პაპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს
პაპი ლეონ XIV ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ქალაქ ოლეშკიში შექმნილი კრიტიკული ჰუმანიტარული სიტუაცია.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 19 ოქტომბერს პაპი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა კვლავ ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ოლეშკის მდგომარეობა იყო. ქალაქი რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული, მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო გაქცევის ყველა გზა ჩაკეტილია.
წმინდა მამა მოუწოდებს „ორივე მხარეს თანამშრომლობისკენ“, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მოსახლეობის „ნებაყოფლობითი და უსაფრთხო“ ევაკუაცია.
მას შემდეგ, რაც ლეონ XIV პონტიფექსია, იგი უკრაინის პრეზიდენტს უკვე სამჯერ შეხვდა და სამჯერ გამართა სატელეფონო საუბარი.
ჯერ მოსკოვი, შემდეგ კი კიევი
პაპ ლეონ XIV-ის სატელეფონო საუბრები, სიმბოლურად, ამცირებს მანძილს იმ ომში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ეს არის ევროპაში დაბრუნებული „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“, როგორც პონტიფიკოსმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა. ომი კი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
16 ოქტომბერს, პაპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ისაუბრა. იმ პერიოდში იგი ჯერ კიდევ ჯემელის საავადმყოფოში მკურნალობდა. საუბრისას მან მოუწოდა მხარეებს, მიეღწიათ ჰუმანიტარული ზავისთვის ოლეშკიში, ქალაქში, რომელიც რუსულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს და სადაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.
19 ოქტომბერს, ნაშუადღევს, პაპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. როგორც წმინდა საყდრის პრესსამსახური გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, საუბრის მთავარი თემა კვლავ ოლეშკის მდგომარეობა იყო.
ვატიკანის განცხადება
წმინდა საყდრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„საუბრისას წმინდა მამამ ყურადღება გაამახვილა ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ოლეშკის მძიმე მდგომარეობაზე და გაიხსენა ჰუმანიტარული ზავის მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უკვე წარედგინა.
წმინდა მამამ იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას“.
დასასრულს, პაპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში.
ჰუმანიტარული ტრაგედია ოლეშკიში
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში პაპ ლეონ XIV–ს „მშვიდობის მისიონერის“ როლი აქვს. არჩევიდან სულ რამდენიმე დღეში, პაპმა ამ ორ ქვეყანას, შესთავაზა ვატიკანი, როგორც ნეიტრალური ადგილი და სივრცე მოლაპარაკებებისთვის, რათა მიღწეულიყო „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“.
თუმცა, დიალოგისთვის კარის ღიად დატოვებასთან ერთად, ამერიკელი პონტიფიკოსისთვის ახლა უმთავრესი გადაუდებელი ამოცანაა ოლეშკისთვის დაუყოვნებელი გამოსავლის მოძებნა. ეს ქალაქი დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში მდებარეობს და ომის შედეგად მძიმე მდგომარეობაშია მოქცეული.
უკვე რამდენიმე თვეა, ქალაქის მცხოვრებლები, დაახლოებით 2 000 ადამიანი, მათ შორის, 50-მდე ბავშვი წყლის, ელექტროენერგიის, მედიკამენტებისა და სასწრაფო დახმარების გარეშე ცხოვრობს.
ხიდი, რომელიც ქალაქს ხერსონთან აკავშირებდა, 2022 წლის ნოემბერში ააფეთქეს, რის გამოც ქალაქიდან გასვლა შეუძლებელია. ქალაქის გარეთ და მიმდებარე სოფლებში მიმავალი გზებიც დანაღმულია. მოკლედ, მოსახლეობას გასაქცევი დერეფანი არ აქვს.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ძალებს ჰუმანიტარული დერეფნების ჩაკეტვაში ადანაშაულებს, მოსკოვი კი, თავის მხრივ, ბრალდებებს კიევის მისამართით აყენებს.
პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც თავად პაპის ინიციატივით შედგა, როგორც სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, ლეონ XIV-მ მოითხოვა „ზავი, რომელიც საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას შესაძლებელს გახდის“.
წინა მცდელობები
ჯერ კიდევ 2025 წლის 12 მაისს, კონკლავის მიერ პაპის არჩევიდან ოთხი დღის შემდეგ, ლეონ XIV-მ აჩვენა, რომ უკრაინაში არსებული მდგომარეობა მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამ დღეს შედგა მისი პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან. უკრაინის პრეზიდენტმა ახლად არჩეული პონტიფიკოსი კიევში მიიწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო შემდგომ მოლაპარაკებებში ნებისმიერი ფორმატით, მათ შორის „პირდაპირ მოლაპარაკებებში“.
ისინი ერთმანეთს მოგვიანებით, 18 მაისს, წმინდა პეტრეს მოედანზე პონტიფიკატის დაწყების აღმნიშვნელი წირვის დასრულებისთანავე შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზელენსკის მეუღლე, ოლენა.
2025 წლის 9 ივლისს მათი შეხვედრა კვლავ გაიმართა. ამჯერად, პირადი აუდიენციის ფარგლებში, კასტელ განდოლფოში, ბარბერინის ვილაში, პაპის რეზიდენციაში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვატიკანში მომავალში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა იყო.
მორიგი შეხვედრა 9 დეკემბერს, კვლავ კასტელ განდოლფოში შედგა. აუდიენციის დასრულების შემდეგ, პაპი და პრეზიდენტი აივანზე ერთად გამოჩნდნენ. მათ განიხილეს დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობა, სამხედრო ტყვეების საკითხი და რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
სწორედ ეს საკითხებია კარდინალ მატეო ძუპის მუდმივი ძალისხმევის საგანი. იგი უკრაინაში ორჯერ იმყოფებოდა სამშვიდობო მისიით, ისევე როგორც ორჯერ ეწვია მოსკოვს. ამ ძალისხმევას ხელი შეუწყო აგრეთვე გასულ ზაფხულს სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივნის, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერის ვიზიტმა.
2026 წლის 3 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პაპი კვლავ დაუკავშირდა ზელენსკის. იმ დროს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში რუსეთის დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმები ახალი მასშტაბური ესკალაციის ფაზაში იყო შესული.
ლეონ XIV-მ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას, სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობას.
ეს მოწოდებები არასდროს შეწყვეტილა და პაპმა ისინი დღესაც გაიმეორა.





Comments