'ქადაგებას საერო პირი ვერ წარმოთქვამს' – ვატიკანის პასუხი გერმანელ ეპისკოპოსებს
- 1 day ago
- 3 min read
გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციამ, სინოდურ პროცესზე დაყრდნობით, წმიდა საყდარს მიმართა თხოვნით - დაუშვას საერო პირების მიერ ქადაგების წარმოთქმის შესაძლებლობა.

ღვთისმსახურებისა და საიდუმლოებათა დისციპლინის დიკასტერიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ქადაგება სიტყვის ლიტურგიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მისი წარმოთქმა არის სწავლების მსახურების (ლათ. munus docendi) შესრულება, რაც მღვდლებსა და დიაკვნებს ხელდასხმის მადლით აქვთ მინიჭებული. სწორედ ამიტომ, მისი ჩანაცვლება საერო პირების მიერ წარმოთქმული ქადაგებით, შეუძლებელია.
"ქადაგებისა და ჰომილიის წარმოთქმის უფლება მხოლოდ სამღვდელოებას: დიაკვნებს, მღვდლებსა და ეპისკოპოსებს ეკუთვნით. სწორედ ისინი არიან, ვინც ხელდასხმის საიდუმლოს ძალით, წმინდა წირვის დროს, სახარებას აცხადებენ და ქადაგებენ. ეს არ არის მხოლოდ დისციპლინური საკითხი ან ეკლესიის „კლერიკალური“ ხედვის გამოხატულება; საქმე ეხება სწავლებისა და განწმენდის მსახურებებს, რომლებიც მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სამღვდელოებას ეკუთვნის. კანონიკური სამართლის ეს ნორმა თვით ეპისკოპოსსაც კი არ შეუძლია გააუქმოს ან მისგან გამონაკლისი დაუშვას. თუმცა, საეკლესიო სამართალი რამდენიმე გამონაკლის შემთხვევას მაინც ითვალისწინებს".
მაგალითად, 2017 წელს, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციამ გამოსცა დოკუმენტი, რომელიც განმარტავს, რომ საერო პირებს შეუძლიათ თავიანთი მოწმობის გაზიარება, მაგრამ უმჯობესია, ეს წმიდა წირვის ფარგლებს გარეთ მოხდეს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ საერო პირს არ შეუძლია ჰომილიის ნაცვლად წარმოთქვას რაიმე ინფორმაცია ან თუნდაც საკუთარი მოწმობა; ეს, როგორც წესი, წმინდა წირვის გარეთ უნდა განხორციელდეს. თუ არსებობს სერიოზული მიზეზი, ეს შეიძლება მოხდეს წმინდა წირვის დროსაც, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მღვდელი ზიარების შემდგომ ლოცვას წარმოთქვამს. ასეთი პრაქტიკა არ უნდა იქცეს ჩვევად და არც ჰომილიის გამოტოვების მიზეზად. გარდა ამისა, თუ წმინდა წირვის დროს საერო პირების გამოსვლაა დაგეგმილი, მათ ეს შეუძლიათ მხოლოდ საკურთხევლის სივრცის გარეთ და არასდროს ამბიონიდან“, – ვკითხულობთ პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის „წმინდა წირვაზე ჰომილიის შესახებ მითითებებში“.

რა არის ჰომილია?
ჰომილიები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი უშუალოდ წმიდა წირვის საკითხავებს ეყრდნობა, ზოგი რწმენის ჭეშმარიტებებს განმარტავს, ზოგიც, სამწუხაროდ, პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული. ლიტურგია, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის. მღვდელი, რომელიც ამბიონს მსგავსი ლოზუნგების გასაჟღერებლად იყენებს, არღვევს ეკლესიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ბუნებრივია, მორწმუნეებს ევქარისტიაში მონაწილეობის სურვილსაც უკარგავს.
ინსტრუქცია Redemptionis Sacramentum-ის (67-ე პუნქტი) მიხედვით, ჰომილიამ უნდა წარმოაჩინოს ხსნის საიდუმლოებები, რომლებიც ბიბლიური საკითხავებიდან და ლიტურგიული ტექსტებიდან გამომდინარეობს; ასევე უნდა განმარტოს წმინდა წირვის მუდმივი ან ცვალებადი ტექსტები, ან ეკლესიის სხვა რიტუალები.
ციტა განსხვავებული ფორმაა ქადაგება (sermon), რომელიც შეიძლება ეხებოდეს მიმდინარე მოვლენებს ან იმ გარემოებებს, რომელშიც წმიდა წირვა აღესრულება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, სამღვდელოებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური თემებით გატაცებისა და ზედაპირული მორალიზებისგან.
ჰომილიას ვერ წარმოთქვამს საერო პირი
„ჰომილია უნდა წარმოთქვას იმ მღვდელმა, რომელიც წირვას უძღვება. ეს ხაზს უსვამს სიტყვის ლიტურგიასა და ევქარისტიულ ლიტურგიას შორის ერთიანობას. საეკლესიო ნორმები, როგორც წესი, კრძალავს ე.წ. „საკვირაო ჰომილეტიკას“, როდესაც ერთი მღვდელი ყველა წირვაზე ქადაგებს. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას ყველა წირვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რაც ფიზიკურად ძალიან დამღლელი იქნებოდა. თუმცა, ზიარების შემდგომი ლოცვის შემდეგ, საერო პირს შეუძლია საკუთარი მოწმობა გაუზიაროს მორწმუნეებს, თუ ეს მართლაც ემსახურება ევქარისტიაში მონაწილეთა რწმენის გაღრმავებას,“, ამბობს ლიტურგისტი, მამა დარიუშ კვიატკოვსკი.
სასულიერო პირი ამბობს, რომ გერმანელი ეპისკოპოსების მიერ სინოდის ფარგლებში გაჟღერებული წინადადება მიუღებელია.
„სინოდის ეს წინადადება საკმაოდ აბსურდულია, რადგან ჰომილიის წარმოთქმის შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია. უფრო მეტიც, ამით ევქარისტიული დღესასწაულის ხელმძღვანელობის ნაწილსაც მათ გადავცემთ და ლიტურგიის ერთიანობას ვარღვევთ. თეოლოგიური თვალსაზრისით ეს მიუღებელია. ვინ შეამოწმებს ამ ჰომილიების შინაარსს მათ წარმოთქმამდე? ეს ძალიან სახიფათოა. საერო მორწმუნეებს შეუძლიათ ღვთის სიტყვის გაზიარება მრავალ სხვადასხვა გარემოებაში: წმინდა წირვის გარეთ აღსრულებულ სიტყვის ლიტურგიებში, კატეხიზაციაზე, ფორმაციულ შეხვედრებზე, საიდუმლოებებისთვის მოსამზადებელ კატეხიზაციებში. ცხადია, ამისთვის ისინი სათანადოდ მომზადებულნი და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილნი უნდა იყვნენ“, – აღნიშნავს ლიტურგისტი.
დიკასტერიის განცხადება
ვატიკანის ეს ინსტიტუტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ზრუნავს საიდუმლოებებისა და ლიტურგიის ჯეროვან აღსრულებაზე და განმარტავს მათთან დაკავშირებულ წესებს, თავის პოზიციას გერმანიის კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებულ თხოვნასთან მიმართებით აფიქსირებს.
გამოქვეყნებულ განცხადებაში დიკასტერია იტყობინება წერილის შესახებ, რომელიც გერმანიის ეპისკოპათა კონფერენიის პრეზიდენტს, ეპისკოპოს ჰაინერ ვილმერს გადაეცემა. წერილი პასუხობს კითხვას ინდულტის, ანუ განსაკუთრებული პრივილეგიის შესაძლებლობის შესახებ, რათა გამონაკლის შემთხვევებში, სათანადოდ მომზადებულ საერო პირს წმიდა წირვის დროს ქადაგების წარმოთქმა შეეძლოს.
დიკასტერია აფასებს სამწყემსო ზრუნვას, რომელიც საფუძვლად დაედო ამ თხოვნას, თუმცა კვლავ გვახსენებს, რომ მოქმედი ნორმიდან გამონაკლისის დაშვება ინდულტის გზით შეუძლებელია. უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქადაგების მხოლოდ მღვდლისა თუ დიაკვნისთვის მიკუთვნება არ არის უბრალოდ დისციპლინური ნორმა, არამედ გამომდინარეობს თავად ლიტურგიის ბუნებიდან“.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ქადაგება წარმოადგენს სიტყვის ლიტურგიის განუყოფელ ნაწილს, შინაგანად არის დაკავშირებული სახარების ქადაგებასთან და არის სწავლების მსახურების აღსრულება, რაც ხელდასხმულ მსახურებს მღვდლობის საიდუმლოს მადლით აქვთ მინდობილი.
„ლიტურგიული აღსრულების ფარგლებში სიტყვის ქადაგება განუყოფელია იმ მისიისგან, რომელიც ადამიანმა საიდუმლოს გზით მიიღო, ისევე როგორც იმ ერთიანობისგან, რომელიც ევქარისტიულ მსახურებაში აკავშირებს სიტყვასა და საიდუმლოს“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
მღვდელთა ფორმაცია და საერო პირთათვის ქადაგების სივრცეები
როგორც დიკასტერია აცხადებს, ეპისკოპოს ვილმერისთვის გადაცემულ წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული ხელდასხმულ მღვდელთა მუდმივ სასულიერო განათლებისა და მომზადების მნიშვნელობაც, რათა მათ ქადაგებები როგორც სულიერი, ისე სამწყემსო თვალსაზრისით „ეფექტიანად“ წარმოთქვან.
ასევე ნათქვამია, რომ მოქმედი საეკლესიო სამართლის წესების თანახმად, არსებული ნორმები ითვალისწინებს „ღვთის სიტყვის ქადაგებისა და ხარების მრავალგვარ ფორმას, რომლებიც შეიძლება მიენდოთ საერო მორწმუნეებს ქადაგების მიღმა და ევქარისტიის აღსრულების ფარგლებს გარეთ“.
წყარო: misyjne.pl
შოთა გიქოშვილი




Comments