top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რისი იმედი აქვს ჩვენს ქვეყანას?

ree

ცხადია, ბევრი დასვამს ამ კითხვას, რომელიც არც რიტორიკულია და არც აზრს მოკლებული. ჩვენმა ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ, წლევანდელი იმედის წმიდა წლის დასაწყისში, ამ საკითხთან დაკავშირებით, სამწყსო წერილში (გვ.18) თავისი მოსაზრება შესთავაზა საქართველოს კათოლიკეებს.


დასავლეთ „საქართველოს კარიტასის“ თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე ამ კითხვას ასეთი პასუხი გასცეს: „ქართველები არიან თავიანთი ქვეყნის იმედი“.


პასუხი თავისთავად საინტერესოა და მასში შეიძლება დავინახოთ პასუხისმგებლობაც და განზოგადებული მიდგომაც; ეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხის რეალობა ძალზე მრავალფეროვანია და სავსეა მოულოდნელობებით: დაფიქრდით, რამდენმა დატოვა ან განიხილავს საქართველოდან წასვლის საკითხს უკეთ ანაზღაურებადი სამუშაოს საძიებლად, და მართლაც, რამდენ ოჯახს შეუძლია მშვიდად ცხოვრება სწორედ ამ ნაბიჯის გამო... ისიც უნდა ითქვას, რამდენი ადამიანი ჩამოდის საქართველოში სამუშაოდ, სასწავლებლად... რათა შეავსონ ქვეყნიდან წასული ადამიანების მიერ დატოვებული ცარიელი ადგილები და ზოგჯერ ბატონ-პატრონებივით იქცევიან, და რით შეიძლება შეიცვალოს ოჯახის სიმყიფე, რომელთა შვილებიც ხშირად ბედის ანაბრად არიან მიტოვებულები. დავფიქრდეთ ნახევრად ცარიელ პარლამენტზე, რომელიც ძალზე მარტივად ამუშავებს და იღებს კანონებს გარე ინვესტიციებზე დაყრდნობით, და იმ პარლამენტარებზე, რომლებიც პროტესტის ნიშნად იქ არ შევიდნენ და რომლებიც, მომხდარი ფაქტის შემდეგ, უკეთესი იქნებოდა, საპირისპიროდ რომ მოქცეულიყვნენ.


ალბათ იმედი მათგან მოდის, რომლებიც თბილისსა და სხვა ქალაქებში ერთ წელზე მეტია შეუპოვრად აწყობენ დემონსტრაციებს დაპატიმრებებისა და ძალადობის წინააღმდეგ... ან მათგან, რომლებიც ტაშისკვრით ხვდებიან მთავრობის ქმედებებს, რათა ისინი დახურული სისტემის ნაწილი გახდნენ, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია, იმ შეღავათების დაკარგვის ფასად, რომლითაც ახლა სარგებლობენ? იქნებიან კი იმედის ნიშნები ჩვენი ქალაქების ახლად არჩეული მერები, რომლებმაც ხმის უმრავლესობა მიიღეს ამომრჩეველთა მცირე ნაწილისგან, თუ ისინი, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ და დაბალ ხელფასსაც კი ამჯობინებენ, რათა თავიანთი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტი პრინციპებისადმი ერთგული დარჩნენ, მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში: ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, მასმედია, პოლიტიკა... და მსოფლიო წარმატებასაც კი აღწევენ? საგანმანათლებლო რეფორმა ნამდვილად ჩაუსახავს იმედს ახალგაზრდა თაობას თუ, უბრალოდ, კიდევ უფრო გააკონტროლებს სტუდენტებისა და მასწავლებლების სამყაროს? განა რეფორმამ არ უნდა შეამოწმოს რამდენად მომზადებული არიან აბიტურიენტები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და არის თუ არა კერძო მასწავლებელზე დახარჯული თანხა საუკეთესო გამოსავალი? ცხადია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების შესახებ კანონი ძირს უთხრის იმ მცირე სიკეთეს, რის გაკეთებასაც ცდილობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „საქართველოს კარიტასი“, რომელიც 30 წელზე მეტია ზრუნავს ამ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე და ხშირად სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის?


ree

ჩაგვისახავენ იმედს ის ქართველები, რომლებმაც უკვე მესამედ განაცხადეს უარი ჩვენს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის გახსნაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ საფუძვლიანი მიზეზი არ წარუდგენიათ, ამით მხოლოდ დაადასტურეს, რომ ყველაფერი დამყარებულია ფულსა და ნეპოტიზმზე? იქცევიან იმედის წყაროდ ის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ საკულტო ნაგებობებში იმ მიზნით შედიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას მოწყდნენ, სანთელი დაანთონ, მექანიკურად გაიმეორონ ლოცვა, ან უყოყმანოდ მიიღონ რაიმე რჩევა? აღარაფერს ვამბობ იმ ქრისტიანებზე, რომლებიც კვლავ დადიან სხვის ეკლესიებში, მაგალითად, ყოფილ კათოლიკურ ტაძრებში, რომლებიც თავიდან აკურთხეს მართლმადიდებლურ ეკლესიებად, რითაც უგულებელყოფენ ადამიანური თანაარსებობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მცნებას: „არ იპარო“? და ეს უწესრიგო მოძრაობა, ზღვის პირას, გორაკების ფერდობებზე აღმართული მაღალი შენობები, მუდმივად გადატვირთული რესტორნები, დღითიდღე გაძვირებული პროდუქტებით გადავსებული სუპერმარკეტები... ნუთუ ეს ყველაფერი ნამდვილად გვისახავს იმედს ამ ქვეყანაში?


და მაინც, ხალხი, თავისი არჩევანით, აშენებს ან ანგრევს, აგროვებს ან ფანტავს, აღვივებს ან ახშობს იმედს არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არა მხოლოდ დღევანდელი დღისათვის; მაგრამ რამდენად მეტ თავისუფლებას, პასუხისმგებლობასა და სამართლიანობას ითხოვს ეს საქვეყნოდ აღიარებული, გალანძღული, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ურყევი იმედი!


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა", 2025, დეკემბერი





Comments


bottom of page