top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის გადაწყვეტილებით, ყარაღანდას ეპარქიას ახალი ეპისკოპოსი ეყოლება

  • 2 days ago
  • 3 min read

2026 წლის 10 აგვისტოს, ვატიკანმა გამოაცხადა პაპ ლეონ XIV-ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყაზახეთში ქალაქ ყარაღანდის რომაულ-კათოლიკური ეპარქიის ახალ ეპისკოპოსად მონსინიორი პიოტრ პიტლოვანი დაინიშნა.


იგი ამ ქვეყანაში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურებდა და მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო სამრევლოებთან, სემინარიასთან, მედიასთან, ეკლესიის ისტორიულ მემკვიდრეობასა და სამწყსო მსახურების სხვადასხვა მიმართულებასთან.


ეპისკოპოსად ხელდასხმა 2026 წლის 10 ოქტომბერს, ყარაღანდის საკათედრო ტაძარში გაიმართება.


ამავდროულად, კანონიკური სამართლის შესაბამისად, წმინდა მამამ მიიღო ეპისკოპოს ადელიო დელ ოროს გადადგომის შესახებ თხოვნა, რომელსაც 75 წელი შეუსრულდა და რომელიც წლების განმავლობაში მამობრივი სიყვარულით ზრუნავდა ამავე ეპარქიის მრევლზე.


ოფიციალური კომუნიკე


„წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციატურა ყაზახეთის რესპუბლიკაში აცხადებს, რომ 2026 წლის 10 აგვისტოს, მისმა უწმინდესობამ, პაპმა ლეონ XIV-მ, მისი აღმატებულება პიოტრ პიტლოვანი, ცენტრალური აზიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის (CECAS) პრესმდივანი და ასტანის წმინდა მარიამის რომაულ-კათოლიკური ეპარქიის ასტანის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრისა და აკმოლის წმინდა სავარდის დედუფლის სამრევლოს წინამძღვარი, ყარაღანდის რომაულ-კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნა.


აღნიშნული დანიშვნა მოჰყვა წმინდა მამის მიერ ყარაღანდის ეპარქიის სამწყემსო მართვიდან გადადგომის თხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც წარადგინა მისმა უსამღვდელოესობამ, ადელიო დელ ორომ, ვინაიდან მან 75 წლის ასაკს მიაღწია და 1983 წლის კანონიკური სამართლის კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით, საჭირო გახდა შესაბამისი ქმედება.


ახალი ეპისკოპოსის ხელდასხმა გაიმართება 2026 წლის 10 ოქტომბერს ყარაღანდის საკათედრო ტაძარში. დამატებითი დეტალები ეცნობება შესაბამის დროს.


სამოციქულო ნუნციატურა გულწრფელ მადლიერებას უცხადებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს ყაზახეთის რესპუბლიკაში კათოლიკური ეკლესიის ამ ახალი, სასიხარულო ამბის გავრცელებაში გამოჩენილი ყურადღების, პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობისთვის.


ასტანა, 2026 წლის 10 აგვისტო“, – წერია ოფიციალური კომუნიკეს სრულ ტექსტში.


ახლადარჩეული ეპისკოპოსის ბიოგრაფია


მონსინიორი პიოტრ პიტლოვანი დაიბადა 1969 წლის 7 მაისს, პოლონეთის ქალაქ ბჟოზოვში, იუზეფა და კაჟიმირ პიტლოვნების ოჯახში. დაამთავრა დაწყებითი სკოლა დიდნიაში, მოგვიანებით სწავლობდა ქალაქ დინოვის ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმში, რის შემდეგაც ჩაირიცხა ქალაქ ფშემიშლის უმაღლეს სასულიერო სემინარიაში.


ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიიღო ქალაქ ლუბლინის კათოლიკურ თეოლოგიურ უნივერსიტეტში. დიაკვნის ხარისხში სამწყემსო პრაქტიკა გაიარა ყაზახეთში, სოფელ ოზერნოეს „მშვიდობის დედუფლის“ სამრევლოში. 1994 წლის 28 მაისს მთავარეპისკოპოსმა იოზეფ მიხალიკმა იგი მღვდლად აკურთხა. ამის შემდეგ მსახურობდა ქალაქ ლეჟაისკის სამრევლოს ვიკარიუსად, ასევე მუშაობდა სკოლაში.


1995 წელს ჩავიდა ყაზახეთში, როგორც „Fidei Donum“-ის წამომადგენელი და მსახურება დაიწყო ეპისკოპოს იან პაველ ლენგას ეპარქიაში. მსახურობდა ქალაქ მაკინსკის სამრევლოს წინამძღვრად, ქალაქ შუჩინსკის სამრევლოს ადმინისტრატორად, სადაც ასევე დააფუძნა სულიერი ვარჯიშების სახლი „Fides et Ratio“.


2000 წლიდან 2007 წლამდე იყო ქალაქ ასტანის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. 2009 წლის 21 სექტემბერს ყაზახეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქალაქ ყარაღანდის სასულიერო სემინარიის პრეფექტად, ხოლო 2011 წლის 3 ივნისიდან გახდა ამავე სემინარიის რექტორი.


2011 წლის 25 ნოემბერს დაინიშნა ყაზახეთში კათოლიკური ეკლესიის ისტორიული დოკუმენტაციის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორად. 2012 წლის 16 ივლისს წმინდა საყდარმა მიანიჭა მისი უწმინდესობის კაპელანის ტიტული (Cappellano di Sua Santità).


ყაზახეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის 2017 წლის 16 ნოემბრის დეკრეტით დაინიშნა ყაზახეთის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ინტერნეტსა და მედიაში საქმიანობის კოორდინატორად.


კრაკოვის იოანე პავლე II-ის სახელობის საპაპო უნივერსიტეტში მიიღო თეოლოგიის ლიცენციატის ხარისხი. 2018 წლის 26 ოქტომბერს ამავე უმაღლეს სასწავლებელში მიენიჭა თეოლოგიის კანდიდატისა და დოქტორის ხარისხი.


სწავლის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 20 ივნისს დაინიშნა ყაზახეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრესმდივნად და მედიის საკითხებზე პასუხისმგებელ პირად. ასევე დაინიშნა ცენტრალური აზიის კათოლიკური საინფორმაციო სამსახურის საეკლესიო ასისტენტად (2022 წლის 20 ივნისის დეკრეტი).


2019 წლის 6 იანვარს დაინიშნა ასტანის წმინდა მარიამის არქიეპარქიაში სასულიერო ცხოვრებისკენ მოწოდებების პასუხისმგებლად. 2023 წლის 17 მაისს შევიდა ასტანის წმინდა მარიამის არქიეპარქიის მღვდელმსახურთა საბჭოს შემადგენლობაში.


2023 წლის 3 ივლისის დეკრეტით ასევე დაინიშნა ასტანის წმინდა მარიამის არქიეპარქიის სოფელ აკმოლის რომაულ-კათოლიკური სამრევლოს „წმინდა სავარდის დედუფლის“ წინამძღვრად.


2024 წლის 12 აპრილს დაამთავრა კრაკოვის პროვინციის კაპუცინთა ორდენის უმაღლეს სასულიერო სემინარიასთან არსებული აღმსარებელთა სკოლის ორწლიანი ფორმაციული კურსი, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სამღვდელოების კომისიის პატრონაჟითა და სამოციქულო პენიტენციარიასთან თანამშრომლობით.


2024 წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა ასტანის წმინდა მარიამის არქიეპარქიაში ოჯახების სამწყემსოზე და სიცოცხლის დაცვაზე პასუხისმგებლად.


2025 წლის 11 ივლისის დეკრეტით, წინა ყველა დანიშვნის შენარჩუნებით, ასევე დაინიშნა ქალაქ ასტანის „მუდმივი შემწეობის ღვთისმშობლის“ რომაულ-კათოლიკური მრევლის წინამძღვრად და ასტანის დეკანატის დეკანად.


2025 წლის 21 ნოემბრის № 456 დეკრეტით, ყველა წინა დანიშვნის შენარჩუნებით, დაინიშნა ასტანის წმინდა მარიამის არქიეპარქიის ეკონომიკური საბჭოს წევრად. არის ყარაღანდის უმაღლესი სასულიერო სემინარიის ლექტორი „სამწყემსო ღვთისმეტყველებისა და ჰომილეტიკის“ მიმართულებით.


პასუხისმგებელია ყაზახეთის რესპუბლიკაში ნეტარი ვლადისლავ ბუკოვინსკის კულტის (თაყვანისცემის) გავრცელებაზე.


შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში, როცა მონსინიორ პიოტრ პიტლოვანი ყაზახეთის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, ამ სემინარიაში სამღვდელო მსახურებისთვის ემზადებოდნენ ქართველი სემინარისტები.


შოთა გიქოშვილი 



Comments


bottom of page