმავებს კურთხევების სამწყსო მნიშვნელობას, ამდიდრებს და აფართოებს მათ კლასიკურ გაგებას, პაპ ფრანცისკეს სამწყსო შეხედულებებზე დაფუძნებულ საღვთისმეტყველო რეფლექსიებით: „არასტანდარტულ სიტუაციაში  კურთხევების აქამდე დამკვიდრებული წესი, ერთსქესიან წყვილთა კურთხევების ჩათვლით, არ უნდა იქნას აღიარებული, როგორც რაიმე ოფიციალური სტატუსის მქონე, ასევე მან რაიმე სახით არ უნდა შეცვალოს ეკლესიის მრავალწლიანი სწავლება ქორწინების საიდუმლოს შესახებ“. 

 

დეკლარაცია ხაზგასმით მიუღებლად მიიჩნევს „რაიმე სახის რიტუალისა და ლოცვის აღვლენას, რომლებიც შესაძლოა დაბნეულობას იწვევდნენ კონსტიტუციურად მიჩნეულ ქორწინებაში, რათა რაიმე სახით არ იქნას ქორწინების საიდუმლოდ მიღებული ის, რაც საიდუმლო არ არის“.

 

დეკლარაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კათოლიკური სწავლება უცვლელია და მის თანახმად, სქესობრივი კავშირი ქორწინების საიდუმლოში დასაშვებია მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.

 

დოკუმენტის მეორე, ვრცელ ნაწილში (7-30 პარაგრაფები) გაანალიზებულია სხვადასხვა კურთხევის არსი, რომლებიც მიმართულია ადამიანების, ნივთების, საკულტო ნაგებობის, საცხოვრებელი ადგილების მიმართ. ის შეგვახსენებს, რომ, მკაცრი ლიტურგიული გადასახედიდან, კურთხევა საჭიროა, რათა ის, ვინც ან რაც ხდება კურთხევის ობიექტი, შესაბამისობაში იყოს ღვთის ნებასთან, რაც გამოხატულია ეკლესიის სწავლებაში.

 

„როდესაც ადამიანთა გარკვეული კავშირის კურთხევა ხდება კონკრეტულ ლიტურგიულ რიტუალში, აუცილებელია, რომ ის, ვინც  კურთხევას იღებს, შესაბამისობაში იყოს ღვთის გეგმასთან. [11] სწორედ ამიტომ, ეკლესიას არ აქვს უფლება, ლიტურგიული კურთხევა მისცეს არასტანდარტულ ან  ერთნაირსქესიან წყვილს.  თუმცა, ამავდროულად, თავიდან უნდა იქნას აცილებული კურთხევის მნიშვნელობის მხოლოდ ამ თვალსაზრისამდე დაყვანის  რისკი. უბრალო კურთხევის მოთხოვნისას, გათვალისწინებული უნდა იყოს იგივე ზნეობრივი პირობები, რაც ზიარების მისაღებად აუცილებელია(12).“

 

კურთხევების გაანალიზებს შემდეგ, დოკუმენტი საუბრობს სამწყსო-საღვთისმეტყველო გაგებაზე. „ის, ვინც  კურთხევას ითხოვს, აჩვენებს, რომ საჭიროებს საკუთარ ისტორიაში ღვთის არსებობას, სწორედ ამ გზით იგი ღმერთს წყალობას შესთხოვს (21).

 

ეს თხოვნა მიღებული და შეფასებული უნდა იყოს ლიტურგიის მიღმა, სპონტანურობისა და თავისუფლების მდგომარეობაში (23).

 

კურთხევა უნდა შეფასდეს, როგორც ღვთისმოსაობის აქტი, ამიტომ, მათი აღსრულებისათვის არ არის აუცილებელი წინასწარი ზნეობრივი სრულყოფილება, როგორც მათი მინიჭების წინაპირობა“.

 

ამ განსხვავებების ჩაღრმავებისა და გასული წლის ოქტომბერში კარდინალებისათვის პაპ ფრანცისკეს მიერ გაცემული პასუხების შესაბამისად,  უნდა განვიხილოთ შესაძლო კურთხევის ფორმები, რომლებსაც ითხოვს ერთი ან რამდენიმე პირი, რომლებიც არ ავრცელებენ ქორწინების შესახებ დამახინჯებულ სწავლებას (26)“.

 

დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ამ ტიპის კურთხევა ყველას შეუძლია მიიღოს და ადამიანებს განცდა მისცეს, რომ მიუხედავად შეცდომებისა მამაზეციერი მათ სიკეთეს უსურვებს და იმედოვნებს, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს გაიხსნებიან ამ სიკეთის მისაღებად (27).

 

„არსებობს სხადახვა შემთხვევა, როცა ადამიანები სპონტანურად მიდიან სასულიერო პირთან და სთხოვენ კურთხევას, მაგალითად: მომლოცველობისას, სალოცავებში თუ უბრალოდ ქუჩაში, როცა გზად მღვდელს ხვდებიან. ასეთი სახის კურთხვა ყველასთვის არის და არავინ არ უნდა იყოს გათიშული ასეთი ტიპის კურთხევისგან (28)“. 

 

მაშასადამე, მსგავს შემთხვევებში პროცედურების ან რიტუალების გამოყენების აკრძალვის შენარჩუნებით, ხელდასხმულ მღვდელს შეუძლია შეუერთდეს იმ ადამიანების ლოცვას. მიუხედავად იმისა, რომ მათი კავშირის გაიგივება  ქორწინების საიდუმლოსთან დაუშვებელია, თუმცა მათ სურთ თავი მიანდონ უფალს და მის გულმოწყალებას; მოუხმონ მას დასახმარებლად; მიაღწიონ მისი სიყვარულის გეგმისა და ჭეშმარიტების უკეთ გაგებამდე (30).

 

დეკლარაციის მესამე თავი (პარაგრაფი 31-41) საუბრობს ისეთი კურთხევის შესახებ, რომელიც არის ჟესტი მათ მიმართ, ვინც თვლის, რომ სჭირდება დახმარება, მაგრამ თავისი სტატუსის იურიდიულ აღიარებას არ საჭიროებს. ამის მიუხედავად, იგი შესთხოვს ღმერთს, რომ მისი გზა იყოს ჭეშმარიტი, კეთილი და ადამიანურად სწორი.

 

„ასეთი კურთხევა არ უნდა იქცეს ნორმად, არამედ უნდა დარჩეს „კონკრეტულ სიტუაციაში პრაქტიკულ გამოხატულებად (37)“.

 

„მიუხედავად იმისა, რომ იკურთხება წყვილი და არა კავშირი, დეკლარაცია ნაკურთხთა შორის მოიაზრებს ორ ადამიანს შორის ლეგიტიმურ ურთიერთობას. მოკლე ლოცვაში, რომელიც შეიძლება წინ უსწრებდეს ამ სპონტანურ კურთხევას, ხელდასხმულმა მღვდელმსახურმა შეიძლება ითხოვოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, სული მოთმინებისა, დიალოგისა და ურთიერთდახმარებისა, ღვთის სინათლისა და ძალისა, რათა ამ ადამიანებმა შეძლონ ღვთის ნების სრულად აღსრულება(38)“.

 

დეკლარაციაში ასევე განმარტებულია, რომ ნებისმიერი ფორმის სკანდალისა და დაბნეულობის თავიდან აცილების მიზნით, არასტანდარტული წყვილის ან ერთნაირსქესიანთა წყვილის კურთხევა, (რომლებსაც ეს სურთ) არასდროს უნდა  შესრულდეს იმ კონტექსტში, როგორც სამოქალაქო ქორწინების ან მასთან დაკავშირებულ რიტუალებში ხდება. ასევე არ უნდა იყოს გამოხატული ჯვრისწერისათვის განკუთვნილი მღვდლის შესამოსელით, ჟესტებითა და სიტყვებით, რაც ქორწინების საიდუმლოს ახლავს (39).

 

კურთხევის ფორმამ შეიძლება იპოვოს სხვა კონტექსტი. ისეთები, როგორებიცაა წმინდა ადგილების მოლოცვა, მღვდელთან შეხვედრა, ჯგუფთან ან მომლოცველობისას წარმოთქმული საერთო ლოცვა (40).

 

და ბოლოს, მეოთხე თავი (პარაგრაფი 42-45) შეგვახსენებს, რომ თუნდაც ღმერთთან ურთიერთობა ცოდვის გამო დაბნელდეს, ყოველთვის შეგვიძლია მას ვთხოვოთ კურთხევა მისკენ ხელის გაწვდით, ხოლო კურთხევის წყურვილი შეიძლება იყოს კარგი შესაძლებლობა ზოგიერთ სიტუაციაში (43).

 

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

bottom of page