5 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოში მღვდლების რაოდენობა გაიზარდა
ხუთწლიანი უძრაობის შემდეგ, მსოფლიოში კათოლიკე მღვდლების რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ იუწყება ვატიკანის სააგენტო Fides-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც 100–ე მსოფლიო მისიონერული დღის წინ გამოქვეყნდა.

Fides-ის ანგარიშის თანახმად, მღვდლების საერთო რაოდენობა 406 996-დან 407 421-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 425 ერთეულით მეტია. ვატიკანის სააგენტომ დააზუსტა, რომ მონაცემები ეკლესიის სტატისტიკური წელიწდეულიდან არის აღებული და განახლებულია 2024 წლის 31 დეკემბრის მიხედვით.
ყველაზე დიდი ზრდა აფრიკაში დაფიქსირდა 1 676 მღვდლით მეტი, რასაც მოსდევს აზია 1 065 მღვდლით მეტი.
ამერიკის კონტინენტზეც შეცვალა გასული წლის უარყოფითი ტენდენცია და მღვდლების რაოდენობა 199-ით გაზარდა.
ამის საპირისპიროდ ევროპამ წლის განმავლობაში 2 483 მღვდელი დაკარგა, ხოლო ოკეანეთში 32-ით შემცირდა.
საერთო ზრდა განპირობებულია ეპარქიული მღვდლების რაოდენობის მატებით, რომელმაც 279 238-ს მიაღწია (496-ით მეტი წინა აღრიცხვასთან შედარებით).
რაც შეეხება სასულიერო ორდენების წევრ მღვდლებს, მათი რაოდენობა 71-ით შემცირდა და 128 183 შეადგინა.
მიუხედავად მღვდლების საერთო რაოდენობის მატებისა, გაიზარდა თითოეულ მღვდელზე კათოლიკეთა ფარდობითი რაოდენობაც და 3 491-ს მიაღწია (წინა წელთან შედარებით 38-ით მეტი).
ასევე გაიზარდა თითოეულ მღვდელზე მოსახლეობის საშუალო რაოდენობა, რომელმაც 16 104-ს მიაღწია.
1,4 მილიარდი კათოლიკე – მსოფლიო მოსახლეობის 17,8%
Fides-ის სტატისტიკა ასევე მიუთითებს, რომ 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კათოლიკე მოსახლეობამ 1 422 144 000 ადამიანს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 16,69 მილიონით მეტია.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კათოლიკეები მსოფლიო მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აფრიკაში დაფიქსირდა (7,58 მილიონით მეტი კათოლიკე), რასაც მოსდევს ამერიკის კონტინენტი (თითქმის 7 მილიონიანი მატებით).
აზიაში კათოლიკეთა რაოდენობა 968 000-ით გაიზარდა, ევროპაში – 911 000-ით, ხოლო ოკეანეთში – 239 000-ით.
მსოფლიოში სემინარიელთა რაოდენობა მცირდება
იმ ფონზე, როდესაც მღვდლების რაოდენობა კვლავ იზრდება, სემინარიელთა (სასულიერო სემინარიის სტუდენტთა) რიცხვი კლებას განაგრძობს.
მსოფლიოში უფროს სემინარიელთა (მაჟორთა) რაოდენობა 103 604-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2 891-ით ნაკლებია.
აფრიკა ერთადერთი კონტინენტი იყო, სადაც ზრდა დაფიქსირდა (786 სემინარიელით მეტი).
აზიამ დაკარგა 2 733 სემინარიელი, ევროპამ – 701, ამერიკამ – 227, ხოლო ოკეანეთმა – 16.
ასევე შემცირდა უმცროს სემინარიელთა (მინორთა) რაოდენობა 94 041-მდე, რაც 980-ით ნაკლებია წინა აღრიცხვასთან შედარებით.
აფრიკამ შეცვალა წინა წლის ტენდენცია და 132 სემინარიელით მეტი დაარეგისტრირა, ხოლო ოკეანეთს 20 სემინარიელი დაემატა.
საპირისპიროდ, ევროპამ დაკარგა 872 სემინარიელი, აზიამ – 182, ხოლო ამერიკამ – 78.
კათოლიკური ეკლესიის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობა
Fides ასევე აგროვებს მონაცემებს მსოფლიოში ეკლესიის საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.
გლობალურ დონეზე ეკლესია მართავს:
75 448 საბავშვო ბაღს (7,4 მილიონზე მეტი ბავშვი);
103 666 დაწყებით სკოლას (36,3 მილიონზე მეტი მოსწავლე);
51 810 საშუალო სკოლას (20,3 მილიონზე მეტი სტუდენტი).
ამას ემატება თითქმის 2,7 მილიონი სტუდენტი უმაღლესი განათლების ცენტრებში და 4 მილიონზე მეტი სტუდენტი კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებულ უნივერსიტეტებში.
ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სექტორში ეკლესია მსოფლიოში 101 110 დაწესებულებას მართავს.
მათ შორის არის:
5 397 საავადმყოფო;
13 646 დისპანსერი (ამბულატორია);
16 263 თავშესაფარი ხანდაზმულთა, ქრონიკულად დაავადებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
8 138 ობოლთა თავშესაფარი;
10 624 საქორწინო კონსულტაციის ცენტრი;
3 194 სოციალური აღზრდისა თუ რეაბილიტაციის ცენტრი.
შოთა გიქოშვილი





Comments