top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ღვთისმშობლის გამოცხადება ფატიმაში – პორტუგალია

ნაწილი I



ქრისტიანობაში არაერთი სასწაულის შესახებაა ცნობილი. ყოველ საუკუნეში ხდებოდა რაღაც განსაკუთრებული, რაც თაობიდან თაობებს გადაეცემოდა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით. ღვთის ნებით, ღვთისმშობელი ქალწული მარიამი ბევრჯერ გამოსცხადებია ადამიანებს და უჩვენებია რა მოხდებოდა მომავალში, რაც დიდ გავლენას იქონიებდა კაცობრიობაზე, მის განვითარებასა თუ დეგრადაციაზე. ამ მხრივ, არც XX საუკუნე წარმოადგენს გამონაკლისს.


ამჟამად, გიამბობთ XX საუკუნის დასაწყისში ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ, რომელიც მოხდა პორტუგალიაში, ევროპის უკანასკნელ სახელმწიფოში. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც „ღვთისმშობლის ფატიმაში გამოცხადება“.


პორტუგალიის პატარა დასახლებაში, რომელსაც ფატიმა ჰქვია, სამი პატარა მწყემსი ცხოვრობდა: ჟასინტა, ფრანცისკუ და ლუსია. ეს ბავშვები გახდნენ მოწმე ჯერ ანგელოზის გამოცხადებისა, შემდგომ კი თავად ღვთისმშობლის გამოცხადებისა, რომელმაც მათ არაერთი წინასწარმეტყველება ამცნო.


ტექსტი მომზადებულია მონაზონ ლუსიას ჩანაწერების მიხედვით. დოკუმენტი 2002 წლის დეკემბერში ლეირის ეპარქიის ეპისკოპოსმა დაამტკიცა.


/ფატიმაში ღვთისმშობლის გამოცხადებას წინ უძღვოდა ანგელოზის გამოცხადება/


ანგელოზის პირველი გამოცხადება – 1915 წელი


„ჩემი გამოთვლით, ვფიქრობ, რომ ანგელოზის პირველი გამოცხადება 1915 წელს მოხდა... ნამდვილად გამომეცხადა ანგელოზი, რომელიც პირველად სრულად არ გამოჩნდა. თუ სეზონის მიხედვით გავიხსენებ, ეს აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი უნდა ყოფილიყო. კაბეკოს ფერდობზე, რომელიც სამხრეთს გადაჰყურებს, ჩემს სამ მეგობარ გოგონასთან: ტერეზა მათიასთან, მარია როზა მატიასთან და მის დასთან, მარია იუსტინასთან ერთად, კრიალოსანზე ლოცვისას, ვიხილე, თუ როგორ ამოდიოდა ხეობიდან ხეების თავზე თოვლზე ქათქათა ღრუბელი, რომელსაც ადამიანის ფორმა ჰქონდა. მეგობრებმა მკითხეს რა იყო ეს, მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. იგივე ორჯერ განმეორდა სხვადასხვა დღეს. ამ მოვლენამ ჩემს სულში უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა, რომლის ახსნაც არ შემიძლია. რომ არ ყოფილიყო მომდევნო გამოცხადებები, ეს ფაქტი ალბათ აღარც მემახსოვრებოდა.


ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია, რადგან იმ დროს, არ ვიცოდი არც წლების, არც თვეებისა და არც კვირიის დღეების დასახელებები. მაგრამ ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო 1916 წლის გაზაფხული, როცა პირველად, ლოკა დო კაბეკოს ფერდობზე გამოგვეცხადა ანგელოზი. ჟასინტას შესახებ წერილში, უკვე ვახსენე, რომ შუადღის ლოცვის შემდეგ თავშესაფარს ვეძებდით, როცა ხეების ზემოთ, აღმოსავლეთით დავინახე ახალგაზრდა მამაკაცის გამოსახულების გამჭვირვალე ჩრდილი, რომელიც თოვლზე უფრო ქათქათა იყო და უფრო ნათელი ვიდრე მზის სხივი. როცა მოგვიახლოვდა, შევძელით მისი გარჩევა. გაოცებისა და აღელვებისაგან სიტყვასაც კი ვერ ვამბობდით.

მოგვიახლოვდა და გვითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ მშვიდობის ანგელოზი. ილოცე ჩემთან ერთად“. მან მუხლი მოიყარა და თავი მიწამდე დახარა, ამ ზებუნებრივი მოვლენით გატაცებულებმა, იგივე გავაკეთეთ და გავიმეორეთ მისი სიტყვები: „ჰოი ღმერთო ჩემო, მე მწამს შენი, თაყვანსა გცემ და მწამს შენი, მიყვარხარ შენ. გთხოვ, მიუტევე მათ, რომლებსაც არ სწამთ შენი, რომლებიც არ გაღმერთებენ, რომლებსაც არ უყვარხარ და რომლებიც არ სასოებენ შენზე“. სამჯერ გამეორების შემდეგ ანგელოზმა მითხრა: „ასე ილოცეთ. იესოს უწმინდესი გული და მარიამის უმანკო გული შეისმენენ თქვენს ლოცვებს“ – თქვა და გაუჩინარდა.


ზებუნებრივი ატმოსფერო იმდენად ძლიერი იყო, რომ დიდი ხანი გაგვჭირდა ჩვენი არსებობის გასაცნობიერებლად. დავრჩით იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ანგელოზმა დაგვტოვა ერთსა და იმავე ლოცვებს ვიმეორებდით და ვიმეორებდით. ღმერთის ყოფნას იმდენად ძლიერად, სიღრმისეულად ვგრძნობდით, რომ ერთმანეთთან საუბარსაც კი ვერ ვბედავდით. მეორე დღესაც კი ვგრძნობიდით, რომ ნელ–ნელა წარმავალი ატმოსფეროთი ვიყავით შეპყრობილი. ვერავინ ვბედავდით გვესაუბრა ამ ჩვენების შესახებ. ეს იყო ნებაყოფლობითი ურთიერთობა. ეს იმდენად პირადული იყო, რომ მისი გაჟღერება არც ისე იოლი იყო. შეიძლება ამ ჩვენებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენში, ვინაიდან პირველი შემთხვევა იყო.


ზაფხული 1916 წელი – ანგელოზის მეორე გამოცხადება


მეორე გამოცხადება იყო ზაფხულში. სეზონის ამ ცხელ დღეებში, შუადღეს ფარას სახლში ვრეკავდით და საღამოს აგრილებისას კვლავ გამოგვყავდა საძოვარზე. სადილის შემდგომ დროს ვატარებდით ხეების ქვეშ, რომლებიც გარს ერტყა არაერთხელ ნახსენებ ჭას. უეცრად დავინახეთ ჩვენ წინ მდგარი იგივე ანგელოზი: „რას აკეთებ? ლოცვა, ბევრი ლოცვაა საჭირო. იესოსა და მარიამის გულს სურს, რომ თქვენი მეშვეობით მსოფლიოს მოუვლინონ ბევრი გულმოწყალება. გამუდმებით აღავლინეთ ლოცვები შემუსრული გულით“... „როგორ უნდა შევიმუსროთ გულები“? – ვკითხე მე.


“ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, შესწირეთ იმ ცოდვების გამო, რომლებითაც ღმერთი გაანაწყენეთ და ასევე ითხოვეთ ცოდვილთა მოქცევა. სწორედ ასე დაიმკვიდრებს მშვიდობა თქვენს სამშობლოში. მე ვარ პორტუგალიის მფარველი ანგელოზი. უპირველეს ყოვლისა კი, მიიღეთ თავმდაბლად ის განსაცდელები, რომლებსაც უფალი მოგივლენთ”.

ანგელოზის ამ სიტყვებმა ჩვენს გონებაში შემოაღწია, როგორც სინათლემ, რომლის მეშვეობითაც გავიგეთ, თუ ვინ არის ღმერთი, რამდენად ვუყვარვართ და თუ როგორ სურს რომ შევიყვაროთ. შევიცნეთ თავმდაბლობის არსი, შევიცნეთ ის, თუ რამდენად სასურველია ღვთისთვის თავმდაბლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ცოდვილთა მოქცევისათვის. ამ დროიდან ყველაფერს ვწირავდით ღმერთს, რაც გვაწუხებდა, თუმცა მას შემდეგ არ ვეძიებდით სხვა მონანიებას გარდა იმ ლოცვების გამეორებისა, რომელიც ანგელოზმა გვასწავლა.


ოქტომბერი. 1916 წელი – ანგელოზის მესამე გამოცხადება


როგორც მახსოვს, მესამე გამოცხადება უნდა ყოფილიყო ან ოქტომბერში, ან სექტემბრის ბოლოს. ამ დროს, სადილზე სახლში აღარ მივდიოდით. როგორც უკვე აღვნიშნე ჟასინტას წერილებში, პრეგუეროდან (ზეთისხილის პლანტაციები, რომელიც ეკუთვნოდათ ჩემს მშობლებს), წამოვედით ლოკა დე გაბეჩოსაკენ, გვერდი ავუარეთ გორაკებს ალხუსტერელიდან და კაზა ველჰადან. იქ ვილოცეთ კრიალოსანზე და ვიმეორებდით იმ ლოცვას, რომელიც ანგელოზმა პირველი გამოცხადებისას გვასწავლა.

იქ ყოფნისას ანგელოზი მესამედ გამოგვეცხადა, მას ხელთ ეპყრა ბარძიმი, რომლის თავზეც აღმართული იყო ჰოსტია და აქედან წვეთავდა სისხლი ბარძიმში. მოულოდნელად ბარძიმი და ჰოსტია ჰაერში გამოეკიდნენ, ხოლო ანგელოზი დაიჩოქა მიწაზე და სამჯერ გაიმეორა ლოცვა: “უწმინდესო სამებაო, მამავ, ძევ და სულო წმინდაო. მიყვარხარ მთელი გულით, გწირავ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს, სულსა და ღვთაებრიობას, მთელი მსოფლიოს საკურთხევლებიდან, შეურაცხყოფის, სიწმინდეების, შელახვისა და გულგრილობისათვის, რაც მას შეურაცხყოფს. იესოს უწმინდესი გულისა და მარიამის უმანკო გულის განუსაზღვრელი დამსახურების გამო, შეგთხოვთ ცოდვილების მოქცევას”. შემდეგ წამოდგა, ხელში აიღო ბარძიმი და ჰოსტია. ჰოსტია მე მომაწოდა, ბარძიმიდან შეასვა ჟასინტას და ფრანცისკუს და თქვა: “მიიღეთ უმადური ადამიანების მიერ საშინლად შეურაცხყოფილი იესო ქრისტეს ხორცი და სისხლი, რომელიც არის მათი ცხოვრების მიტევება და ჩვენი უფლის ნუგეში”.

კვლავ დაიჩოქა და სამჯერ გაიმეორა ჩვენთან ერთად იგივე ლოცვა: “უწმინდესო სამებაო”...... და გაუჩინარდა.


ზებუნებრივი ძალით შეძრულები ყველაფერს ვაკეთებდით რაც ანგელოზმა გვითხრა. ვიჩოქებოდით როგორც ის და ვიმეორებდით მის მიერ ნასწავლ ლოცვებს. ღვთის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ თითქმის სრულად გვშთანთქა. გვეჩვენებოდა, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ ვუყრიდით აზრებს თავს. იმ დღეებში, ჩვენ საქმეებს ისე ვასრულებდით, თითქოს გვამოძრავებდა ის ზებუნებრივი პიროვნება, რომელმაც აღანთო ჩვენში ეს გრძნობა. სიმშვიდე და სიხარული, რომელსაც განვიცდიდით, ძალზე დიდი იყო, ჩვენი შინაგანი სულის ძალა სრულად კონცენტრირებული იყო ღმერთზე, ხოლო ფიზიკური სისუსტე, რომელსაც ვგრძნობდით ძალზე დიდი იყო.


განახლებადი მასალა

bottom of page