top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

აღდგომის ღამეს, ჰონგ-კონგში 2 500 ადამიანი მოინათლება, საფრანგეთში კი – 20 000

  • 17 hours ago
  • 2 min read

2026 წლის აღდგომისთვის, ჰონგ-კონგის ეპარქია 2 500 ადამიანისთვის  ნათლობის აღსავლენად ემზადება, მათი უმრავლესობა ზრდასრულია. ევროპის მასშტაბით კი, ამ აღდგომაას ყველაზე მეტი, 20 000 ადამიანი  საფრანგეთში მოინათლება.

 


ჰონგ–კონგში, ნათლობის მსურველთაგან 1 600 ზრდასრულია, 900 კი – ბავშვი. ბევრმა ახალგაზრდამ ნათლობა სკოლებსა და სამრევლოებში კათოლიკეთა „ცოცხალი მოწმობის“ მაგალითით ითხოვა.

 

ჰონგ-კონგის ეპისკოპოსმა, კარდინალმა ჩოუმ, ხაზი გაუსვა საიდუმლოს არსს: „ნათლობის მიღება ნიშნავს ცოცხალი წყლის მიღებას, რომელიც თავად ქრისტეა. ეს რწმენის გზის მხოლოდ დასაწყისია. აუცილებელია ეკლესიასთან უფრო ღრმა ურთიერთობაში შესვლა, რათა პირადად შეხვდეთ უფალს“, - განმარტა კარდინალმა.

 

კარდინალმა ასევე ხაზი გაუსვა ქრისტიანული გზის სულიერ განზომილებას: „იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში 'ცოცხალი წყალი' მიიღოთ, სულიწმინდის წინამძღოლობა გჭირდებათ, რათა ეზიაროთ წმიდა სამების სიყვარულს და გამოსცადოთ ღვთის გამოცხადება ლიტურგიისა და საიდუმლოებების მეშვეობით. არ შეიძლება შემოიფარგლოთ მხოლოდ კატეხიზაციაზე გაკეთებული ჩანაწერებით; თქვენ მოწოდებულნი ხართ, უფალთან ლოცვით დაამყაროთ კავშირი და იცხოვროთ ეკლესიაში ერთობითა და თანაზიარობით“.

 

2026 წლის დიდმარხვის ეპისტოლეში, კარდინალმა ჩოუმ აღნიშნა, რომ „მხოლოდ მაშინ, როცა ღვთის იმედში თავად ვართ ფესვგადგმულნი, შეგვიძლია ვიყოთ იმედის ეფექტური მაცნეები სხვებისთვის“. ეს ეხმიანება მის მოწოდებას ახალმონათლულებისადმი, რომ ისინი გახდნენ „იმედის ნამდვილი მატარებელნი“.

 


ნათლობის მსურველთა რაოდენობით, ევროპის კონტინენტზე, საფრანგეთმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. დიდმარხვის დაწყებისთანავე დაიწყო მომზადების დასკვნითი ეტაპი იმ ზრდასრულებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც დიდ შაბათს მოინათლებიან. საფრანგეთის სხვადასხვა ეპარქიებიდან შემოსული მონაცემები ადასტურებს, რომ ნათლობის მსურველთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ წელს მონათლულთა რიცხვი მორიგ რეკორდულ ზღვარს — 20 000 ადამიანს გადააჭარბებს.

 

როგორც ყოველკვირეული გამოცემა Famille Chrétienne იუწყება, პარიზში ნათლობის სურვილი 788-მა ადამიანმა გამოთქვა (გასულ წელს ეს რიცხვი 672 იყო). მოში (Meaux) 770 მოზარდი და ზრდასრული მოინათლება (+16%), ევრიში (Evry) — 519 (+17%), ვერსალში — 800-ზე მეტი (+20%), პონტუაზში (Pontoise) — 683 (+12%), ტულუზაში — 450 (+25%), მონპელიეში — 351 (+27%), რენში — 264 (+32%), ლიონში — 710 (+15%), ორლეანში — 253 (+55%), მეცში (Metz) — 189 (+22%), კლერმონ-ფერანში — 128 (+30%), ხოლო კამბრეში (Cambrai) — 286 (+19%).



ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ მომავალ აღდგომას ახალმონათლული მოზარდებისა და ზრდასრულების რაოდენობა სიმბოლურ ზღვარს — 20 000-ს გადააჭარბებს.


შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ნათლობის სურვილი რეკორდულმა რაოდენობამ, 17 800-მა ადამიანმა გამოთქვა, რაც წინა წელთან შედარებით 5 ათასით მეტი იყო. შედარებისთვის, 2015 წელს კატეხუმენთა რიცხვი 4 ათასზე ნაკლებს შეადგენდა.

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page