top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სულიერი წვრთნები წეროვანში – მამა პაატა ქომოშვილი

7 minutes ago
2 min read

რა არის სულიერი ვარჯიშები?

რატომაა საჭირო და რა არის მისი მიზანი?


პირველ ყოვლისა, სულიერ ვარჯიშებს სასულიერო პირებს (მღვდლებს) ავალდებულებს თვით კათოლიკე ეკლესიის სამართლის კოდექსის §276, 2 და 4 მუხლები, რომ თითოეულმა მღვდელმა სულიერი ვარჯიშები უნდა გაიაროს. მიზანია: „ღმერთთან ერთობის შენარჩუნება, სამწყსო გულმოდგინების განახლება და სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა. ამავე მუხლებში საუბარია სამღვდლო ვალდებულებებზე: „ყოველდღიური წმ. წირვა, წმ. წერილის კითხვა და ჟამთა ლიტურგიის აღსრულების ვალდებულება”.


სულიერი ვარჯიშები არის დრო მხოლოდ ღმერთისთვის, სადაც მონაწილე პირი იმყოფება მდუმარებაში, ლოცვასა და მედიტაციაში, ე.ი. მოსმენის მდგომარეობაში. ძველი აღთქმიდან გაგვახსენდება პირველი და მთავრი მცნება: „შმა“ - ისმინე, რაც არის ყოვლისმომცველი სიტყვა. ღმერთის მომსმენი, მისი სიტყვის შემსრულებელის ტოლფასია. ამიტომ ესაა პეროდი, სადაც ადამიანი - მღვდელი უსმენს ღმერთს, იგი უპირატესად წმ. წერილის მეშვეობით გვესაუბრება. სულიერი ვარჯიშების მთავარი წინამძღოლი არის არა მქადაგებელი, არამედ სული წმიდა, მქადაგებელი კი - დამხმარე.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მღვდელს დიდი ფუნქცია აქვს, მისი სამწყსო, სოციალური, საქველმოქმედო თუ სხვა საქმიანობიდან გამომდინარე; ამ საქმეებმა ადამიანი შეიძლება გადასანსლონ, შთანთქას, ეს კი რისკია, ამიტომ საჭიროა განახლება, გადახედვა, ხელახლა შეკვრა („რეკოლექცია“), რათა ცენტრი მუდამ ქრისტე მხსნელი იყოს და სასულიერო პირი, მხოლოდ მისი მსახური.


მიზანი კი არის საკუთარი და საკრებულოებრივი მდგომარეობის უკეთ დანახვა, განახლება და ქრისტე მხსნელის ცენტრად ქცევა.


მე პირადად ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი მეუფისა, რომ იგი ბოლო წლებია ზრუნავს ქართველ კათოლიკე სასულიერო პირებზე ამ მხრივაც, რომ გვქონდეს ეს ძღვენი - სულიერი ვარჯიშები. მე ძალიან მიყვარს და დიდად ვაფასებ ასეთ პერიოდს, ის ძალზედ საჭიროა.


მიმდინარე წლის 21-25 სექტემბერს წეროვანში (მცხეთა) გაიმართა სულიერი ვარჯიშები მღვდელთა და ბერ-მონაზონთათვის. მქადაგებელი გახლდათ - იტალიელი ბენედიქტელი მღვდელ-მონაზონი - მამა ფაბრიციო, სუბუაკოს მონასტრიდან.



ამ წვრთნებისას რაიმე კონკრეტული თემა არ ყოფილა, არამედ საუბარი იყო წმ. პავლე მოციქულის 3 სამწყსო წერილზე, ტიმოთესა (2) და ტიტესადმი, სადაც თემათა მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. თუმცა უპირველესად, ვმედიტირებდით ღვთისა და საკუთარ ანუ ჩვენს იდენტობაზე. ასევე როგორც წერილებში ჩანს ქრისტეს ცენტრალურობა, რომელიც მხსნელია. საუბარია მადლიერებაზე, მოძღვრების ჭეშმარიტებაზე, სამწყსო საკითხების, პრობლემების ქრისტიანულად გადაჭრა-მოგვარებაზე, პავლესეულ შეგონებებზე და გაფრთხილებებზე.


განვლილი ხუთი დღე გაჯერებული იყო ღვთის სიტყვით, მასზე ფიქრითა და ჩაღრმავებით, ასევე ყოველდღიურად იყო წმ. ძღვენების თაყვანისცემა, სავარდის ლოცვა და რაღა თქმა უნდა - ევქარისტია.


მადლობა ღმერთს, ამ დღეებისათვის! მადლობა მამა ფაბრიციოს! ვფიქრობ, დავბრუნდით საკრებულოებში სულიერად განახლებულნი, რათა შემართებით და სიხარულით შევუდგეთ ახალ სამწყსო წელს. დაე, უფალი იყოს ჩვენი შემწე და წინამძღოლი! ნაყოფიერ წელიწადს გისურვებთ!


მამა პაატა ქომოშვილი
კათოლიკე ეკლესიაში სამხრეთ საქართველოს დეკანი

Comments


bottom of page