top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV წმიდა პავლეს ბაზილიკას ეწვია

20 მაისს, პაპი ლეონ XIV წმიდა პავლეს ბაზილიკას ეწვია, სადაც ილოცა ხალხთა მოციქულის, წმიდა პავლეს საფლავთან, აღავლინა სიტყვის ლიტურგია და წაიკითხა ქადაგება.


გთავაზობთ პაპ ლეონ XIV –ის ქადაგებას, წმ. პავლეს ბაზილიკიდან:

 

"ბიბლიური ნაწყვეტი, რომელიც ახლახან მოვისმინეთ, წმიდა პავლეს მიერ რომის ქრისტიანებისთვის გაგზავნილი მშვენიერი წერილის დასაწყისია. იგი სამ მთავარ თემას ეხება: მადლს, რწმენასა და სამართლიანობას. მივანდობ რა ახალი პონტიფიკატის დასაწყისს მოციქულის შუამავლობას, ერთად დავფიქრდეთ მის ეპისტოლეზე.

 

უპირველეს ყოვლისა, წმიდა პავლე ამბობს, რომ მას თავად ღმერთმა მოუწოდა (რომ. 1.5). ანუ აღიარებს, რომ მისი  ქრისტესთან შეხვედრა და მსახურება დაკავშირებულია იმ სიყვარულთან, რომლითაც ღმერთი მიუძღოდა მას, როდესაც მოუწოდა ახალი ყოფიერებისაკენ. მაშინ ჯერ კიდევ შორს იყო სახარებისგან და ეკლესიას დევნიდა.

 

წმიდა ავგუსტინე, ასევე მოქცეული, იმავე გამოცდილებაზე საუბრობს: „რა შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ თავად არ ვართ რჩეულები? მართლაც, თუ პირველ რიგში არ ვიქნებით ნაყვარები, ვერ შევიყვარებთ“ (ქადაგება 34.2). ყოველი მოწოდების საფუძველი ღმერთია.

 

მისი წყალობა, მისი სიკეთე, დედასავით გულუხვია (შდრ. ეს. 66:12-14), რომელიც ბუნებრივად, თავისი სხეულით კვებავს შვილს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საკუთარი თავის გამოკვება არ შეუძლია (შდრ: წმიდა ავგუსტინე, ფსალმ. 130:9-ის კომენტარი).

 

იმავე მონაკვეთში, პავლე საუბრობს „რწმენის მორჩილებაზე“ (რომ. 1. 5) და აქაც გვიზიარებს იმას, რაც თავად განიცადა. უფალი, დამასკოს გზაზე გამოეცხადა მას (საქმეები 9:1-30), არ წაართვა თავისუფლება, არამედ დაუტოვა არჩევანის, მორჩილების შესაძლებლობა, რაც იყო იმ ძალისხმევის, შინაგანი და გარეგანი ბრძოლის ნაყოფი, რომელიც მან მიიღო. ხსნა არ მოდის მაგიით, არამედ მადლისა და რწმენის საიდუმლოთი, ღვთის მიერ მომზადებული სიყვარულით, ადამიანის ნდობითა და თავისუფალი გაყოლით (2 ტიმ.1.12).

 


მადლობა გადავუხადოთ უფალს იმ მოწოდებისათვის, რომლითაც გარდაქმნა სავლეს ცხოვრება და შევთხოვოთ, რათა ჩვენც ვიცოდეთ როგორ ვუპასუხოთ მის მოწოდებას სავლესეულად. რომ გვაქციოს სიყვარულის მოწმეებად, რომელიც სულიწმინდით ბოძებული შთაიღვრება ჩვენს გულებში (რომ. 5.5). ვთხოვოთ, რომ გვასწავლოს, თუ როგორც განვავითაროთ და განვავრცოთ მისი გულმოწყალება, რომელიც ერთმანეთთან დაგვაახლოებს (პაპ ფრანცისკეს ქადაგება წმიდა პავლეს მოქცევის დღესასწაულზე. 2025 წლის 25 იანვარი). იმავე სიყვარულის შეჯიბრებაში, რომელმაც ქრისტესთან შეხვედრის შემდეგ, ძველი მდევნელი მიიყვანა იქამდე, რომ „ყველასთვის ყველაფერი“ გამხდარიყო (1კორ. 9.19-23) და სიკვდილიც კი მიეღო. ამგვარად, მის მსგავსად ჩვენთვის, ხორციელი უძლურებებისას ვლინდება რწმენის ძალა ღვთის მიმართ, რომელიც გაგვამართლებს. (რომ. 5.1-5).

 

საუკუნეების განმავლობაში, ეს ბაზილიკა ბენედიქტელთა საკრებულოს მზრუნველობის ქვეშ იყო. მაშ,  სიყვარულზე, როგორც პირველწყაროზე და სახარების გავრცელების მამოძრავებელ ძალაზე საუბრისას, როგორც არ უნდა გავიხსენოთ ბენედიქტეს დაჟინებული მოწოდებები მონასტერში ძმური სიყვარულისა და ყველას მიმართ სტუმართმოყვარეობის შესახებ (წესდება. თავები LIII; LXIII)

 

დასასრულს, მინდა გავიხსენო ათასი წლის შემდეგ ნათქვამი კიდევ ერთი ბენედიქტეს, პაპ ბენედიქტე XVI - ის სიტყვები, რომლითაც მიმართა ახალგაზრდებს: “ძვირფასო მეგობრებო, ღმერთს უყვარხართ. ეს არის ჩვენი ცხოვრების უდიდესი ჭეშმარიტება, რომელიც სხვა ყველაფერს სძენს აზრს. ჩვენს არსებობას საფუძვლად უდევს ღვთის სიყვარულის გეგმა, ხოლო რწმენა აღგვძრავს გავხსნათ ჩვენი გულები ამ სიყვარულის საიდუმლოს წინაშე და ვიცხოვროთ იმ ადამიანებივით, რომლებიც საკუთარ თავში ღვთის სიყვარულს აღიარებენ” (მადრიდი. 2011 წლის 20 აგვისტო მ.ა.დ).

ეს არის ყველა მისიის, მათ შორის ჩემი, როგორც პეტრეს მემკვიდრისა და პავლეს სამოციქულო მონდომების მემკვიდრის, საფუძველი, მარტივი და უნიკალური. უფალმა მომმადლოს, ერთგულად ვუპასუხო მის მოწოდებას“.

 

წმიდა პავლეს ბაზილიკაში პაპის ვიზიტი, ნაწილია პონტიფიკატის დაწყების რიტუალების ციკლისა, რომელიც გათვალისწინებულია ბენედიქტე XVI-ის მიერ დამტკიცებული და შემდგომ განახლებული Ordo Rituum Pro Ministerii Petrini Initio Romae Episcopi-თ.

 

დღეს, 20 მაისს, დაახლოებით 2 000–მა მორწმუნემ ილოცა პაპთან და წმიდა პავლეს ბაზილიკის ბენედიქტელთა სააბატოს წევრებთან ერთად.

 

კვირას, 25 მაისს, რომის ახალი ეპისკოპოსი ეწვევა ლატერანის წმიდა იოანეს ბაზილიკას, საპაპო კათედრაზე აღსაყდრების შემდეგ, აღავლენს წმინდა წირვას და გაეშურება სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, სადაც ილოცებს Salus Populi Romani - ს ღვთისმშობლის ხატის წინაშე.


შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

Comments


bottom of page