თბილისში, სალელთა კონგრეგაციაში მსახურება კიდევ ერთმა მონაზონმა დაიწყო
2026 წლის სექტემბრიდან თბილისში მოღვაწე სალელ დებს კიდევ ერთი მონაზონი შეემატათ. წარმოშობით უკრაინელმა, და ნატალია ვაკულიშინამ მონაზონი ანა გრეტკირევიჩი ჩაანაცვლა.

მონაზონი ნატალია ვაკულიშინა (FMA) დაიბადა უკრაინის ქალაქ სუმიში. კლასიკური გიმნაზია, სადაც ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლება მიმდინარეობდა, ოქროს მედალზე დაამთავრა. მოგვიანებით, სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საწარმოთა ეკონომიკის მიმართულებით ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მიიღო.
სწავლის დასრულების შემდეგ, ოთხი წელი, უნივერსიტეტში ასწავლიდა ეკონომიკასა და გარემოსდაცვით ეკონომიკას. პარალელურად, მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე გარემოსდაცვითი ეკონომიკის სფეროში. იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, რომლებიც ეხებოდა გარემოსდაცვით ეკონომიკას, განათლებასა და უკრაინაში მესამე სექტორის განვითარებას.
2004 წელს მონაზონმა ნატალიამ დაიწყო ფორმაცია „ქრისტიანთა შემწე მარიამის ქალიშვილთა ინსტიტუტში (FMA)“. ფორმაციის პირველი ეტაპი ოდესაში გაიარა, შემდეგ კი სწავლა და ფორმაცია იტალიაში განაგრძო.
2011 წლის 6 აგვისტოს, იტალიის ქალაქ კასტელ განდოლფოში, მან პირველი რელიგიური აღთქმა დადო, სამუდამო აღთქმა კი 2017 წელს, თავის მშობლიურ ქალაქ სუმიში.
ამის შემდეგ, და ნატალია ძირითადად უკრაინაში ოდესასა და ლვოვში მსახურობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი მოსკოვის თემშიც. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მან მოსკოვი დატოვა და უკრაინაში დაბრუნდა.
2022 წლიდან მას მსახურება გააგრძელა კიევში, ქრისტიანთა შემწე მარიამის ქალიშვილთა ახალ თემში, რომელიც 2021 წელს დაარსდა.
2023-დან 2026 წლამდე და ნატალია კიევის თემის წინამძღვარი იყო. იგი კიევში ჩავიდა, რათა წვლილი შეეტანა ქრისტიანთა შემწე მარიამის ქალიშვილების მიერ დაარსებული და მართული ახალი დაწყებითი სკოლის მისიონერულ საქმიანობაში, ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების სამწყსო მსახურებაში. დების სკოლაში იგი ასწავლიდა ინგლისურ და იტალიურ ენებს, უკრაინულ ენასა და ლიტერატურას, ასევე ქრისტიანულ ეთიკას. ამასთან, იგი მსახურობდა სამრევლოს კატეხისტად, მოხალისეობდა „რადიო მარია უკრაინაში“ და აქტიურად მონაწილეობდა ბავშვებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოზარდების, სამწყსო მსახურებაში ეპარქიის დონეზე.
და ნატალიას მშობლები და ოჯახის წევრები კვლავ სუმიში ცხოვრობენ, რომელიც რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქს დღეში რამდენჯერმე ბომბავენ, საჰაერო განგაშის სიგნალები კი თითქმის მუდმივად ისმის. მიუხედავად არსებული საფრთხისა და სიცოცხლის რეალური რისკისა, სუმიში ცხოვრება გრძელდება. ამ მძიმე ვითარების მიუხედავად, და ნატალიას ოჯახი კვლავ იქ რჩება და ძალას მრავალი ადამიანის ლოცვითი მხარდაჭერისგან იღებს –ადამიანებისგან, რომლებიც უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცულობენ.
და ნატალია ფლობს უკრაინულ, ინგლისურ, იტალიურ, პოლონურ და რუსულ ენებს.

2026 წლის 4 სექტემბერს და ნატალია თბილისში ჩამოვიდა, რათა თავისი ცხოვრების ახალი ეტაპი და ახალი მისია დაიწყოს სალელ მონაზონთა კონგრეგაციაში.
მან თბილისში მონაზონი ანა გრეტკირევიჩი ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი საქართველოში 23 წელი, 2003 წლიდან მსახურობდა.





Comments