ალექსანდრე მენი
- catholic.ge

- 6 hours ago
- 3 min read

"ჩვენ საიდუმლოდან მოვდივართ და
კვლავ საიდუმლოში ვბრუნდებით"
ადამიანს ორი სამშობლო აქვს: ერთი ჩვენი დედამიწაა და მისი ის წერტილი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ. მეორე სამშობლო კი სულის ის იდუმალი საუფლოა, რომელსაც ჩვენი თვალი და ყური ვერ შესწვდება, მაგრამ რომელსაც ვეკუთვნით ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე. ჩვენ მიწის შვილები ვართ და ამავე დროს, ამ ქვეყნის სტუმრებიც.
ალექსანდრე მენი იყო რუსი მართლმადიდებელი მღვდელი, თეოლოგი, ბიბლიის მკვლევარი, მისიონერი და მწერალი. იგი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქრისტიან მოაზროვნედ მიიჩნევა საბჭოთა სივრცეში.
დაიბადა 22 იანვარს, 1935 წელს მოსკოვში. 1990 წლის 9 სექტემბერს მოკლეს სემხოზში (მოსკოვის ოლქი), დილით, როდესაც ეკლესიაში მიემართებოდა ღვთისმსახურების ჩასატარებლად. მას თავში მიაყენეს სასიკვდილო დარტყმა ბასრი იარაღით (ვარაუდობენ ნაჯახის ტიპის საგანს). მენი მძიმედ დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა. მკვლელობა მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, ეკლესიური და საზოგადოებრივი ცვლილებების ფონზე. საქმე ოფიციალურად დღემდე გაუხსნელია.
ალექსანდრე მენი დაიბადა მოსკოვში, ინტელიგენტურ, მაგრამ რელიგიურად დევნილ ოჯახში. დედამისი ებრაული წარმოშობის იყო და ქრისტიანობა ფარულად მიიღო. საბჭოთა ათეისტურ გარემოში, ალექსანდრე ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა ქრისტიანობითა და ბიბლიით. მან განათლება მიიღო ბიოლოგიის მიმართულებით (საბჭოთა პირობებში თეოლოგიური განათლება ფაქტობრივად აკრძალული იყო), თუმცა პარალელურად დამოუკიდებლად სწავლობდა წმინდა წერილს, ეკლესიის მამებს, ფილოსოფიასა და რელიგიათმცოდნეობას.
1960 წელს ალექსანდრე მენი მღვდლად აკურთხეს. იგი მსახურობდა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფლებში. მისი ქადაგებები გამოირჩეოდა ღრმა ბიბლიური ცოდნით, თანამედროვე ენით საუბრის უნარითა და დიალოგის გახსნილობით. მენი ცდილობდა დაენახებინა, რომ ქრისტიანობა არ არის მოძველებული ტრადიცია, არამედ ცოცხალი, მოაზროვნე და თავისუფალი რწმენა. ის განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდებთან, ინტელიგენციასთან და მეცნიერებთან.
ალექსანდრე მენი ქრისტიანობას აღიქვამდა როგორც ცოცხალ და დინამიკურ რეალობას, რომელიც მუდმივ დიალოგშია ადამიანის გონებასა და ისტორიულ გამოცდილებასთან. მისი აზრით, ქრისტიანული რწმენა არ ეწინააღმდეგება მეცნიერებასა და გონებრივ კვლევას, პირიქით, ჭეშმარიტი მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთს ავსებს, რადგან ორივე ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას — ღმერთს — ესწრაფვის. მენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თავისუფალ აზროვნებას ეკლესიაში და თვლიდა, რომ რწმენა ვერ იქნება ნამდვილი, თუ იგი შიშზე, იძულებასა და ფორმალიზმზეა დამყარებული. მისი შეხედულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუმენურ დიალოგს ეხებოდა.
ალექსანდრე მენი მიიჩნევდა, რომ ქრისტიანული კონფესიები მოწოდებულნი არიან ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისკენ და არა დაპირისპირებისკენ, რადგან ქრისტეს გზავნილი სიყვარულსა და ერთობაზეა დაფუძნებული. ამასთანავე, იგი დიდ ყურადღებას უთმობდა პიროვნულ პასუხისმგებლობას: ქრისტიანობა, მისი აზრით, არ არის მხოლოდ ტრადიციების დაცვა, არამედ ადამიანის შინაგანი გარდაქმნა, სინდისის გაღვიძება და აქტიური სიყვარული მოყვასის მიმართ. მენი მკაცრად აკრიტიკებდა რელიგიურ ფორმალიზმსა და სულიერ სიყრუეს. იგი ამტკიცებდა, რომ ეკლესია უნდა ესაუბრებოდეს თანამედროვე ადამიანს გასაგები ენით და პასუხობდეს მისი ეპოქის შეკითხვებს. სწორედ ამიტომ მის ქადაგებებსა და ტექსტებში ხშირად გვხვდება ფილოსოფიური, კულტურული და სამეცნიერო თემების ქრისტიანულ კონტექსტში გააზრება. მისი შეხედულებები მიზნად ისახავდა რწმენის გათავისუფლებას შიშისა და ჩაკეტილობისგან და ქრისტიანობის წარმოჩენას როგორც თავისუფლების, სინათლისა და სიყვარულის გზას.
თავისი სიცოცხლის უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ალექსანდრემ სამასზე მეტი ლექცია წაიკითხა და ამ შეხვედრების ყოველ მეორე საათს ის მსმენელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემას უძღვნიდა. იგი ასევე უამრავ წერილს იღებდა. ხშირად ამ წერილებში მსგავსი კითხვები იყო, მაგალითად: „რატომაა სამყაროში ამდენი ბოროტება“? და მსგავსი, ქვემოთ გთავაზობთ პასუხს ერთ–ერთ ასეთ კითხვაზე.
რაში მდგომარეობს სიცოცხლის საზრისი?
მარტივი, მოკლე და ცხადი შეკითხვაა. სიცოცხლის საზრისი იმაშია, რომ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი თავის უზენაეს პირველწყაროსთან მიახლოებას ესწრაფოდეს. ეს საზრისიცაა და იმავდროულად, მიზანიც. როგორც კი საკუთარ თავში ამ სასუფეველს აღმოვაჩენთ, მაშინვე ჩვენი მარადისობა იწყებს ღაღადს. მაშინ ამაოებაზე უფრო მაღლა ვდგებით, ყოველდღიურობას აღარ ვმონებთ, თამამად ვუმკლავდებით თავს დატეხილ უბედურებებს. არა იმის გამო, რომ გულგრილი და უგრძნობი სტოიკოსები(ემოციების კონტროლითა და სიმშვიდით გამორჩეული ადამიანი) ვართ. ქრისტიანი სტოიკოსი არ არის. ეს ისეთი ადამიანია, ვინც განიცდის ტკივილს, მაგრამ ტკივილის ატანაც შეუძლია. არა საკუთარი, არამედ უზენაესი ძალით. ასე რომ, საზრისი და მიზანი წინსვლისა და სიმაღლისაკენ სწრაფვაა.
ადამიანი დაშაქრულ-დამტკბარი არ უნდა იყოს. მას უნდა ესმოდეს ცხოვრების ტრაგიზმი, თვალს უნდა უსწორებდეს მას და ამავდროულად, მის წინაშე არ დაეცეს. და რა მხოლოდ არ დაეცეს, არამედ იაროს კიდეც წინ და მაღლა. ჩვენ სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც მაღლა-მაღლა მივიწევთ. ფიზიკურად და ფსიქიკურად ხომ დაღმასვლა გარდაუვალია, ჩვენ ვბერდებით, ვსუსტდებით, ვავადდებით. ადამიანის სიცოცხლის ბრწყინვალე სიმბოლოა ბალზაკის „შაგრენის ტყავი“. ეს ტყავი წიგნის პერსონაჟს მცირე მარაგივით შემოელია ხელში. დაუფიქრდით რაოდენ შეესაბამება ეს ჩვენ ცხოვრებას. რა სწრაფად ჩაივლის ყოველივე, ჩვენი ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა. მაგრამ თუ მაღლა მივიწევთ, მაშინ გამუდმებით რაღაცას ვიძენთ და შინაგანად ვმდიდრებით. მაშინ ჩვენი ცხოვრების გრეხილი ზენიტისკენ იწევს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩავარდნები, მარცხები, მაგრამ მიზანი მუდამ მაღლაა და არა ქვევით უფსკრულში.
ზაქარია ზაქროშვილიგამოყენებული ლიტერატურა:
ალექსანდრე მენი შეკითხვები და პასუხები









Comments