top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

არალში ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა

სოფელ არალში, სადაც წმ. იოსების სახელობის კათოლიკური ტაძარი დგას, 18 მარტს ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს.



არლის ეკლესიის დღესასწაული საეკლესიო კალენდრის მიხედვით 19 მარტს, წმ. იოსების დღესასწაულზე აღინიშნება, თუმცა წლევანდელი წელი გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგანაც 19 მარტი კვირა დღეს დაემთხვა (კვირა დღის მნიშვნელობა წმინდანის დღესასწაულს ფარავს). შესაბამისად, ტაძრის მოძღვრების გადაწყვეტილებით, ეკლესიის დღესასწაული 18 მარტს აღინიშნა.


საზეიმო წმ. წირვა ვალის ტაძრის წინამძღვარმა მამა მიხეილ სურმავამ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ლიტურგიაში მონაწილეობდა წმინდა საყდრის სადესპანოს ახალდანიშნული მრჩეველი, ალექსანდრ რაჰინი და თავად დესპანი არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, რომელმაც ქადაგებისას ყველას მოკითხვა გადასცა პაპ ფრანცისკესგან და წმ. იოსების ფიგურის შესახებ ისაუბრა.

„წმინდა იოსები თითოეული ჩვენგანის დიდი მეოხეა, იგი არის მართალი კაცი, რომლის ცხოვრებაც ღრმად იყო დაკავშირებული ღმერთთან. წმინდა იოსები ის მორწმუნე ადამიანია, რომელიც სიყვარულით ენდობა ღვთის განგებას. იგი გვაძლევს ყველაზე დიდ და გმირულ მაგალითს ნდობისა და მორჩილებისა. წმინდა იოსები მორჩილი, დამყოლი კაცია, მყისვე პასუხობს ღვთის მითითებებს. ანგელოზის ყოველმა გზავნილმა ძირეულად შეცვალა მისი ცხოვრება: იქორწინა, სამშობლოდან ეგვიპტეში გადაიხვეწა, მიატოვა სახლი, სამუშაო, უზრუნველი ცხოვრება... ჩვენც მამაცურად უნდა მივუძღვნათ ჩვენი თავი ჩვენს სამუშაოს, რათა უკეთ ვემსახუროთ ღმერთსა და მოყვასს... წმ. იოსები მშრომელი ხალხის დიდი მეოხეა, ამიტომ ვთხოვოთ მას გვიშუამდგომლოს, რათა ჩვენი თავი მივუძღვნათ ღვთის ნებას, მის მსგავსად“, – თქვა ქადაგებისას წმინდა საყდრის დესპანმა.


ეკლესიის დღესასწაული, ტრადიციულად, არლელ მორწმუნეებთან ერთად იზეიმეს ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოდან ჩამოსულმა კათოლიკეებმაც.


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრებთა უმრავლესობას ქართველი კათოლიკეა. დასახლების ცენტრში მდგარი ტაძარი 1861 წელს აშენდა და წმ. იოსების სახელს ატარებს. ამჟამად, ტაძრის წინამძღვარია მამა ანდრეი გრაჩიკი (2019 წლიდან), ხოლო ვიკარი – მამა ბექა ჩილინგარაშვილი (2021 წლიდან).


მოკლე ისტორია


ზაქარია ჭიჭინაძის 1903 წლის ჩანაწერების მიხედვით, ტაძარი „აღშენებული იყო XI საუკუნეში, პატარა ზომის და იმ გეგმის, როგორც უდის და თვით ამ სოფლის ახლო მდებარე რქის ეკკლესიისა. ... [...]XVIII საუკუნის ნახევარს, არლის ეკლესია კათოლიკკების ჯიბრით და მტრობით ოსმალებმა სრულიად შეარყიეს და ძირს დასცეს. მაშინდელი მშვენიერი დიდი ოლილი ქვების დღესაც იხილვება ძველ ნაეკლესიარის მახლობლივ. ერთი დიდი ქვის ხუცური წარწერა ცხადად მოწმობს მის ბრწყინვალე ისტორიას. ქვის წარწერა ამოჭრილია იმ ხუცურის ხელით, რაც ჩვენის პალიოგრაფიულის ისტორიის შესწავლით X საუკუნეს ეკუთვნის. წარწერა ისე მიმქრალა, რომ მის წაკითხვას ვეღარავინ ახერხებს.


XVIII საუკუნეს შემუსვრილის ეკკლესიის ქვებით და სხვა მასალით ქართველ კათოლიკკებმა სხვაგან დადგეს პატარა ეკლესია, სადაც ლოცვაც მოათავსეს. აქ განაგრძეს მათ წირვა–ლოცვა XIX საუკუნემდე. საუბედუროთ, ეს ხელ–დახელ გაკეთებული ეკკლესიაც ვერ აღმოჩნდა მაგრათ გაკეთებული, ამიტომაც, იგი უძლურებას ადრიდგანვე მიეცა. ამ უძლურებას აქაური ბუნების მრისხანე ძალაც აორკეცებდა. უკანასკნელ ეს ეკკლესია ისე დაძველდა, შეიმუსრა და დაინგრა, რომ მასში ლოცვა შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ მრევლმა თავს იდვა და დიდი ღწვით აწინდელის ეკკლესიის შენება დაიწყეს და 1860 წ. დაამთავრეს. არალის აწინდელის წმ. მამა იოსების ეკკლესიას შვიდი საჟენი სიგრძე აქვს, 4 საჟენი სიგანე.


[...] მცხოვრებთა რიცხვი შესდგება ქართველი გვარის კათოლიკეთაგან, მათი დედა ენა ქართული არის. გვარები, სახელები და სხვა ზნე ჩვეულებაც ნამდვილი ქართულია. მცხოვრებთ რიცხვი 160 კომლია, 1400–ს სულზედ მიაღწევენ ორივე სქესის. იგინი მისდევენ მეურნეობას, ხილის ვენახები აქვსთ, პურს სთესვენ, სიმინდს, საქონელს ამრავლებენ, რძე, ერბო და ყველიც იციან. ხალხი მეტად გამრჯელია. მათ დიდი სიყვარული აქვთ ქართული ენისა და ქართველობის...“ – ზაქარია ჭიჭინაძე, 1903 წელი.

თაკო ფეიქრიშვილი

რობი ზარიძე


bottom of page