წმ. ფრანცისკეს ნეშტი, გარდაცვალებიდან 800 წლის შემდეგ, საჯაროდ გამოასვენეს
- Feb 24
- 2 min read
ისტორიაში პირველად, იტალიაში, ქალაქ ასიზში საჯაროდ გამოასვენეს წმიდა ფრანცისკე ასიზელის ნეშტი, მისი გარდაცვალებიდან 800 წლისთავზე. ნეშტისთვის პატივის მისაგებად, წმინდანის სახელობის ბაზილიკაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ათას მომლოცველს ელოდებიან.

ამ დროისათვის უკვე 200-ზე მეტი ჟურნალისტი დარეგისტრირდა (აკრედიტაცია გაიარა), რათა მოვლენა გააშუქონ.
წმიდა ფრანცისკე ასიზელის ნეშტის პირველი საჯარო გამოსვენება მისი გარდაცვალებიდან 800 წლისთავზე მოხდა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ „დიდი ალბათობით მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. თვით პაპების ვიზიტების დროსაც კი, ან სხვა დიდი ღონისძიებებისას, წმიდა ფრანცისკეს ქალაქში.
მომლოცველებს ყოველთვის ჰქონდათ შესაძლებლობა, ელოცათ ფრანცისკანელთა ორდენის დამფუძნებლის საფლავთან; თუმცა, სიახლე ის არის, რომ ამჯერად, პატივის მიაგებენ საჯაროდ გამოსვნებეულ ნეშტს.
ეს მოვლენა წმიდანის გარდაცვალების 800 წლისთავის საზეიმო ღონისძიებების ნაწილია და არსებული მონაცემებით, ასიზი დაახლოებით ოთხასი ათას მომლოცველს უმასპინძლებს, რომლებსაც შეეძლებათ ილოცონ ასიზელი წმიდანის ნეშტის წინაშე, მისსავე ბაზილიკაში, 2026 წლის 22 მარტამდე.
ექსჰუმაცია და საჯაროდ დასვენება
ღონისძიების წარდგენის დღე, ასიზში პრესკონფერენციით გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ბერი ჯულიო ჩეზარეო, მონასტრის კომუნიკაციების სამსახურის დირექტორი და ბერი მარკო მორონი, მონასტრის წინამძღოლი.
ძმა ჯულიომ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ სტუმარს ელიან და გამოთქვა სურვილი ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, განსაკუთრებით ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მომლოცველთა მისაღებად მობილიზებული იქნება უამრავი მოხალისე. კერძოდ, ოთხასზე მეტი ადამიანი მთელი თვის განმავლობაში.
ბერების თანდასწრებით მოხდა წმიდა ფრანცისკეს ნეშტის ექსჰუმაცია (საფლავიდან გვამის ამოღება სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის მიზნით) და განთავსება ბაზილიკის კრიპტაში საგანგებოდ მომზადებულ ადგილზე. შემდეგ კი, გაადასვენეს ბაზილიკაში. ცერემონიას უღვებოდა კარდინალი ანხელ ფერნანდეს არტიმე, პაპის ლეგატი ასიზის ბაზილიკებში.
„ხვალიდან მოსვლა შეეძლებათ იმ მორწმუნეებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ვებგვერდის — „San Francesco Vive“-ზე. ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ“, – მონასტრის წინამძღვრის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი ადგილია დარჩენილი.
მომლოცველები მთელი მსოფლიოდან
ნეშტის საჯაროდ წარდგენის მიმართ ინტერესი უაღრესად დიდია. ამ დროისთვის, წმიდა ფრანცისკეს ნეშტის პატივის მისაგებად, დაახლოებით სამას სამოცდაათი ათასმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია.
მომლოცველთა უმეტესობა იტალიიდანაა (დაახლოებით 80%), თუმცა არიან სტუმრები ყველა კონტინენტიდან: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხორვატიიდან, სლოვაკეთიდან, ბრაზილიიდან, საფრანგეთიდან, ინდონეზიიდან, იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კენიიდან, იამაიკიდან და სინგაპურიდან.
ორგანიზატორებმა მადლიერება გამოხატეს პაპ ფრანცისკეს მიმართ, 2023 წლის დეკემბერში ამ ინიციატივების მხარდაჭერისთვის და პაპ ლეონ XIV-ის მიმართ - ნეშტის სამარხიდან ამოსვენებისა და მისი საჯარო დასვენების ნებართვისათვის.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ასიზის ახალი ეპისკოპოსი, ფელიჩე აკროკა, რომელმაც აღნიშნა, რომ წმიდა ფრანცისკე, მიუხედავად მისი მოკრძალებული ბუნებისა, კვლავაც მძლავრად მეტყველებს თავისი ცხოვრებითა და სიყვარულის საოცარი უნარით.
ლიტურგია, კულტურა და პაპ ლეონ XIV-ის ვიზიტი
ნეშტისთვის პატივის მიგების საზეიმო დახურვა დაგეგმილია 22 მარტს, ზედა ბაზილიკაში, რომელსაც წარუძღვება კარდინალი მატეო ძუპი.
მთელი თვის განმავლობაში ორგანიზებულია ღონისძიებებით დატვირთული კალენდარი. სხვადასხვა ლიტურგიკული და კულტურული ინიციატივები, მათ შორის ღამისთევის ლოცვა პარლამენტარებთან ერთად, ახალგაზრდული შეხვედრები და კონფერენცია ქრისტიანული ცხოვრების შესახებ.
საიუბილეო წელი კიდევ ერთი განსაკუთრებული შეხვედრით აღინიშნება. 6 აგვისტოს, საპატიო სტუმარს, პაპ ლეონ XIV-ს ელიან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ფრანცისკანული ოჯახის ახალგაზრდებთან შეხვედრაში სანტა მარია დელი ანჯელიში, სახელწოდებით — “Go” (წადი).
ამგვარად, წმიდა ფრანცისკეს ნეშტის საჯარო ჩვენება არ არის მხოლოდ გამორჩეული რელიგიური საკულტო აქტი, არამედ დიდი შესაძლებლობაა საეკლესიო რეფლექსიისა და სულიერი განახლებისთვის, განსაკუთრებით კი ახალი თაობებისთვის.
შოთა გიქოშვილი




Comments