top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქუთაისში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

54 minutes ago
2 min read

2026 წლის 1–ელ ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში, კამილიელების სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. შენობა დასრულებული, ადაპტირებული და აღჭურვილია თანამედროვე და სპეციალიზებული საშუალებებით. მისი ტექნიკური ბაზა და პროგრამები დონორ ორგანიზაციებსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს.



ოთხსართულიანი შენობა ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე მდებარეობს და იგი სულ მალე მოემსახურება იმ ადამიანებს, რომლებიც შეჭირვებულები არიან და სჭირდებათ სარეაბილიტაციო სერვისები.


ქუთაისის კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის წარდგენა პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის 10 წლისთავს მიეძღვნა. გახსნის ოფიციალური ცერემონია წმიდა წირვით დაიწყო, რომელიც ქუთაისის კათოლიკურ სამრევლოში კამილიელთა ორდენის ბერებმა, კათოლიკე მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს.



ღონისძიების მეორე ნაწილი კი თავად კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. იგი საქართველოში კამილიელთა საკრებულოს წინამძღვარმა, მამა ლაშა მანუკიანმა გახსნა.


„ქუთაისში იქნება ისეთივე სარეაბილიტაციო ცენტრი, როგორიც უკვე გვაქვს ახალციხეში. სარეაბილიტაციო სერვისს შევთავაზებთ ბავშვებისა და ზრდასრულებს. გვექნება მომსახურება ლოგოპედიის, ფსიქოთერაპიის, ქცევითი თერაპიის, მუსიკო და არტ თერაპიების მიმართულებით, ასევე სერვისს შევთავაზებთ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს. გვსურს, რომ ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან, ჩავერთოთ სხვადასხვა პროგრამაში და მათთან ერთად შევძლოთ საზოგადოებისთვის აუცილებელი და საჭირო საქმის კეთება. ჩვენთან სერვისის მიღებას შეძლებენ ის ოჯახებიც, რომლებსაც არ ექნება სახსრები რეაბილიტაციისთვის, რადგან ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მოვიძიოთ დონორები და პარტნიორები მათთვის“, – განმარტა catholic.ge–სთან საქართველოში კამილიელთა საკრებულოს წინამძღვარმა, მამა ლაშა მანუკიანმა.


მამა ლაშას ინტერვიუ


გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები, თბილისიდან და ქუთაისიდან. სტუმრებს სიტყვით მიმართა კამილიელთა სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კობა კაბოსნიძე.


„მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში არაერთი სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს, ჩვენი ცენტრი გამორჩეული იქნება, მაღალი ხარისხითა და თანამედროვე სერვისით და ფორმატით, რომ ყველა შეჭირვებულსა და საჭიროების მქონე ადამიანს გაუწიოს მაღალი ხარისიხს სამედიცინო – სარეაბილიტაციო დახმარება. ვფიქრობ, რომ სულ მალე დავიწყებთ ფუნქციონირებას. დასრულებულია კადრების შერჩევის პროცესი, ასევე სატრენინგო პროცესი მიმდინარეობს თბილისში და ადგილზე, ქუთაისში. მობილიზებულია თბილისელი სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც საწყის ეტაპზე ჩამოვლენ ქუთაისში, რადგანაც დასაწყისშივე პროცესი იყო მაღალი ხარისხის. ხოლო ჩვენი საბოლოო მიზანია, შევქმნათ ადგილობრივი სპეციალისტებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი, რომელიც საბოლოოდ იმუშავებს იმ თვალსაზრისით, რომ ქუთაისში სარეაბილიტაციო სფერო და განვითარება იყო მათთვის გამოწვევა“, – აღნიშნა კობა კაბოსნიძემ.


სპეციალურად ცენტრის გახსნის ცერემონიისთვის ქუთაისში ჩავიდნენ: ვატიკანის ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი და მისი მრჩეველი – მონსენიორ ალექსანდრს რეჰინია; საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; კამილიელთა ორდენის პოლონეთის პროვინციის პროვინციალი – მამა რომან ზაიონცი; პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი, ფონდ "პრო–სპეს" ხელმძღვანელი – მამა მაჩეი გირულა, "საქართველოს კარიტასის" აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მეხატიშვილი; ოჯახები, რომლებიც შენობის დაპროექტებასა და მშენებლობის მონიტორინგში იყვნენ ჩართულები; კათოლიკე სასულიერო პირები, მონაზვნები, მრევლი და სხვა.



„პირველი მსგავსი ცენტრი გაიხსნა 1998 წელს, პაპ იოანე პავლე მეორეს ინიციატივით, რომელმაც საქართველო 1999 წელს მოინახულა და ეს ცენტრი დღემდე იძლევა სამედიცინო დახმარებას ყველასთვის, საქართველოში. მადლობას ვუხდი კამილიელთა საკრებულოს მოსახლეობისთვის წლების მანძილზე შეთავაზებული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებისთვის. ქუთაისის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ავადმყოფებს, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობს დამატებით სამედიცინო მომსახურებას, რათა შეუმსუბუქოს ტკივილი, გაჭირვებულ ადამიანებს“, – განაცხადა პაპის ნუნციუსმა ცერემონიაზე.


შენობა, საქართველოში მოღვაწე კამილიელთა ორდენის ბერების ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე დონორი ორგანიზაციების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერით, სამი წლის განმავლობაში შენდებოდა.



„ფინანსურად გვეხმარებოდა ორგანიზაცია „რენოვაბისი“, ასევე ფონდი „პრო–სპე“, რომელთა მეშვეობითაც მოხალისეები ჩამოდიოდნენ მშენებლობის პროცესში და ასევე გვეხმარებოდნენ ფინანსურად. გვეხმარებოდა კამილიელების ორგანიზაცია იტალიიდან, აგრეთვე „იესოს წმინდა გულის ორდენი“ პოლონეთიდან; ადამიანები, რომლებიც უცხოეთიდან საქართველოში ჩამოდიოდნენ, როგორც მოხალისეები და გვეხმარებოდნენ სხვადასხვა საქმიანობაში, მაგალითად: იატაკის დაგებისათვის საჭირო თანხების მოძიებაში, კაფელის დაგებაში, ტექნიკურ აღჭურვისათვის საჭირო თანხების ნახვაში და ა.შ.“, – ამბობს მამა ლაშა მანუკიანი.


მაჩეი გერულა


ოფიციალური წარდგენის ცერემონია ეპისკოპოს ჯუზპე პაზოტოს სიტყვით დასრულდა, რომელმაც შენობა, მისი ყველა სართული და ოთახი აკურთხა.



ზუსტად 10 წლის წინ, პაპი თბილისში, კამილიელთა სამედიცინო–სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა. დღეს კი, ქუთაისში, ამავე ცენტრის ფილიალი ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.


თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე

 

Comments


bottom of page