• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმ. თომა აკვინელის მოხსენიება


მაღალი შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. დომინიკელთა ორდენის წევრი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, თომიზმის ფუძემდებელი.


თომა აკვინელის მთავარ დამსახურებად ითვლება მკაცრი მეცნიერული - არისტოტელესეული მეთოდის - ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა დამტკიცების სამსახურში ჩაყენება.


აქვინელის მოძღვრების ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს რწმენისა და გონების ჰარმონიული თანხვედრა.


თომა აკვინელი 1225 წელს დაიბადა არისტოკრატულ დიდ ოჯახში, რომელიც იმპერატორის საგვარეულოს ენათესავებოდა. მამამისი ლანდოლფო აკვინელი როკაზეკასა და მონტესანჯოვანის გრაფი იყო. სწორედ როკაზეკას კოშკში, სამხრეთ იტალიაში, დაიბადა დასავლური ეკლესიის მომავალი დოქტორი და მოძღვარი.


რაკიღა თომა ვაჟებს შორის ყველაზე უმცროსი იყო, ოჯახური ტრადიციის თანახმად, გადაწყდა, იგი მონასტერში მიებარებინათ, რათა მომავალში მონტე კასინოს - დასავლური საქრისტიანოს ყველაზე დიდი მონასტრის - წინამძღვარი გამხდარიყო. მაგრამ ჭაბუკი აკვინელი ურჩი აღმოჩნდა და მშობლების ნებას არ დაემორჩილა. მართალია, მონასტერში ყოფნა მან ბიბლიური, თეოლოგიური, ფილოსოფიური თუ საბუნებისმეტყველო განათლების შეძენას მოახმარა, მაგრამ მალე, ოჯახისთვის თავზარდასაცემად, თომამ იმხანად აღმოცენებულ დომინიკელთა ორდენს, წმიდა დომინიკეს მიერ დაფუძნებულ უპოვართა საძმოს მიაშურა. არ გაჭრა არც უფროსი ძმის მიერ შარაგზიდან მოტაცებამ, არც დედის მრისხანებამ, არც შინაურ ტყვეობაში აღმოჩენამ, არც მამისეულ სასახლეში მომხიბლავი ქალებით მისი ცდუნების მცდელობამ.


1245 წელს ოცი წლის თომა პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება და ქრისტიანული თეოლოგიის სიღრმეებს შუა საუკუნეთა ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენლის, წმიდა ალბერტუს დიდის, ხელმძღვანელობით ეუფლება. სამი წლის შემდეგ აკვინელი მოძღვართან ერთად პარიზიდან კელნში გადასახლდება, სადაც ალბერტუს დიდი არა მარტო დიონისე არეოპაგელის ნაწერების შესწავლას და სწავლებას აგრძელებს, არამედ იქაურ ახალ უნივერსიტეტსაც ჩაუდგება სათავეში. ამის შემდეგ იწყება თომას თეოლოგიური ღვაწლი, - ღმრთისა და მოყვასის ინტელექტუალური სამსახური, მრავალრიცხოვანი ლექციები, გამოსვლები, დისპუტები, საღმრთისმეტყველო, ბიბლიოლოგიურ, ფილოსოფიურ წიგნთა უსასრულო წყება, უფაქიზესი ლიტურგიკული საგალობლები, ორი უზარმაზარი საუნჯე - „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“ და „თეოლოგიის შეჯამება“, - კაცობრიობის ფილოსოფიური აზროვნების უმაღლესი მწვერვალი.


წმიდა თომა აკვინელის აზროვნების მიუწვდომელი სიწმიდე და სინათლე განუყოფელი იყო მისი გულის სიწმიდისაგან, - მორწმუნე, ერთგული ქრისტიანის უმანკო და უხინჯო ცხოვრებისაგან. ბიოგრაფებს შემოუნახავთ თომას საუნივერსიტეტო მოღვაწეობის ერთი დეტალი, რომელიც, ალბათ, არცთუ უმნიშვნელოა მისი სულიერი პორტრეტის წარმოსადგენადაც. მისი ყოფილი სტუდენტები იხსენებდნენ, რომ, საკმარისი იყო მას ზარის ხმა გაეგონა, ლექციას შუა სიტყვაზე წყვეტდა და აუდიტორიიდან გადიოდა. სწორედ ეს აბსოლუტური დისციპლინა წარმოადგენდა მისი აზროვნებითი სისტემის საფუძველს, - აბსოლუტური და უშუალო მზადყოფნის არსს, მთელი სულით, მთელი გულით, მთელი გონებით მიეღო ის, რასაც იგი ჭეშმარიტებად ჭვრეტდა.


სრულიად გასაოგნებელია წმიდა თომას შრომისუნარიანობა. თავისი მიწიერი სიცოცხლის 49 წლის განმავლობაში იგი განუწყვეტლად მოგზაურობდა, მონაწილეობდა საეკლესიო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაუღალავად და შეუსვენებლივ ასწავლიდა უნივერსიტეტებში. სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე იგი ჩადის ნეაპოლში, რათა, პაპის ნება-სურვილის თანახმად, იქ დომინიკურ უნივერსიტეტს ჩაუყაროს საფუძველი. თანაშემწე მას მხოლოდ ცხოვრების უკანასკნელ წლებში უწევდა დახმარებას და ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ მან საკუთარი ხელით შექმნა ის უზარმაზარი წერილობითი მემკვიდრეობა, რომლის სრული აკადემიური გამოცემა დღემდე არაა დამთავრებული და რომელიც ჯერჯერობით 48 ტომს მოიცავს.


იგი დაღალავად იცავდა ქრისტიანული უპოვრობის პრინციპებს. სწორედ ფრანცისკელთა და დომინიკელთა ორდენების გადასარჩენად, შესანარჩუნებლად მიემართებოდა იგი ლიონის საეკლესიო კრებაზე, როცა სიკვდილმა მას გზად უსწრო, ცისტერციართა მონასტერში მოსასვენებლად გაჩერებულს, პატარა ქალაქ ფოსანოვაში, ტერაცინოს მახლობლად. წმიდა თომა აკვინელი 1274 წლის 7 მარტს გარდაიცვალა.

1323 წლის 18 ივლისს თომა აკვინელი რომის კათოლიკე ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. 1879 წლის 4 აგვისტოს კი გამოცხადდა, რომ კათოლიკე ეკლესიის ფილოსოფიური მოძღვრება შეიძლება გადმოცემულ იქნეს მხოლოდ თომიზმის - თომა აკვინელის მიერ ჩამოყალიბებული აზროვნებითი სისტემის - საფუძველზე.


წყარო - შემეცნებითი ბლოგი


 მოამზადა თაკო ფეიქრიშვილმა