top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოს დროშით, პირველი და უკანასკნელი შეხვედრა პაპთან

ქართველი დიაკვანი კონსტანტინე აკოფაშვილი ის ერთადერთი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI–ს დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა. ისევე როგორც პირველი შეხვედრისას, კონსტანტინე პაპს ბოლოჯერაც, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშით დაემშვიდობა.



2023 წლის 5 იანვარს, წმინდა პეტრეს მოედანზე, ემერიტუს პაპთან დასამშვიდობებლად მისულ ათასობით მორწმუნეს შორის, ერთი ქართველი სასულიერო პირი იდგა.


კონსტანტინე აკოფაშვილი ამბობს, რომ ცერემონიაზე დასასწრებად სპეციალურად დარეგისტრირდა. დაკრძლვაზე მისული კი, შემთხვევით წინა ხაზზე აღმოჩნდა: „ძალიან სწრაფად დავრეგისტრირდი და ძალიან სწრაფადვე მომცეს თანხობა. ცერემონიაზე მისულს, მეგონა, რომ უკან, როგორც ჩვეულებრივი მორწმუნე მრევლი ისე დავდგებოდი, მაგრამ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი წინა ხაზზე, იქ, სადაც ჩემნაირი დიაკვნები იდგნენ. ისე მოხდა, რომ წირვის დროს, მრევლს ზიარებაც კი გადავეცი“, – ამბობს კონსტანტინე.


ბენედიქტე XVI პირველი პაპია, რომელსაც კონსტანტინე შეხვდა. მაშინ, 2011 წელს, ჯერ ისევ სემინარიელი იყო. შეხვედრა ესპანეთში, ქალაქ მადრიდის კათედრალში იმართებოდა: „ძალიან ვგულშემატკივრობდი და მიყვარდა ბენედიქტე. ცხოვრებაში სულ ორ პაპს შევხვდი და პირველი პაპი სწორედ ბენედიქტე იყო. 19 წლის ვიყავი, სემინარიაში ვსწავლობდი, მადრიდის საკათედრო ტაძარში პაპთან სემინარიელების შეხვდრა გაიმართა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ძალიან შორიდან ვხედავდი პაპ ბენედიქტეს. სხვათა შორის, მაშინაც იგივე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მქონდა მხრებზე, დღესაც ამ დროშით წავედი მასთან გამოსამშვიდობებლად. მინდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკელსიაც გამოჩნილიყო ცერემონიაზე, რადგან ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ტრადიციულობა და რწმენა“.


ქართველი კათოლიკე დიაკვანი ამბობს, რომ ბენედიქტეს მოღვაწეობა მისთვის თავმდაბლობისა და რწმენის მაგალითი იყო.


„მისგან ყველაზე დიდი მაგალითი ჩემთვის თავმდაბლობა იყო, რომელიც მან თავისი გადადგომით გვაჩვენა. თავმდაბლობის ამაზე დიდი, ცოცხალი მაგალითი არასდროს მინახავს. მერე ხშირად ვფიქრობდი ამაზე. ზოგჯერ, ჩვენ ადამიანებს ჩვენი მცირე საქმიანობის დატოვება გვიძნელდება ხოლმე და ალბათ როგორი რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. წლების განავლობაში, მისი პიროვნების უკეთ გასაცნობად, არაერთი მისი ნაშრომი წავიკითხე. მათ შორის „იესო ნაზარეველი“, „შესავალი ქრისტიანობაში“ და ა.შ. ამ წიგნებმა აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში, მიუხედვად იმისა, რომ გასაგებად რთული იყო, ძალიან საინტერესოდ იკითხებოდა“, – იხსენებს დიაკვანი და ამატებს, რომ არასდროს დაივიწყებს მის ფრაზას: „მე არ ვემზადები სიკვდილისთვის, არამედ შეხვედრისთვის“...


კონსტანტინე აკოფაშვილი 2022 წლის 4 ივლისს, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ დიაკვნად აკურთხა. რის შემდეგაც იგი იტალიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა.


„ეპისკოპოსის [ჯუზეპე პაზოტო]ლოცვა–კურთხევით წავედი იტალიაში, რათა ავიმაღლო ხარისხი. აქ ვსწავლობ რომში, პაპის სახელობის სალელთა უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე. პირდაპირი თარგმანით ჩემს ფაკულტეტს „ახალგაზრდული სამწყსო ქმედება“ ჰქვია. ვინაიდან ბოლო 3 წელი, საქართველოში „კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრში“, ახალგზრდებთან ვმუშაობდი, ეპისკოპოსმა როგორც ჩანს, ჩემში შეამჩნია ეს ქარიზმა. ამიტომ ახლა ვსწავლობ ზუსტად იმ ფაკულტეტზე, სადაც ყველა საგანი დაკავშირებულია ახალგაზრდებთან: ახალგარზდების ფსიქოლოგია, სოციალოგია, კატეხიზაცია და ა.შ.“, – ამბობს კონსტანტინე.


რომში, პაპის სახელობის სალელთა უნივერსიტეტში სწავლა 2022 წლის სექტემბერში დაიწო. ამბობს, რომ მისთვის ეს ხარისხი მნიშვნელოვანია. იტალიაში მისი ცხოვრების ერთი ნაწილი სწავლას, მეორე კი მსახურებას უჭირავს: „სამრევლოში ვცხოვრობ და როგორც დიაკვანი ისე ვმუშაობ, პარალელურად კი უნივერსიტეტში ვსწავლობ.

დილიდან უნივერსიტეტში ვარ, საღამოს კი სამრევლოში. აქ დღეში ორი წირვაა, კვირას კი, ექვსიც. მინდა მიღებული გამოცდილება ჩემს მომავალ საქმიანობაში ეფექტურად გამოვიყენო“, – ამბობს დიაკვანი კონსტანტინე აკოფაშვილი.


თაკო ფეიქრიშვლი
bottom of page