ნაწილი II
ღვთისმშობლის გამოცხადება
ღვთისმშობლის I გამოცხადება - 1917 წლის 13 მაისი
1917 წლის 13 მაისს, ჟასინტასთან და ფრანცისკუსთან ერთად დავა და ირიას ფერდობზე ვთამაშობდი. ხშირი ბუჩქების ირგვლივ კედელს ვაშენებდით, როცა მოულოდნელად თანმიმდევრული გაელვება დავინახეთ. “სჯობს სახლში წავიდეთ, ელავს და შეიძლება ჭექა–ქუხილი მოჰყვეს”, – ვუთხარი ჩემს ნათესავებს. “კარგი!”– მიპასუხეს მათ.
ჩამოვედით ფერდობიდან და ცხვრებს გზისკენ მივერეკებოდით. ფერდობი ჯერ ჩამოვლილი არ გვქონდა, რომ იქვე მდგარ დიდ მუხის ხესთან კვლავ დავინახეთ გაელვება. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგით, კლდეზე მდგარ მუხის თავზე თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი შევნიშნეთ, რომელიც მზესავით ასხივებდა. მისი ნათება მზის ნათებაზე ძლიერი იყო და ბროლის ჭურჭელში მოელვარე წყალს ჰგავდა. ამ სანახაობით გაოცებულები შევჩერდით. ისე ახლოს ვიყავით, რომ მისმა სხივებმა მოგვიცვა. იმ სხივებმა, რომელიც მას ერტყა გარს, ან რომელსაც იგი ასხივებდა. ჩვენ შორის მანძილი დაახლოებით მეტრ–ნახევარი იყო.
ქალბატონმა გვითხრა: “ნუ გეშინიათ! არაფერს გავნებთო”. “საიდან ხართ–მეთქი?”– ვკითხე. “ზეციდან ვარ!”– მიპასუხა ქალბატონმა. “და რა გნებავთ ჩემგან?” ისევ დავუსვი კითხვა. “მოვედი, რომ გთხოვოთ, რათა ამ ადგილზე მოხვიდეთ 6 თვის განმავლობაში, ყოველ 13 რიცხვში. შემდეგ გეტყვით ვინ ვარ და რა მსურს. დავბრუნდები კიდევ შვიდჯერ”. (მეშვიდე გამოცხადება მოხდა 1921 წლის 16 ივნისს. ის იყო ლუსიას ვილარ დე პორტოში წასვლამდე ერთი დღით ადრე. ეს პირადული ხასიათის გამოცხადება გახდა ლუსიასთვის, ამიტომაც მას მნიშვნელოვნად არ თვლიდა).
“ზეცაში წავალ?” – ვიკითხე მე. “დიახ!” – მითხრა ქალბატონმა. “ჟასინტაც?” “დიახ, ისიც!”. “ფნაცისკუ?“ “ფრანცისკუც, მაგრამ მან ძალიან ბევრი უნდა ილოცოს „სავარდი”, – მიპასუხა ქალბატონმა.
უცბად, გამახსენდა ჩემი ორი მეგობარი გოგონა, რომლებიც ცოტახნის წინ გარდაიცვალნენ და ჩემი უფროსი დისგან ქსოვას სწავლობდნენ. კვლავ შევეკითხე: “მარია დას ვერასი უკვე ზეცაშია”? “დიახ ზეცაშია”, – მიპასუხა. “ამელია”? “ის განსაწმენდელი დარჩება წუთისოფლის აღსასრულამდე”. მიპასუხა ქალბატონმა. (თუ კარგად მახსოვს, მარია იყო 16 წლის, ხოლო ამელია ან 18 ან 20. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ პირდაპირ. წუთისოფლის აღსასრულამდე შეიძლება ნიშნავდეს ძალიან დიდ პერიოდს).
ქალბატონმა კვლავ გვკითხა: “თუ გსურთ შესწიროთ ღმერთს ყველა თქვენი ტანჯვა, რომელსაც იგი მოგივლენთ ცოდვების მოსატევებლად, რომლებითაც იგი გაანაწყენეთ და ცოდვილთა მოქცევისათვის?” მე ვუპასუხე, რომ გვსურდა. “ბევრს დაიტანჯებით, მაგრამ ღვთის მადლი თქვენი ძალა იქნება”, – მითხრა მან.
ბოლო სიტყვების წარმოთქმისას (ღვთის მადლი და ა.შ) პირველად გაშალა ხელები და მოგვასხივა ძალიან ძლიერი სინათლე, რომლის ანარეკლიც თითქოს მისი ხელებიდან მოდიოდა. ამ სინათლემ შეაღწია ჩვენი სულების სიღრმეებში ისე, რომ ერთმანეთს ვხედავდით ღმერთში, რომელიც ის ნათელია. ვხედავდით ერთმანეთს უფრო ნათლად, ვიდრე ყველაზე საუკეთესო სარკეში. შინაგანი ძალით აღვსილები დავეცით მუხლებზე და მთელი ძალით ვიმეორებდით ლოცვას: “ჰოი, სამებაო უწმინდესო. გაღმერთებ. ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო მიყვარხარ უწმინდეს საიდუმლოში”. ცოტა ხანში ჩვენმა ძვირფასმა ქალბატონმა დაამატა. “ილოცეთ ყოველდღე სავარდი, რათა მსოფლიოს მოუტანოთ მშვიდობა და დასრულდეს ომი”. შემდეგ მშვიდად გაემართა აღმოსავლეთის მხარეს და გაუჩინარდა უსასრულო სიშორეში. ნათელი, რომელსაც იგი ასხივებდა, თითქოს ზეცის კარამდე მიუძღოდა წინ. სწორედ ამიტომ ვამბობდით არაერთხელ, რომ ვიხილეთ, თუ როგორ იხსნებოდა ზეცა.
ჩემს წერილებში არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქალბატონის წინაშე არანაირ შიშს არ განვიცდიდით. იქამდე, მოახლოებული ჭექა–ქუხილისას ვიმალებოდით ხოლმე, მაგრამ ღვთისმშობლის გამოცხადება არ აღძრავდა ჩვენში არც შიშსა და არც საფრთხეს, ჩვენთვის ეს იყო საოცრება. როდესაც მეკითხებოდნენ მეშინოდა თუ არა, ვპასუხობდი რომ დიახ! მაგრამ ეს ისეთი, შიში არ არის გაელვებისას და ჭექა–ქუხილისას რომ მეუფლებოდა, შიში, რომლის დროსაც თავშესაფარს ვეძებდი. ჩვენ გაელვებას მხოლოდ ჭექა–ქუხილის მოახლოებისას ვხედავდით, თუმცა ეს გაელვება არ იყო ამინდის არევის გაელვება, არამედ იყო ნათლის ელვარება, რომელიც გვიახლოვდებოდა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ვხედავდით ჩვენკენ მომავალ მშვენიერ ქალბატონს. ღვთისმშობლის შეცნობა მხოლოდ იმ შუქში იყო შესაძლებელი, როცა იდგა მუხის ხის თავზე. თუმცა ამის ახსნას ვერ ვახერხებდით და გავურბოდით გამაღიზიანებელ შეკითხვებს. ვამბობდით, რომ ვხედავთ, თუ როგორ მოდის ჩვენკენ... შემდეგ ვამბობდით, რომ მას ვერ ვხედავდით... როცა ვამბობდით რომ ვხედავდით, მას, რომელიც გვიახლოვდებოდა, ვგულისხმობდით ნათელს, რომელიც რა თქმა უნდა, იყო ღვთისმშობელი, ხოლო როცა ვამბობდით, რომ ვერ ვხედავდით თუ როგორ მოდიოდა, ვგულისხმობდით, რომ ვიხილეთ მხოლოდ მაშინ, როცა კლდეზე მუხის ხის თავზე იყო.
ღვთისმშობლის II გამოცხადება – 1917 წლის 13 ივნისი
1917 წლის 13 ივნისს, ჟასინტასთან, ფრანცისკესთან და სხვა იქ მყოფ პირებთან ერთად „სავარდის“ ლოცვისას კვლავ დავინახეთ მოელვარე ნათელი, რომელიც გვიახლოვდებოდა. (ის, რასაც ჩვენ გაელვება ვუწოდეთ). კვლავ იმავე ადგილზე გამოგვეცხადა ქალბატონი, რომელიც ძალიან ჰგავდა 13 მაისს გამოცხადებულ პიროვნებას.
“რა გსურთ ჩემგან?” – ვკითხე. ”მინდა, რომ მომდევნო თვის 13 რიცხვშიც მოხვიდეთ ამ ადგილზე, ილოცოთ სავარდი და ისწავლოთ კითხვა, მოგვიანებით გეტყვით რაც მსურს”. მე ვთხოვე ერთი სნეულის განკურნება, მან კი მითხრა: “თუ მოიქცევა, განიკურნება ამ წელიწადში”. მე ვთხოვე, რომ წავეყვანეთ ზეცაში.
“დიახ! ჟასინტას და ფრანცისკუს ძალიან მალე წავიყვან, შენ კი მოგიწევს კიდევ ცოტა ხანს დარჩენა დედამიწაზე, იესოს სურს, რომ ემსახურო, რათა ხალხმა გამიცნოს და შემიყვაროს. მსურს, რომ დედამიწაზე დადგინდეს ჩემი უმანკო გულის დღესასწაული”. (ლუსიას სიჩქარის გამო გამორჩა ბოლო წინადადება, რომელიც სხვა დოკუმენტებში შემდეგნაირად ჟღერს: “ვინც ამას მიიღებს, ვპირდები ხნას მისი ტახტის დამშვენებისათვის”).
“მარტო დავრჩები?“,– ვიკითხე დამწუხრებულმა. “არა, ჩემო გოგონა, ძალიან დამწუხრდი? არ დაკარგო გამბედაობა, მე არასდროს მიგატოვებ. ჩემი უმანკო გული იქნება შენი თავშესაფარი და გზა, რომელიც წაგიძღვება ღვთისაკენ”, – მიპასუხა ქალბატონმა.
როცა ბოლო სიტყვებს ამბობდა, კვლავ გაშალა ხელები და ჩვენზე მისი ნათლის ანარეკლი გადმოვიდა. ჟასინტა და ფრანცისკუ ნათლის იმ მხარეს იდგნენ, რომელიც ზეცისკენ იყო აპყრობილი, მე კი იმ მხარეს, რომელიც დედამიწას ეფინებოდა.
ღვთისმშობელს მარჯვენა ხელში ეპყრა გული, რომელიც ეკლებით იყო გარშემორტყმული, რომლებმაც თითქოს განგმირეს იგი. მივხვდით, რომ ის იყო მარიამის უმანკო გული, რომელიც ადამიანთა ცოდვების გამო შეურაცხყოფილი იყო და რომელსაც სწყუროდა მათი მოქცევა. ამ ყველაფერში, თქვენო უსამღვდელოესობავ, იმას ვგულისხმობდით, რომ როცა ღვთისმშობელი გამოგვეცხადა ივნისში დაფარულად, მას არ უთქვამს შეგვენახა ეს საიდუმლოდ, თუმცა ვგრძნობდით, რომ ღმერთი ამისკენ გვიბიძგებდა.
ღვთისმშობლის III გამოცხადება – 1917 წლის 13 ივლისი
1917 წლის 13 ივლისს, შეკრებილ დიდძალ ხალხთან ერთად „სავარდს“ ვლოცულობდით, როცა დავინახეთ ჩვენთვის უკვე ნაცნობი ანარეკლი, შემდეგ კი ღვთისმშობელი მუხის ხის თავზე. “რა გსურს ქალბატონო ჩემგან?“ – კვლავ ვკითხე.
მან კი მიპასუხა: “მინდა, რომ აქ კვლავ მოხვიდე მომდევნო თვის 13 რიცხვში, მსურს, რომ სავარდის ღვთისმშობლის პატივსაცემად, ლოცვა ყოველ დღე განაგრძოთ, რათა დედამიწაზე დამყარდეს მშვიდობა და დასრულდეს ომი. ვინაიდან, მხოლოდ მას შეუძლია ამ მადლის ბოძება”. “იქნებ გვითხრა ვინ ხართ, რა გსურთ და მოგვივლინოთ სასწაული, რათა ყველამ ირწმუნოს”, – ვუთხარი მე. “განაგრძეთ ამ თვეების განმავლობაში აქ სიარული და ოქტომბერში გეტყვით, ვინ ვარ და რა მსურს. მოგივლენთ სასწაულს, რომ ყველამ ირწმუნოს”.
შემდეგ რამდენიმე თხოვნა მივაყოლე. მართალია, აღარ მახსოვს რა ვთხოვე, მაგრამ მახსენდება, რომ ჩვენმა ძვირფასმა ქალბატონმა მითხრა, რომ საჭიროა სავარდის ლოცვა, რათა მთელი წლის განმავლობაში, მივიღოთ მადლი: “სადაც არ უნდა იყოთ, შესწირეთ მსხვერპლი ცოდვილთათვის და თქვით: იესო, ამას ვაკეთებ შენთვის სიყვარულით, ცოდვილთა მოსაქცევად და მარიამის უმანკო გულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების მოსატევებლად”.
ბოლო სიტყვების წარმოთქმისას, ქალბატონმა კვლავ გაშალა ხელები, როგორც გასულ თვეებში. მისი სინათლის სხივებმა შეაღწია მიწაში და ვიხილეთ ცეცხლის ზღვა, ცეცხლში კი იყვნენ არაწმინდა სულები და ადამიანები, რომლებიც ჰგავდნენ გამჭვირვალე გავარვარებულ ნახშირს და იწვოდნენ იმ ცეცხლში. ეს ფიგურები ჩაყრილი იყვნენ ცეცხლში და როგორც დიდი ხანძრის დროს ნაპერწკლები, ისე ცვიოდნენ ყველა მხრიდან. ისინი იყვნენ მსუბუქნი, როგორც ბუმბული წონისა და წონასწორობის გარეშე, ესოდენ გამაყრუებელი ყვირილი, ყმუილი და იმედგაცრუება იწვევდა საშინელ კანკალს. (ამის შემხედველს უნდა მეყვირა “აჰ!” ვინაიდან, ხალხს თითქოს ეს ესმოდა).
ეშმაკები განსხვავდებოდნენ ადამიანებისაგან საშინელი და ამაზრზენი გარეგნობით, რომლებიც ჰგავდნენ ზოგიერთ უცნობ საშინელ ცხოველს და ამავდროულად, იყვნენ გამჭვირვალე გავარვარებული ნახშირებივით. შეშინებულებმა აღვაპყარით თვალი ჩვენი ქალბატონის მიმართ, დახმარების თხოვნით, მან კი სიკეთითა და მწუხარებით აღსავსემ გვითხრა: “თქვენ იხილეთ ჯოჯოხეთი, სადაც ცოდვილები მიდიან, იმისათვის, რომ ისინი დახსნილ იქნან, ღმერთს სურს დედამიწაზე იზეიმებოდეს ჩემი უმანკო გულის დღესასწაული. თუ გააკეთებთ იმას, რასაც გთხოვთ, ბევრი სული იქნება დახსნილი ჯოჯოხეთიდან და დედამიწაზე დაისადგურებს სიმშვიდე. ომი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ თუ ადამიანები არ შეწყვეტენ ღვთის განაწყენებას, პაპ პიუს მეთერთმეტის პონტიფიკატობის პერიოდში დაიწყება მეორე ომი, გაცილებით საშინელი და გამანადგურებელი. როდესაც შუაღამისას დაინახავთ უცნაურ სინათლეს, (გულისხმობდა შუაღამის ზებუნებრივ გაელვებას, რომელიც მოხდა ევროპის თავზე 1938 წლის 25 იანვარს, ლუსია თვლიდა, რომ ეს იყო ნიშანი ზეციდან)
გახსოვდეთ, რომ ეს იქნება სასჯელი დედამიწაზე, სადაც იქნება ომი, შიმშილი, ეკლესიისა და წმინდა მამის დევნა. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მოვლენ, რათა ჩემს უმანკო გულსა და წმინდა ევქარისტიას სთხოვონ რუსეთის კურთხევა, რომელიც იქნება ჯილდო პირველ შაბათს. თუ ჩემი თხოვნა შესრულდება, რუსეთი მოიქცევა და მშვიდობა დაისადგურებს, თუ არა და უღმერთოების პროპაგანდა გაავრცელებს თავის მცდარ სწავლებას მთელს დედამიწაზე, რაც გამოიწვევს ომებსა და ეკლესიის დევნას. მართალი ადამიანები დაიტანჯებიან, ხოლო წმინდა მამა ძალიან ბევრ განსაცდელს გაივლის, სხვადასხვა ერი გადაშენდება, მაგრამ საბოლოოდ ჩემი უმანკო გული იზეიმებს. წმინდა მამა მომიძღვნის მე რუსეთს, რომელიც მოიქცევა და დედამიწაზე რაღაც დროით დაისადგურებს მშვიდობა. პორტუგალიაში ყოველთვის იქნება შენახული რწმენის დოგმატი... ეს არავის უთხრათ, ფნაცისკუს შეგიძლიათ უთხრათ. როდესაც ილოცებთ სავარდს, ყოველი საიდუმლოს ბოლოს ილოცეთ და თქვით. ჰოი ჩემო იესო, მოგვიტევე ცოდვანი ჩვენნი, დაგვიცავი ჯოჯოხეთის ცეცხლისაგან და მიიყვანე ყოველი სული ცათა სასუფეველში, განსაკუთრებით კი შეეწიე მათ, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ შენს გულმოწყალებას”. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მე კი ვკითხე: “ქალბატონი, კიდევ რამე ხომ არ გსურს ჩემგან, უფრო მეტი?“ მან კი მიპასუხა: “არა! დღეს შენგან მეტი არაფერი მსურს”. და ჩვეულებისამებრ გადაიწია აღმოსავლეთისაკენ და გაუჩინარდა უსასრულობის კიდეებში.
ღვთისმშობლის IV გამოცხადება – 1917 წლის 19 აგვისტო
1917 წლის 13 აგვისტო. ამის შესახებ უკვე ვისაუბრე, თუ რა მოხდა ამ დღეს და აღარ მინდა გამეორება, მაგრამ ჩემი აზრით, გამოცხადებასთან მივდივარ 15–ში საღამოს, ვინაიდან იმ დროს, ჯერ კიდევ ვერ ვარჩევდი თვეებსა და დღეებს ბოლომდე. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა ვბრუნდებოდით ვილა ნოვა დე ოურემის ციხიდან. (ლუსია ცდება, თუ თვლის, რომ გამოცხადება იმავე დღეს მოხდა, როდესაც ციხიდან ბრუნდებოდნენ. გამოცხადება მოხდა 19 რიცხვში ანუ მომდევნო კვირაში).
როდესაც ფრანცისკუსთან და მის ძმასთან, იანთან ერთად ცხვრებს მივერეკებოდით ადგილისკენ, რომელსაც ვალინოსი ჰქვია, ვიგრძენი, რომ რაღაც ზებუნებრივი გვიახლოვდებოდა. ვიფიქრე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლის გამოცხადება. დავიწუწუნე, რომ ჟასინტა ვერ ნახავდა ამას. ვთხოვე მის ძმას, იანს, რომ წასულიყო ჟასინტას დასაძახებლად, მაგრამ მას ეზარებოდა, ამიტომაც მივეცი მას 20 გროში და უცბად გაიქცა. ამ შუალედში ფრანცისკუსთან დავინახე ნათელი, რომელსაც ჩვენ ელვას ვუწოდებდით. მალევე, ჟასინტას მოსვლის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა ღვთისმშობელი მუხის ხის თავზე.
“რას ისურვებთ ჩემგან?”, – ვკითხე. მან კი მიპასუხა: “მსურს, რომ 13 რიცხვში მოხვიდეთ კოვა და ირიაში და ყოველდღე ილოცოთ სავარდი. ბოლო თვეში მოგივლენთ სასწაულს, რათა ყველამ ირწმუნოს”.
“რა ვუყოთ ფულს, რომელსაც სწირავენ ადამიანები კოვა და ირიადან?”
“გააკეთეთ ორი მოძრავი საკურთხეველი, ერთ საკურთხეველს წაიღებ შენ ჟასინტასთან და ორ, თეთრებში გამოწყობილ სხვა გოგონებთან ერთად, ხოლო მეორე საკურთხეველს წაიღებს ფრანცისკუ სამ სხვა ბიჭთან ერთად. ფულს, რომელსაც შესწირავენ ამ საკურთხევლებისთვის, განკუთვნილია სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულისთვის, დანარჩენი თანხა კი გამოიყენება იმ სამლოცველოს ასაშენებლად, რომელიც აქ უნდა აშენდეს”.
“მინდა, გთხოვო რამდენიმე სნეულის გამოჯანმრთელება”.
“დიახ! ზოგიერთს განვკურნავ, ილოცეთ, ილოცეთ ბევრი და შესწირეთ ძღვენი ცოდვილთათვის, რადგან ბევრი სული მიდის მარადიულ სატანჯველში. ვინაიდან, მათ არავინ ჰყავთ, ვინც მათთვის ილოცებს და ძღვენს შესწირავს”.
და ჩვეულებისამებრ გაემართა აღმოსავლეთის მიმართულებით.
ღვთისმშობლის V გამოცხადება – 1917 წლის 13 სექტემბერი
1917 წლის 13 სექტემბერი. როცა მოახლოვდა ჟამი, ჟასინტასთან და ფრანცსიკუსთნ ერთად გავარღვიეთ ხალხის ბრბო, რომლებმაც თითქმის გაგვჭყლიტეს. ქუჩა სავსე იყო ხალხით. ყველას სურდა ჩვენი დანახვა და ჩვენთან საუბარი. ერთმანეთისა არ ეშინოდათ. ბევრი ადამიანი, მათ შორის დაფასებული ბატონი და ქალბატონიც გვჭყლეტდნენ იმ ბრბოში. ჩვენ წინ მუხლებზე ეცემოდნენ, სხვები, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩვენთან მოახლოება, შორიდან ყვიროდნენ:
“ღვთის გულისათვის, სთხოვეთ ღვთისმშობელს, რათა ჩემი დავრდომილი შვილი გამოაჯანმრთელოს”.
სხვები ამბობდნენ:
“დაე, განკურნოს ჩემი უსინათლო შვილი”.
“ჩემი კი ყრუა, იქნებ განკურნოს”.
“დაე, ჩემი ქმარ–შვილი უვნებელი დამიბრუნოს ომიდან”.
“მე ცოდვილი კი მომაქციოს”.
“განმკურნოს სიმსივნიდან” და ა.შ
აქ ჩანდა საცოდავი კაცობრიობის იმედი. ზოგიერთები ხეებიდან ყვიროდნენ, ზოგიერთები კი კედლებზე იყვნენ ასულები, ზოგი კი ერთმანეთს კისერზე ასხდნენ, რომ ჩვენი დანახვა შესძლებოდათ, როცა მოვდიოდით. ზოგს ვპირდებოდით მათი ოცნებების ასრულებას, ზოგს კი ხელს ვუწვდიდით, რათა მიწიდან წამოგვეყენებინა. იქ მყოფი მამაკაცების დახმარებით შევძელით გაძრომა, ვინაიდან, მათ გაგვიკვალეს გზა ბრბოში. ახლა, როცა ვკითხულობ ახალ აღთქმაში სასწაულების სცენებს, რომლებიც ხდებოდა პალესტინაში იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ, მახსენდება ეს ყველაფერი, თუ როგორ გავიარე ეს გზა ბავშვობაში კოვა და ირიას, ფატიმასა და ალხურელეს ქუჩებსა და ბილიკებზე. ვმადლობ ღმერთს და ვწირავ ჩვენი კეთილი პორტუგალიელი ხალხის რწმენას. ვფიქრობ, რომ, თუ ჩვენს წინაშე იჩოქებოდნენ, სამი ღარიბი ბავშვის წინაშე, ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ღვთის სიყვარულის წყალობით, ღვთისმშობელთან საუბრის მადლი გამოვცადეთ.
რას ვიზამდით თავად იესო ქრისტე რომ გამოგვცხადებოდა? ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს ამ საკითხს არ ეხება. ეს იყო ბუმბულის სრიალის მიმართულება, რომლისკენაც სულაც არ მივისწრაფოდი. მოთმინება, კვლავ რაღაც ზედმეტი. ამას არ წავშლი, რომ არ გავაფუჭო რვეული. როგორც იქნა, მივედით კოვა და ირიამდე, კლდოვან მუხასთან და დავიწყეთ სავარდის ლოცვა ხალხთან ერთად. შემდგომ, ცოტა ხნით დავინახეთ სინათლის სხივი და მუხის ხის ზემოთ ჩვენი ქალბატონი. “განაგრძეთ სავარდის ლოცვა, რათა საბოლოოდ დასრულდეს ომები. ოქტომბერში გამოგეცხადებათ ასევე ჩვენი უფალი, ტანჯული ღვთისმშობელი და კარმელის მთიდან წმინდა იოსებ, ყრმა იესოსთან ერთად, დედამიწის საკურთხებლად. ღმერთს მოსწონს თქვენი მსხვერპლი და თქვენი გულები, მაგრამ არ მსურს, რომ საწოლში თან გქონდეთ კრიალოსანი. თან ატარეთ მხოლოდ დღის განმავლობაში".
“მონდობილი მაქვს, რომ გთხოვო ბევრი რამ, ერთი ავადმყოფისა და ერთი ყრუ–მუნჯის განკურნება”– ვუთხარი მე.
“დიახ! ზოგს განვკურნავ, ზოგს – არა. ოქტომბერში მოვახდენ სასწაულს, რათა ყველამ ირწმუნოს”, – მიპასუხა ღვთისმშობელმა.
და როგორც ყოველთვის, თვალს მოეფარა აღმოსავლეთის მიმართულებით.
ღვთისმშობლის VI გამოცხადება – 1917 წლის 13 ოქტომბერი
1917 წლის 13 ოქტომბერს სახლიდან ძალიან ადრე გამოვედით, რომ არ დაგვეგვიანებინა. ხალხი ჯგუფებად მოდიოდა. თავსხმა წვიმა იყო. დედაჩემი შიშობდა, რომ ეს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღე იყო და გულგახეთქილი გამომყვა. სცენა იგივე იყო, როგორც გასულ თვეებში, მაგრამ უფრო მეტი რაოდენობით და გაცილებით ამაღელვებელი. ხალხს არც ტალახი უშლიდა ხელს, რათა დაჩოქილიყო და თავმდაბლად ეთხოვათ თავიანთი გულისნადები. ზეციდან შთაგონებულმა, ხალხს ვთხოვე ქოლგები დაეკეცათ და ძლიერად ელოცათ სავარდი. კვლავ გამოჩნდა ზეციდან გაელვების მსგავსი სინათლე და გამოჩნდა ჩვენი ქალბატონი მუხის ხესთან.
“რა გსურს ჩემგან?” – კვლავ ვკითხე ღვთისმშობელს.
“მსურს, რომ ამ ადგილზე ამიგოთ სამლოცველო, მე ვარ სავარდის ღვთისმშობელი. საჭიროა განაგრძოთ სავარდის ლოცვა ყოველდღიურად. ომი მალე დასრულდება და სამხედროები მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს”,– მიპასუხა მან.
“მინდოდა მეთხოვა ძალიან ბევრი რამ. ზოგიერთების განკურნება და ცოდვილების მოქცევა”.
“ზოგს დავეხმარები, ზოგს–არა. უნდა გამოსწორდნენ და ითხოვონ პატიება საკუთარი ცოდვების გამო”, – მიპასუხა ღვთისმშობელმა.
და დამწუხრებული სახით დაამატა:
“დაე, ხალხი ნუღარ გაანაწყენებს ღმერთს თავისი ცოდვებით, ისედაც დიდი ხანია ღმერთს შეურაცხყოფენ ცოდვებით”.
კვლავ ფართოდ გაშალა ხელები ღვთისმშობელმა, რომელიც ირეკლავდა მზის სხივებს. ეს არის იმისი მიზეზი თუ რატომ დავუძახე ხალხს, თქვენო უსამღვდელოესობავ. მინდოდა, რომ ხალხს შეეხედა მისთვის. ჩემი განზრახვა არ ყოფილა ხალხის ყურადღების მიქცევა. ეს მხოლოდ ზემოდან მოცემული ძალით გავაკეთე, რომელმაც ამისკენ მომიწოდა.
როდესაც ჩვენი ქალბატონი კვლავ გაუჩინარდა უსასრულო სივრცეში, გავიხედეთ მზისკენ და დავინახეთ წმინდა იოსები, ყრმა იესოსთან ერთად და ჩვენი ქალბატონი თეთრ სამოსელში. მოსხმული ჰქონდა ცისფერი მოსასხამი. მომეჩვენა, რომ წმინდა იოსები იესოსთან ერთად აკურთხებდა მსოფლიოს ჯვრის გამოსახვით. ცოტა ხნის შემდეგ, გამოცხადება გაქრა და ვიხილეთ უფალი იესო ღვთისმშობელთან ერთად. ჩემი აზრით, იყო ტანჯული ღვთისმშობელი. უფალი იესოც ისევე აკურთხებდა მსოფლიოს, როგორც წმინდა იოსები. ცოტა ხანში, კვლავ გაქრა გამოცხადება, თუ კარგად მახსოვს, ასევე ვიხილე კარმელის მთის ღვთისმშობელი.
საბოლოო შენიშვნა
სწორედ ასეთი იყო 1917 წელს ღვთისმშობლის გამოცხადება კოვა და ირიაში, თქვენო უსამღვდელოესობავ! ყოველთვის, როცა რაიმე მიზეზით ამ საკითხებზე საუბარი მიწევდა, ვცდილობდი ეს ისე გამეკეთებინა, რომ გამომეტოვებინა ჩემი პირადი აზრი. რადგან ეს ძვირად დამიჯდებოდა. მაგრამ, ეს ღვთისგან მოდის და არა ჩემგან, ღმერთი ახლა თქვენ სწორედ ამას გეკითხებათ, მე ისინი თვალწინ მიდგას. მე შეგნებულად არ ვინახავ იმას, რაც მე არ მეკუთვნის. ჩემი აზრით, გამომრჩა ზოგიერთი წვრილმანი დეტალი იმ თხოვნებიდან, რომლებიც ვუთხარი. თუმცა ეს უფრო მატერიალური საკითხები იყო, ჩემთვის ეს საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენენ და შეიძლება ამიტომ ამოიშალა ჩემი მეხსიერებიდან. ამას გარდა, იმდენი სათხოვარი მქონდა ღვთისმშობელთან, რომ დიდი სამუშაო უნდა შემესრულებინა ამ ყველაფრისთვის, რათა ყველაფერი გამხსენებოდა. შეიძლება აქაც და იქაც გამეპარა შეცდომა. მაგალითად, რომ ვთქვი, რომ ომი დასრულდებოდა 13 რიცხვში, გამოცხადების დღეს. (სიმართლე რომ ითქვას, ლუსიას არასოდეს არ უთქვამს პირდაპირ, რომ ომი იმავე დღეს დასრულდებოდა). ბევრ ადამიანს რომლებიც მე ღმერთმა მომანდო, უმტყუნა მეხსიერებამ. ღმერთის უსასრულო სიკეთის წყალობით, ეს ნამდვილად დიდი საჩუქარი იყო ჩემთვის. თუმცა ზებუნებრივი საკითხები არ უნდა გვიკვირდეს, რომ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფრის არსი არ წაიშლება მეხსიერებიდან, თუ ღმერთი არ მოისურვებს, რომ დავივიწყო.
ამონარიდი და, ლუსიას გახსენებებიდან ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ, რომელიც 1917 წელს მოხდა და დამტკიცებულია ლიერიას ეპარქიის ეპისკოპოსის მიერ.
ფატიმა. 2002 წლის დეკემბერი
პირველი ნაწილი – წაიკითხეთ აქ
Comentarios