top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უმცირესობები და ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერები – კვლევის პრეზენტაცია


საქართველოში მცხვორები უმცირესობების პრობლემებსა და ინტეგრაციის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო მესხეთში მცხოვრებმა კათოლიკე თემმა, ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.


შეხვედრას ორგანიზებმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გაუწია. მათ საზოგადოებას გააცნეს მკვლევარების: რუსუდან ამირეჯიბისა და კახა გაბუნიას მიერ მომზადებული პუბლიკაცია, სახელწოდებით: „საქართველოს უმცირესობები: ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების ნგრევა’’.


პუბლიკაციაში წარმოდგენილი იყო საქართველოში მცხოვრები უმცირესობების მდგომარეობა, ეთნონაციონალიზმის საკითხები, ქართველებისა და თავად სახელმწიფოს დამოკიდებულება და პოლიტიკა უმცირესობების მიმართ, ენობრივი, სოციალ–ეკონომიკური, ინტერკულტურული პრობლემები.


კვლევაში ნათქვამია, რომ თანამედროვე საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული ინტერკულტურული მგრძნობელობა, რაც გულისხმობს სხვა ჯგუფების კულტურისა და წუხილის გაცნობიერებას. „სხვა ჯგუფებში“ კი უმცირესობების ყველა ტიპი მოიაზრება. მათივე თქმით, ქართველთა უმრავლესობა უმცირესობებს სახელმწიფოს სრულფასოვან წევრებად არ აღიარებს.


„რელიგია განსხვავებულობის კიდევ ერთი მარკერია. ისტორიულად, საქართველოში რელიგია განაპირობებდა ეთნიკურობას. ეთნიკური ქართველები, რომლებიც სომხურ სამოციქულო ან გრიგორიანულ ეკლესიებში ინათლებოდნენ, სომხებად იწოდებოდნენ, ხოლო საქართველოს სამხრეთში მცხოვრებ კათოლიკე ქართველებს „ფრანგებად“ მოიხსენიებდნენ. ყველა მუსლიმი, განურჩევლად მათი აზერბაიჯანული, ირანული თუ თურქული წარმომავლობისა, „თათრებად“ მიიჩნეოდნენ.


თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის 13 პროცენტი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნება, სომხების უმეტესობა - სომხურ სამოციქულო ეკლესიას, ხოლო აზერბაიჯანელები და ქართველების მხოლოდ მცირე ნაწილი მისდევს ისლამს. და მაინც, მუსლიმების ეთნიკურ წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება; როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე არაქართველი მუსლიმები განიცდიან დისკრიმინაციას, დიდწილად ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან“, – წერია პუბლიკაციაში.


კვლევაში შევიდა საკულტო და რელიგიური დანიშნულების დაწესებულებების მშენებლობის საკითხიც, რომლითაც უმცირესობები ხელოვნური ბარიერების გამო, ვერ სარგებლობენ.


„როდესაც საქმე ეხება საკულტო და რელიგიური დანიშნულების დაწესებულებების მშენებლობას, საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლებები ხშირად ამბობენ უარს გასცენ მშენებლობის ნებართვა რელიგიური ჯგუფებისთვის ან დისკრიმინაციულ საფუძველზე აჭიანურებენ პროცესს“.


დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭება ქვეყანაში უმცირესობათა ინტეგრაციას აფერხებს:


„სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით განსაზღვრული სპეციალური იურიდიული სტატუსი აქვს. ეკლესია, ზოგადად, პრივილეგიებით სარგებლობს, რასაც სხვა რელიგიური თემები უთანასწორობად აღიქვამენ. ბუნებრივია, ეს არათანაბარი მიდგომა ხელს უშლის სეკულარული გარემოს შექმნას და აფერხებს უმცირესობების ინტეგრაციას“.



პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში.


პუბლიკაციის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page