top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

4 ქართული უცნობი ხელნაწერი, რომლებიც ლიბანში სავარაუდოდ კათოლიკე ბერებმა ჩაიტანეს

Updated: Jun 13, 2023

ლიბანში ოთხი აქამდე უცნობი ქართული ხელნაწერი ნახეს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოდან კათოლიკე ბერებმა ჩაიტანეს. ამ ხელნაწერების საკვლევად, 2023 წლის მარტში, საქართველოსკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოდან ლიბანში მეცნიერთა ექსპედიცია გაემგზავრა. მკვლევრები ქალაქსაიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტერს (Ordre Basilien du Saint -Sauveur) ეწვივნენ.




მონასტრის ბიბლიოთეკაში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა ოთხი უნიკალური და აქამდე უცნობი ქართული ხელნაწერი, რომელთა ციფრული ვერსიები ქართულ მხარეს გადმოეცა. XVIII საუკუნით დათარიღებული ხელნაწერები ლიტურგიკული ხასიათისაა.


ექსპედიციის ერთმა წევრმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ 2023 წლის 6–7 ივნისს, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გამართულ სიმპოზიუმზე „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“, აუდიტორიას ლიბანის ექსპედიციის პირველადი ანგარიში გააცნო. მისი თქმით, ლიბანში არის ბზუმარის (Bzoummar) სომხური ეკლესია და ცნობილი იყო ბზუმარში ინახებოდა ორი ქართული ხელნაწერი, უფრო სწორად ქართული ხელნაწერების ფრაგმენტები.


„პირველი ფრაგმენტი (ასე შეგვიძლია პირობითად გამოვყოთ) X საუკუნისაა. არის ორი ფურცელი, გაყოფილი 6 ფრაგმენტად. მეორე, რაც ცნობილი იყო, ეს გახლდათ ღვთისმშობლის საგალობლები XV საუკუნით დათარიღებული. ისიც ორი ფრაგმენტისაგან შედგებოდა. ამ ხელნაწერების შესახებ ვიცოდით იმიტომ, რომ ძალიან ცნობილმა მეცნიერმა ბერნარ უტიემ გამოიკვლია ისინი და ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ცნობილი იყო.


გარდა ამისა, ბიზანტიოლოგმა, ნელი მახარაძემ ოთხი ხელნაწერიდან ერთ–ერთს მიუძღვნა ასეთი ნაშრომი „ბერძნულ–ქართული ტრანსკრიფციული ხელნაწერი ლიბანიდან“ და ამ ნაშრომიდან გაირკვა, რომ ლიბანში ინახებოდა ქართული ხელნაწერი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ლიტურგიკული კრებულების კვლევისას“, – განმარტა სიმპოზიუმზე ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ.


მისივე თქმით, ექსპედიცია დაიგეგმა გიორგი წერეთლის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილების მკვლევრის, დოქტორ ნანა მირაშვილისა და ამავე ინსტიტუტის ინდოევროპული ენების განყოფილების მკვლევრის, დოქტორ თამარ დემეტრაშვილის ინიციატივით, რომლებმაც საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართეს თხოვნით, რათა დაფინანსებულიყო ექსპედიცია ამ ოთხი ქართული ხელნაწერის შესასწავლად, რომელთა არსებობის შესახებ ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ არაფერი იცოდა.


„მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ექსპედიცია განხორციელდა საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე, რადგან ეს მუზეუმი კულტურის სამინისტროს ქვემდებარე ინსტიტუციაა და მე, როგორც ამ ექსპედიციის ერთ–ერთი წევრი, მხვდა ბედნიერება ჩავრთულიყავი“, – განმარტა გიორგი კალანდიამ.

2023 წლის 1–ელ მარტს, სამი ადამიანი, ნანა მირაშვილი, თამარ დემეტრაშვილი და გიორგი კალანდია ლიბანში იმ მონასტერში ჩავიდნენ, სადაც ეს ოთხი ქართული ხელნაწერია დაცული. როგორც ისტორიკოსი ამბობს, მონასტერი ბეირუთიდან 70 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა აქ მოსახვედრად ჯგუფმა რამდენიმე ბლოკ–პოსტი გაიარა, „ იმიტომ, რომ ლიბანი ისევ ომის ჭრილობებს იშუშებს და დღესაც მთელი ლიბანი გადასერილია ბლოკ–პოსტებით“.


ბეირუთიდან 70 კილომეტრში მდებარეობს ასირიელთა სალვატორული ორდენის მონასტერი, რომელიც მე–17 საუკუნეში მიტროპოლიტ ექვთიმიოს საიფს დაუარსებია. იგი მხსნელი მაცხოვრის სახელს ატარებს.


„საოცარი ტაძარია შიგნიდან, ეს არის ერთის მხრივ ბერძნული მართლმადიდებლობის, მეორეს მხრივ კი, კათოლიკური კულტურის, ამასთანავე არაბული კულტურის ძალიან კარგი ნაზავი. ეს განსაკუთრებით ეტყობა ხატებს, რომლებიც ბერძნული მართლმადიდებლობის ტრადიციებსაც და კათოლიკური ფერწერის ტრადიციებსაც ასახავს. რაც ყველაზე მთავარია, ზედ აქვს არაბული ზედწერილები, რომლებიც პირადად ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი დასანახი იყო. ამავე მონასტერში, დამაარსებელმა ექვთიმიოსმა ბიბლიოთეკას ჩაუყარა საფუძველი და დღეს ამ ბიბლიოთეკას საოცრად კეთილშობილი მღვდელი, წარმოშობით არაბი მაკარიოს ჰაიკამოსი ხელმძღვანელობს. ის ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ მისი წინამორბედი წიგნსაცავის გახსნისა და იქ მეცნიერთა გაშვების დიდი წინააღმდეგი იყო, ხოლო მან დიდი სტუმართმოყვარეობით დაგვათვალიერებინა ბიბლიოთეკა და სწორედ მისი ტოლერანტული დამოკიდებულებით, ქართველებსაც მისცა საშუალება, რომ შეესწავლათ ქართული ხელნაწერები“.


როგორც გიორგი კალანდიამ აღნიშნა, ექსპედიციაში მისი მიზანი უშუალოდ ამ ხელნაწერების ტექსტოლოგიური ან შინაარსობრივი კვლევა არ ყოფილა, არამედ ის, რომ ლიბანში ქართველთა კვალი ეძებნა.


„ჩემი მიზანი იყო გამერკვია, ეს ხელნაწერები როგორ მოხვდა ლიბანში. როგორც მაკარიოსი მოგვიყვა, ეს ოთხი ხელნაწერი ლიბანში ქართველ კათოლიკე ბერებს საქართველოდან ჩაუტანიათ. ის ასახელებს ამ ბერების ვინაობას. ჩავიწერე მათი სახელები და ზედწოდებები, მათი გვარები არ ვიცით, ერთი გამონაკლისის გარდა, ვფიქრობ, რომ რაღაცები არის სიმართლე, რაღაცები კი მომავალ შესწავლას საჭიროებს.

პირველი ბერი – მამა ბაისუს ალქურჯი – ეს „ალქურჯი“ უნდა იყოს „ალგურჯის“ ანუ ქართველის ფორმა. როგორც ვიცით, ის დაიბადა თბილისში 1750 წლის ახლო პერიოდში და გარდაიცვალა 1823 წელს;


მეორე ბერი – მამა კოზმა ქართველი დიაბაქიიდან. (ვფიქრობ, რომ აქ ქურთი და გურჯი ერთმანეთში ერევათ, დიაბაქი მაინც ქურთების მჭიდრო დასახლების არეალია) მის ქართველობას არაფერი ადასტურებს, გარდა ზეპირი გადმოცემისა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის იყოს გურჯი, ისევე, როგორც არ არის გამორიცხული, რომ ის იყოს ქურთი;


მესამე ბერი – მამა მიქელ არაჯი, მისი ქართველობაც მაკარიუსმა გადმოცემით იცოდა;


მეოთხე ბერი – მამა აბდალაჰ მაჰრაბი ქართული ზედწოდებით „მოურავი“, რომელიც სალვადორელთა სასაფლაოზეა დაკრძალული და მისი ქართველობაც გადმოცემით იციან. თუმცა ფაქტია, რომ მათ აშკარად კონტაქტი ჰქონდათ ქართულ სამყაროსთან, რადგანაც ხელნაწერები შექმნილია ქართულ ენაზე“.


ოთხივე ხელნაწერი განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ–გვერდზე.


მე-18 საუკუნით დათარიღებული ეს ხელნაწერი ლიტურგიკული ხასიათისაა. ორიგინალი შედგება 750 გვერდისგან; ხელნაწერის შიფრია : OBS1740; ინახება ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტერში = ORDRE BASILIEN DU SAINT-SAUVEUR; ამ ხელნაწერის არსებობა ექსპედიციამდექართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი იყო.


"ჩანს ბერძნული ტექსტი, ანუ ბერძნული სიტყვები ჩაწერილია ქართული ტრანსკრიფციით და საკმაოდ საინტერესოა".


მე-18 საუკუნით დათარიღებული ეს ხელნაწერი ლიტურგიკული ხასიათისაა. ორიგინალი შედგება 522 გვერდისგან; ხელნაწერის შიფრია : OBS1750; ინახება ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტერში = ORDRE BASILIEN DU SAINT-SAUVEUR; ამ ხელნაწერის არსებობა ექსპედიციამდექართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი იყო.


მე-18 საუკუნით დათარიღებული ეს ხელნაწერი ლიტურგიკული ხასიათისაა, ორიგინალი შედგება 145 გვერდისგან; ხელნაწერის შიფრია : OBS1272; იგი XX საუკუნის 40-იან წლებში ქართველმა სასულიერო პირმა და მეცნიერმა შალვა ვარდიძემ შეისწავლა და გადმოწერა. ხელნაწერი ინახება ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტერში = ORDRE BASILIEN DU SAINT-SAUVEUR

„ლიტურგიკული კრებულია და აქ არის სახარებაც, სხვა რელიგიური ტექსტებიც“

მე-18 საუკუნით დათარიღებული ეს ხელნაწერი ლიტურგიკული ხასიათისაა. ორიგინალი შედგება 484 გვერდისგან; ხელნაწერის შიფრია : OBS1690; ინახება ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტერში = ORDRE BASILIEN DU SAINT-SAUVEUR; ამ ხელნაწერის არსებობა ექსპედიციამდექართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი იყო


„ლიტურგიკული კრებულია და ძალიან საინტერესო. აქ ორი კალიგრაფიაა და გამოყენებულია შავი და წითელი მელანი.“


როგორც გიორგი კალანდია ამბობს, ერთ–ერთი ხელნაწერი გაფორმებულია მინიატიურით, თუმცა ეს მინიატიურა არ არის დასრულებული.


„ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი რაც არის, ერთი ხელნაწერი სრულდება ტექსტით, რომელმაც ყოველ ჩვენგანზე ძალიან იმოქმედა – ეს მინაწერია:

„ეს ხელნაწერი აღმოვაჩინე საიდა ქალაქის აღმოსავლეთით, მთებში აღმართულ მონასტერში, რომელს ეწოდება „წმინდა მაცხოვრისა“. ვსთხოვე და ბოლოს ერთი კვირით გადმომცეს. მკათათვის ოცდაოთხიდან დავიწყე თავით ბოლომდე გადმოწერა და დავამთავრე ამავე თვისა ოცდაათსა. მე ვინმე მესხი, ლიბანის მთაში მყოფი, ქალაქ ბეირუთში მღვდელი სტეფანე-შალვა ვარდიძე, რომელიც 1896 წლიდან დაშორებული ვარ სამშობლოდან“.

აი, ეს ბოლო მისი ფრაზა „დაშორებული ვარ სამშობლოდან“ იყო ძალიან ამაღელვებელი. ცხადია, რომ ეს ხელნაწერები შალვა ვარდიძესა და მის მოღვაწეობას უკავშირდება“, – განმარტა სიმპოზიუმზე გიორგი კალანდიამ.


როგორც ექსპედიციის ერთ–ერთი წევრი, მეცნიერი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი ნანა მირაშვილი აღნიშნავს, ეს ხელნაწერები სავარაუდოდ ქართველმა კათოლიკე მღვდელმა შალვა ვარდიძემ მოიძია, მათგან ერთი კი აღწერა.


„მოკვლეულია ეს ოთხი ხელნაწერი, რომელიც აღმოჩნდა ბეირუთთან ახლოს, წმინდა მაცხოვრის ეკლესიაში, სადაც ვიყავით, აღვწერეთ, მოვიძიეთ საცავში, ვიყავით ბიბლიოთეკაში. ეს არის მე–18 საუკუნის ოთხი ხელნაწერი, რომელიც სავარაუდოა რომ ჩამოყალიბებული იყოს მე–14 საუკუნეში. ამდენად ხელნაწერები გადაეცა ხელნაწერთა ინსტიტუტს და მასზე იმუშავებენ მკვლევრები. ბატონი შალვა ვარდიძე მოღვაწეობდა ლიბანში, კითხულობდა ლექციებს ფრანგულ უნივერსიტეტში და სწორედ მან მოიძია ეს ხელნაწერები. ერთი აღწერა, რომელიც ინახებოდა საქართველოში ხელნაწერთა ინსტიტუტში, დანარჩენი სამი ხელნაწერი კი ქართული მეცნიერებისთვის უცნობი იყო“, – განმარტავს მეცნიერი ნანა მირაშვილი.


ექსპედიციის მესამე წევრი, თამარ დემეტრაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ლიბანიდან ხელნაწერთა ორიგინალური დასკანერებული ვერსიები ჩამოიტანეს:

„საქართველოს ლიბანთან კავშირი ჩვენთვის ცნობილი იყო ერთი ხელნაწერის ფარგლებში, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ამ შემთხვევაში კი ჩვენ ჩამოვიტანეთ ორიგინალურად დასკანერებული ეს ხელნაწერი და ასევე დამატებით კიდევ სამი ხელნაწერი, რომლებიც სრულიად უცნობი იყო ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება როგორც თავად ხელნაწერების შესწავლის კუთხით, ასევე საქართველოს ლიბანთან ურთიერთობის კუთხით“, – ამბობს თამარ დემეტრაშვილი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი.


კითხვაზე, როგორ მოხვდა ქართული ხელნაწერები ბეირუთში, ისტორიკოსი გიორგი კალანდია პასუხობს:


„ორი ვერსიაა, რომელიც მომავალი კვლევის საგანი უნდა იყოს: ჩვენი ექსპედიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელნაწერები გადაიწერა ლიბანში და მათ გადაწერის დროს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ საქართველოსთან.


მეორე ვარიანტი და თავად ეს მაკარიუსი [მღვდელი ბიბლიოთეკის საცავიდან] ამბობს, რომ ეს ხელნაწერები არის გადაწერილი საქართველოში და ჩამოტანილია ქართველი ბერების მიერო.


ჩამოტანისაც ორი ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით ბეირუთში ჩამოტანილია იმ ბერების მიერ, რომლებიც დავასახელე და მათ ქართველობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა ალგურჯისა და მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს არის შალვა ვარდიძის ჩამოტანილი. ყოველ შემთხვევაში, შალვა ვარდიძის როლი რომ ამ მონასტრის ცხოვრებაში დიდია ეს მინაწერიც ცხადყოფს.


ძალიან ბევრი რამეა გაურკვეველი, ეს არის ექსპედიციის პირველადი ანგარიში და კარგი იქნება, თუ ლიტურგიკული კრებულების მკვლევრები, კათოლიკური ეკლესიის მკვლევრები წავლენ ლიბანში, იმიტომ, რომ პირველ რიგში, საფლავებია შესასწავლი იმ სასულიერო პირებისა, რომლებიც ამ მონასტრის ტერიტორიაზე არიან დაკრძალული. როდესაც ვიკვლევთ ქართველების როლსა და წვლილს მსოფლიო ისტორიაში და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ლიბანის ეს ფურცელი არის აბსოლუტურად თეთრი და ვფიქრობ, რომ სათანადო კვლევას იმსახურებს“, – განმარტა გიორგი კალანდიამ.


იგი ასევე შეეხო ლიბანში შალვა ვარდიძის საფლავის ძებნის ამბავსაც:


„შალვა ვარდიძე ლიბანში ძალიან აქტიურად მოღვაწეობდა, როგორც კათოლიკე მღვდელმსახური. მას არაბულ ენაზე დაწერილი და ბეირუთში გამოცემული აქვს „საქართველოს მოკლე ისტორია“ , ასევე არაბულ ენაზე დაწერა და ბეირუთში გამოსცა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი „დიდი საქართველოს ბატონი“ და ამით ავტორმა არაბულ სამყაროს გააცნო საქართველოს „ოქროს ხანა“. 1940–იან წლებში შალვა ვარდიძე თურქეთში შეიპყრეს, გაასახლეს ქვეყნიდან და სწორედ ამიტომ ხვდება ის ლიბანში სენ–ჟოზეფის უნივერსიტეტში.


მე ვეძებდი მის [შალვა ვარდიძის] საფლავს. ამავე პერიოდში კი ჩვენი წარმომადგენლები ქალბატონი ნანა და თამარი იყვნენ სენ–ჟოზეფის უნივერსიტეტში, მაგრამ იქ არაფერი დახვდათ შალვა ვარდიძის შესახებ, რადგან ასევე დიდმა ქართველმა მოღვაწეებმა ზაზაძეებმა მისი არქივი სან–ჟოზეფის უნივერსიტეტიდან გადაიტანეს სტამბოლის კათოლიკეთა სავანეში.


შალვა ვარდიძე გარდაიცვალა 1958 წლის 20 დეკემბერს ქრისტეს ჯვრის მონასტრის ხანდაზმულ მღვდელთა თავშესაფარში, იგი დაკრძალეს ბეირუთში, ზეითუნის ლათინთა სასაფლაოზე.


მე მქონდა საშუალება, რომ მივსულიყავი ამ საფლავზე. იცით ყველა მკვლევარი და განსაკუთრებით ისტორიკოსი, რაც უნდა უიმედო წყაროები ჰქონდეს, მაინც იმედს ბოლომდე არ კარგავს და მეც ვფიქრობდი, რომ იქნებ რაიმე მეპოვნა ამ ადამიანისა და მისი საფლავის შესახებ, თუმცა სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ბეირუთში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს ამ საფლავზე გაიარა გზამ, აქედან გამომდინარე, იქიდან ადამიანები ამოასვენეს და გადაიტანეს კოლექტიურ საფლავში. აი, აქ უნდა მოხვედრილიყო შალვა ვარდიძე, რომელიც უძეგლოდ არის მატერიალურად, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ამას ვერ ვიტყვით.


ჩემთან კონტაქტზე იყო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მქონდა, მაინც უნდა მეძებნა ბეირუთის სხვადასხვა სასაფლაოზე შალვა ვარდიძის საფლავი, „შესაძლოა იყო შანსი, რომ სადმე გადაასვენესო“. გულწრფელად ვამბობ, არ დამიტოვებია არცერთი სასაფლაო, ყოველ დღე პატიოსნად მივდიოდი სხვადასხვა სასაფლაოზე, ჩემი ცოდნა რაც მყოფნიდა ლათინურისა და არაბულის, მაქსიმალურად გამოვიყენე, მაგრამ არ აღმოჩნდა ეს საფლავი. როგორც ჩანს, წყარო მართალია, შალვა ვარდიძე არის დაკრძალული საერთო საფლავში, მაგრამ როგორც იტყვიან, მან თავისი შემოქმედებით, თავისი ცხოვრებით სამუდამო ძეგლი აუგო საკუთარ თავს და სამუდამოდ დარჩა საქართველოს ისტორიაში“, – განმარტა გიორგი კალანდიამ.


თაკო ფეიქრიშვილი



.






bottom of page