შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
- 12 minutes ago
- 2 min read
10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მასშტაბური წარდგენა ,,ქართულ-იტალიური ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების“ პირველი ტომისა, რომელშიც თავმოყრილია ცნობილ ქართველ მეცნიერთა შრომები საქართველო-იტალიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ და, ასევე, ცნობილი მწერლის, ჟურნალისტის, მეცნიერის, მხატვრის, მოგზაურისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილებისა და სამეცნიერო კვლევებისა ქართულ-იტალიური ურთიერთობების შესახებ.

სხდომა გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; მან მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ევროპასთან ერთიანობისკენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან სწრაფვაზე და ამ ისტორიულ პროცესში ქართულ-იტალიურ კავშირებზე.
აკადემიის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პრეზენტაციაზე მოწვეულ კათოლიკე სტუმრებს, ბატონმა როინ მეტრეველმა დამსწრე საზოგადოებას სთხოვა მისალმებოდნენ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელებს და სააქტო დარბაზში შეკრებილი მრავალრიცხოვანი საზოგადოება ოვაციით შეხვდა სამოციქულო ადმინისტრატორს მეუფე ჯუზეპე პაზოტოს, მის ვიკარიუსს, მამა გაბრიელე ბრაგანტინის და სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორს, მამა აკაკი ჭელიძეს.

მოწვეულ სტუმართა შორის ასევე იყვნენ თბილისის საკათედრო ტაძრის სამრევლოს წევრები, ქალბატონები თინა კოკოჩაშვილი და მზია ჯანაშვილი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ის ცნობილი მეცნიერები, რომლებიც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ისტორიასა და მემკვიდრეობას იკვლევენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ კათოლიკობის მრავალსაუკუნოვანი და უმდიდრესი ისტორიული წარსულის შესწავლაში.
და მართლაც, ანტიკური საბერძნეთის შემდგომ სწორედ ძველი რომი, შუა საუკუნეებში კი კათოლიკე ეკლესია, წმიდა საყდარი, ვატიკანი და სხვა იტალიური სახელმწიფოები წარმოადგენდნენ ქართველ მეფე-მთავართა საგარეო ვექტორების უმთავრეს სამიზნეებს. სწორედ წმიდა საყდრის მხარდაჭერით ხდებოდა საუკუნეთა განმავლობაში ევროპასთან კავშირი და დღესაც კათოლიკე ეკლესია არის ის საიმედო ხიდი, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან.

აკადემიკოსმა, ცნობილმა ფილოლოგმა და ისტორიკოსმა, ბატონმა ვალერი ასათიანმა ვრცლად მიმოიხილა პირველ ტომში განთავსებული სამეცნიერო მასალები, რომლებიც, მართალია, სხვადასხვა დროს იყო გამოქვეყნებული, მაგრამ ამჯერად ერთად თავმოყრილი და მდიდარი ვიზუალური მასალით გაფორმებული, პირველად წარედგინა ფართო მკითხველს, ასევე, თავის გამოსვლაში მან ვრცელი ადგილი დაუთმო პაატა ნაცვლიშვილის წვლილს ქართულ-იტალიური ურთიერთობების შესწავლასა და პოპულარიზაციაში.
ორივე წიგნი-ალბომი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კულტურის სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. წარდგენილი წიგნი-ალბომის გაცნობა შესაძლებელია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

ნუგზარ ბარდაველიძეჟურნალი "საბა", 2026, აგვისტო





Comments