top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკება საქართველოში

სამდღიანი ლოდინის შემდეგ, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკება საქართველოში ჩამოაბრძანეს. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ქანდაკება ქვეყნის კათოლიკურ სამრევლოებს მოივლის ჩვეული მისიით: „მშვიდობა ყველგან“.





უკვე სამი დღეა საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებას ელოდებიან. ეკლესიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ქანდაკებამ ჩამოსვლა დააგვიანა. საბოლოოდ იგი ლონდონიდან თურქეთის გავლით, პორტუგალიიდან ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქანდაკების წამოსაბრძანებლად თავად ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო და საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი იმყოფებოდნენ.

ქანდაკება სპეციალურად მისთვის მომზადებულ, თეთრვარდებიან სადგამზე დაიდგა და მოსალოცად გაემგზავრა.


პირველი სამრევლო საქართველოში, საიდანაც ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებით მომლოცველობის დაიწყო, რუსთავი აღმოჩნდა.


რუსთავის გულმოწყალების სახელობის ტაძარში ქანდაკება საღამოს თავად ტაძრის წინამძღვარმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა მიაბრძანა. მომლოცველებმა ღვთისმშობელთან ერთად ტაძრის გარშემო პროცესია გამართეს, იგალობეს, მოისმინე ფატიმას სასწაულების შესახებ ამბავი, მონაწილეობა მიიღეს წმ. წირვაში და ჰქონდათ დრო პირადი ლოცვისათვის.


ეს დღე სიმბოლური აღმოჩნდა რუსთავში მცხოვრები კათოლიკეებისათვის. 6 წლის წინ, 2016 წლის 30 სექტემბერს, როცა საქართველოს პაპი ფრანცისკე ესტუმრა, მან „გულმოწყალების კარი“ დალოცა, რომელიც რამდენიმე თვე იდგა რუსთავის ტაძრის ადგილას და მორწმუნეები სიმბოლურად გადიოდნენ მასში. ზუსტად 6 წლის შემდეგ კი, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებამ მომლოცველობა რუსთავის უკვე აშენებული „ღვთიური გულმოწყალების“ ტაძრიდან დაიწყო. ამაზე საუბრობს წმინდა საყდრის დესპანიც საქართველოში:


„2016 წელს, პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის დროს, ლიტურგიისას პაპმა საიუბილეო გულმოწყალების წელში დალოცა „გულმოწყალების კარი“. დღეს, პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტიდან მეექვსე წლისთავზე, ღვთისმშობლის ფატიმის ქანდაკება საქართველოში მომლოცველობას იმავე „წმინდა კარის“ გავლით იწყებს. ეს კარი ახლა რუსთავში კათოლიკური ეკლესიის წინა შესასვლელია“, – წერს არქიეპისკოპოსი ჟოზე ბეტანკური.


მიუხედავად მიმლოცველობის დაგვიანებისა, ქანდაკება საქართველოს თითქმის ყველა კათოლიკურ სამრევლოს, ორდენს, კონგრეგაციასა და დაწესებულებას მოივლის.


"ამდენი ლოდინის შემდეგ, ამდენი სირთულისა და საფიქრალის შემდეგ, ფატიმის ღვთისმშობელი შეუდგა საქართველოში და სრულიად ამიერკავკასიაში მოგზაურობას. ეს ქანდაკება მოელის მასპინძელი საკრებულოებისა და მწყემსთა მოწიწებასა და სიყვარულს. ის შენს სიყვარულსაც მოელის. ვადიდოთ ყოვლადწმიდა მარიამი და უფალი!", - წერს ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო.


რუსთავის საკრებულოდან ფატიმის ღვთიმშობლის ქანდაკება დედა ტერეზას დების კონგრეგაციის სახლში გადააბრძანეს, სადაც ღამით დარჩება. 1 ოქტომბერს კი იგი სალელი დედების სახლს მოილოცავს და წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარში გადააბრძანებენ.





თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page