ტრამპი: 'წმიდა მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაული ამერიკისთვის მნიშვნელოვანი დღეა'
- catholic.ge
- 1 hour ago
- 2 min read
ყოვლადწმინდა მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპრეცედენტო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პატივი მიაგო იესოს დედის, მარიამის რწმენას, თავმდაბლობასა და სიყვარულს. ასევე მისი, როგორც ღვთის დედის თავისუფლებას პირველქმნილი ცოდვისგან.
სრულად გთავაზობთ, ყოვლადწმინდა მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე გამოქვეყნებულ მიმართვას:
“დღეს მე ვაღიარებ ყველა ამერიკელს, ვინც 8 დეკემბერს აღნიშნავს, როგორც დღესასწაულს, რომელიც პატივს მიაგებს მარიამის, იესოს დედისა და ბიბლიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, რწმენას, თავმდაბლობასა და სიყვარულს.
ყოვლადწმინდა მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე, კათოლიკეები აღნიშნავენ იმას, რასაც ისინი მარიამის, როგორც ღვთისმშობლის, პირველქმნილი ცოდვისგან განთავისუფლებას უწოდებენ. მარიამი პირველ ჩანაწერებში ჩნდება, როგორც ახალგაზრდა ქალი და წმიდა წერილის თანახმად, ნაზარეთის სოფელში მას ანგელოზმა გაბრიელმა სასწაულებრივი ამბავი ახარა და მიესალმა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი “, - აუწყა, რომ დაორსულდებოდა და შობდა ძეს, რომელსაც სახელად იესოს უწოდებდა.
ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვან მომენტში, მარიამმა გმირულად მიიღო ღვთის ნება ნდობითა და თავმდაბლობით: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს შენი სიტყვისამებრ“. მარიამის გადაწყვეტილებამ სამუდამოდ შეცვალა კაცობრიობის ისტორია. ცხრა თვის შემდეგ, ღმერთი გახდა ადამიანი, მარიამმა შვა ძე იესო, რომელმაც ჯვარზე სიცოცხლე გასწირა კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად და სამყაროს სახსნელად.
მარიამის უმანკოდ ჩასახვა მორწმუნეებს იესოს მომავალი დაბადებისაკენ მოასწავებს.
თითქმის 250 წლის განმავლობაში, მარიამს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩვენი დიდი ამერიკის ისტორიაში.
1792 წელს, ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დასრულებიდან ათ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, ეპისკოპოსმა ჯონ კეროლმა - შეერთებულ შტატებში პირველმა კათოლიკე ეპისკოპოსმა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერის, ჩარლზ კეროლის ბიძაშვილმა, ჩვენი ახალგაზრდა ერი ქრისტეს დედას მიუძღვნა. მეოთხედ საუკუნეზე ნაკლები პერიოდის შემდეგ, კათოლიკეები გენერალ ენდრიუ ჯექსონის ბრიტანელებზე საოცარ გამარჯვებას ახალი ორლეანის გადამწყვეტ ბრძოლაში მარიამს მიაწერენ. ყოველწლიურად, 8 დეკემბერს, კათოლიკეები სამადლობელ წმიდა წირვას აღავლენენ ახალ ორლეანში წმიდა მარიამის პატივსაცემად, რომელმაც ქალაქის გადარჩენაში დიდი როლი აქვს.
საუკუნეების განმავლობაში, ამერიკელი ლეგენდები: ელიზაბეტ ენ სეტონი, ფრენსის ხავიერ კაბრინი და ფულტონ შინი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება, ღვთის სადიდებლად, სხვების მსახურებას მიუძღვნეს, მარიამისადმი ღრმა ერთგულებით გამოირჩეოდნენ. უმანკოდ ჩასახვის ბაზილიკა, როგორც ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ეკლესია, რომელიც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის გულში მდებარეობს, პატივს მიაგებს მარიამს.
მარადიული ჰიმნი „ავე მარია“ (გიხაროდენი) ჩვენი უამრავი მოქალაქისთვის საყვარელ ლოცვად რჩება. უამრავი ეკლესიის, საავადმყოფოსა და სკოლის დაარსების შთაგონებად, სწორედ მარიამი იქცა. მის სახელს თითქმის 50 ამერიკული კოლეჯი და უნივერსიტეტი ატარებს.
სულ რამდენიმე დღეში, 12 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მცხოვრები კათოლიკეები აღნიშნავენ მარიამისადმი ურყევი ერთგულების დღესასწაულს, რომელიც 1531 წელს მექსიკის გულში დაიბადა და ამჟამად იქ გვადალუპეს ღვთისმშობლის ულამაზესი ბაზილიკა დგას.
ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ვაღიარებთ და მადლობას ვუხდით მარიამს ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, იმედისა და სიყვარულის გავრცელებაში.
საუკუნეზე მეტი ხნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ბენედიქტე XV-მ, შეუკვეთა და აკურთხა მარიამის, მშვიდობის დედოფლის დიდებული ქანდაკება, რომელსაც ხელში უჭირავს ყრმა იესოს ზეთისხილის რტოთი, რათა ქრისტიანი მორწმუნეები მისი მშვიდობის მაგალითით შთაგონებულიყვნენ, როდესაც ლოცულობდნენ საშინელი ხოცვა-ჟლეტის დასრულებისთვის. სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ წმიდა მარიამს შთაგონებისა და მხარდაჭერისთვის, ვლოცულობთ ომის დასრულებისათვის და ევროპასა და მთელს მსოფლიოში მშვიდობისათვის, კეთილდღეობისა და ჰარმონიის ახალი, მდგრადი ეპოქის დასაწყისისთვის.
მის პატივსაცემად, ჩვენი კათოლიკე მოქალაქეებისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს, ვიხსენებთ წმიდა სიტყვებს, რომლებმაც დახმარება, ნუგეში და მხარდაჭერა აღმოუჩინა გაჭირვებაში მყოფი ამერიკელი მორწმუნეების თაობებს.
“გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეული არს ნაყოფი მუცლისა შენისა იესო. წმიდაო მარიამ, დედაო ღვთისაო, მეოხ მეყავ ჩვენ ცოდვილთა, აწ და ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა. ამენ”.
შოთა გიქოშვილი





