top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კრიალოსანი რომლის მარცვლებიც მასზე ლოცვამ გალია

არალში მცხოვრები ჟენა (ევგენია) ბათმანაშვილი 200 წლის კრიალოსანზე ყოველ დღე ლოცულობს. ბევრი წლის წინ, ეს კრიალოსანი საკუთარმა დედამთილმა უსახსოვრა. დედამთილს თავისი დედისგან ერგო მემკვიდრეობით და ასე, ერთმა „სავარდმა“ თაობები მოიარა.

ree

ისევე როგორც სოფლის სხვა ქალები, ჟენას ცხოვრებაც დიდწილად კათოლიკე ეკლესიას უკავშირდება. არ არსებობდა დღესასწაული ან კვირა და უქმე, როცა ეკლესიაში არ მიდიოდა. იყო კომუნისტური პერიოდი, როცა ეკლესიაში წირვა–ლოცვა იკრძალებოდა, თუმცა ჟენას ახსოვს, რომ ქალები სასულიერო პირის გარეშეც იკრიბებოდნენ ტაძარში და კრიალოსნებზე ლოცულობდნენ „სავარდს“; დღესასწაულებზე, მიმლოცველობით, 15–20 კილომეტრს გადიოდნენ ბუზმარეთსა და ივლიტაში ფეხით, წინ წამძღვარებული ღვთისმშობლის ქანდაკებით, ლოცვითა და გალობით...


ახლა ასაკმა თავისი ქნა და ჟენაც ხშირად ვეღარ ახერხებს ეკლესიაში წასვლას.  სამაგიეროდ, თავის დიდრონ, ისტორიულ კრიალოსანს აიღებს, გამოვა სახლის ეზოში, ჩამოჯდება ცენტრალურ გზასთან მოწყობილ სკამზე და ლოცულობს...


უკვე წლებია ეს კრიალოსანი ეძვირფასება და რამდენიმე ისტორიასაც გულიანად ჰყვება:


„ძველებურია ეს კრიალოსანი, დიდი მარცვლები ჰქონდა ადრე, მაგრამ ლოცვაში გაილია, ალბათ 200 წლის იქნება. დედამთილმა მომცა... მორწმუნე ქალი იყო ისიც, მლოცველი... ვალიდან არალში იყო გამოთხოვილი, მაგრამ იმასაც დედა არლელი ჰყავდა... როცა დედამთილის დედა გარდაცვლილა, მამამისს (ჩემი დედამთილის მამას) გამოუტანია თავისი ორი ქალიშვილისთვის „პარტეზი“ (ძველებური ლოცვის წიგნი) და კრიალოსანი და უთქვია:  ესენი დედაშენის სალოცავებია და დებმა თითო თითო აიღეთო. ჩემს დედამთილს კრიალოსანი შეხვედრია, მაგის დას – პარტეზი აუღია... კარგი დედამთილი მყავდა, მორწმუნე ქალი იყო, მოისხამდა თავშალს და  ყოველ კვირას ეკლესიაში დადიოდა“, – იხსენებს ჟენა ბათმანაშვილი.


მას შემდეგ, რაც დედათილი თერე ბათმანაშვილი (ხითარიშვილი) გარდაიცვალა, მისი ნივთები ჟენამ თავის ექვს მულს შესთავაზა:


„შემოვიტანე დედამთილის ნივთები და ვუთხარი, დედათქვენის ნაქონია და რაც გინდა  წაიღეთ–მეთქი, არცერთმა არ მოჰკიდა ხელი კრიალოსანს. მითხრეს, ლოცვა შენი ვალია და შენ უნდა გქონდესო. ჰოდა, ახლა ყოველ დღე ვლოცულობ ამაზე. უკვე ძველია და დიდი მარცვლებიც ხელში ტრიალით სულ გაილია, მაგრამ ძალიან მიყვარს“...

 

თაკო ფეიქრიშვილი

 

Comments


bottom of page