top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ავღანეთში ქალებს საჯაროდ საუბარი აეკრძალათ 

ავღანეთში "თალიბანის" მთავრობამ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, ქალს საჯარო სივრცეში ხმის ამოღება ეკრძალება.


ეს ინფორმაცია მსოფლიოს ყველა ტელეარხითა და ინტერნეტსივრცით გავრცელდა, თუმცა მას ძლიერი გამოხმაურება და სათანადო პროტესტი არ მოჰყოლია, ისეთი, როგორც ეს სხვადასხვა საკითხისა და სამოქალაქო პრობლემის დროს ხდება ხოლმე.

ქალებისთვის საჯაროდ ხმის ამოღების აკრძალვა უპრეცედენტო ძალადობა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა, რაც რელიგიური, კულტურული, პოლიტიკური თუ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, მთელი კაცობრიობის პრობლემაა.  


ალბათ ძნელი წარმოსადგენია სიტუაცია, როდესაც ქუჩაში მხოლოდ მამაკაცების ხმა გესმის. ქალები მათ ახლოს დგანან, მაგრამ ჩუმად: მათ მხოლოდ ჩურჩულით საუბარი შეუძლიათ. ქვეყნის მდედრობითი სქესის მოსახლეობას ერთ ღამეში ჩამოერთვა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოფნის უფლება, არამედ აზრის ხმამაღლა გამოხატვის შესაძლებლობაც.


სამშვიდობო ჯარების გასვლისა და 2021 წელს ავღანეთის წინა მთავრობის დაცემის შემდეგ, აზიის ქვეყანაში ქალების ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ისინი აღმოჩნდნენ სისტემური ჩაგვრისა და ძირითადი უფლებების თანდათანობით განადგურების პირობებში. საზოგადოებაში საუბრისა და სიმღერის უფლების ჩამორთმევით, ქალებს, არა მხოლოდ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა წაართვეს, არამედ უკეთესი სამყაროს მომავლის იმედიც.


პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ ისაუბრა სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის შესახებ: "ჩვენ ერთი სხეულის ნაწილები ვართ და გულგრილები არ უნდა დავრჩეთ ავღანელი ქალების პრობლემების მიმართ. ისინი ჩვენი დები არიან და მათ დასაცავად ხმა უნდა ამოვიღოთ, ვინაიდან „ხმის ამოღების“ უფლება მათ ჩამოართვეს ".


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comentarios


bottom of page