top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფიქრი ადვენტზე – მამა მარეკ პჟეჩევსკი


და კიდევ ერთი წელი გავიდა... ლიტურგიაში ჩვეულებრივი ჟამი დასრულდა და ისევ ადვენტი დაიწყო. კვლავ მოვა შობა, დიდმარხვა, აღდგომა და ა.შ. დრო თითქოს წრეზე ტრიალებს და ისევ საწყის წერტილამდე მივყავართ.


ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია კორინთის მეფის, სიზიფის ფიგურა, რომელიც ყველგან ცხვირის ჩაყოფისა და დაუფიქრებლობის გამო, დაუსრულებელი შრომით დაისაჯა: დიდ მთაზე ააქვს ლოდი, როცა მთის მწვერვალს მიუახლოვდება, ლოდი ხელიდან უსხლტება მთის ძირზე ეცემა. ამიტომ სიზიფი ისევ თავიდან იწყებს საქმეს.


დასაწყისთან დაბრუნების ეს კონცეფცია, ცხადია, ტყუილია და საერთო არაფერი აქვს ჩვენს ქრისტიანულ კონცეფციასთან ახალი საწყისის შესახებ. ყოველ წელს,ადვენტი გვიხმობს მადლობა გადავიხადოთ ახალი საწყისის მადლის მონიჭებისთვის.


როგორცვიცით, ღვთაებრივი გამოცხადების მიხედვით, დრო ციკლური არ არის, იგი არ ბრუნავს წრეზე, არამედ წრფივია, ანუ დაიწყო და დასასრულს უახლოვდება.


ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ ჩვენი ცხოვრების ციკლურ ხასიათს. უკეთესია, ის წარმოვიდგინოთ, როგორც „აღმავალი სპირალი“. მართალია, ყოველწლიურად ვუბრუნდებით ერთსა და იმავე ადგილს, ადვენტის დასაწყისს, მაგრამ ყოველწლიურად ავდივართ ერთი საფეხურით მაღლა და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით დასასრულს.


ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, თავიდან დაწყება წყევლა არ არის, არამედ მადლი. მთელი ცხოვრება ამას გვეუბნება: ყოველი დილა ახალი დღის დასაწყისია; ყოველი კვირა ახალი კვირის დასაწყისია; ყოველი 1–ელიიანვარი ახალი წლის დასაწყისია. თუ ღმერთი გვაძლევს ახალ დღეს, ახალ კვირას ან ახალ წელს, ეს ნიშნავს, რომ ის გვაძლევს ახალ შანსს და ახალ შესაძლებლობებს. წარსული, გარკვეული თვალსაზრისით, არ ითვლება და როგორც წმინდა პავლე ფილიპელთა ეპისტოლეში წერს: „ჩვენ შეგვიძლია გავწვდეთ ხელებით იმას, რაც გველის წინ“.


თუ გუშინ ვერ მოახერხე რაღაც, დღეს ახალი დღეა და ახალი შესაძლებლობა გაქვს.

ადვენტი მოგვიწოდებს მომავლისკენ ვიყუროთ. ეს არის აქტიური და ინტენსიური მოლოდინი ქრისტეს დიდებაში საბოლოოდ მოსვლისთვის, მაგრამ ასევე მისი პირველი მოსვლის ხსოვნისადმი, შობის საზეიმო დღესასწაულზე.


ახალი დასაწყისის წყალობით, ეს ლოდინი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გამოვტოვეთ ადვენტის პირველი კვირა, მიუხედავად იმისა, რომ სამუდამოდ დავკარგეთ ბევრი დრო ჩვენს ცხოვრებაში. დღეს, ახალი დღე და ახალი საწყისია.


გავიხსენოთ კეთილი ავაზაკი სიცოცხლის ბოლო საათში, გავიხსენოთ იგავი ვენახში მშრომელთა შესახებ, იმან, ვინც მხოლოდ ბოლო საათი იშრომა, იგივე ხელფასი მიიღო, რაც სხვებმა…

მორწმუნისთვის ადვენტი ნიშნავს ხელახლა დაწყების უნარს და არდანებებას. ამ ჟამის განმავლობაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია კვლავ დაუბრუნდე ლოცვას, კვლავ იცხოვრო სახარების თანახმად, კვლავ შეხვდე მომავალ იესოს, კვლავ აღასრულო მოყვასის მიმართ კეთილი საქმეები. ეს გახდება ჩვენს გულებში მშვიდობის წყარო, რადგან ჩვენ ცოდვით დამძიმებული ადამიანები ვართ. ჭეშმარიტი მშვიდობა მოდის უფლის მიტევებისა და ახალი საწყისის მადლის მეშვეობით.


მამა მარეკ პჟეჩევსკი
რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძრის წინამძღვარი

コメント


bottom of page