top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

არქიეპისკოპოსი პოლ გალაჰერი მოსკოვში - ‘ომი უნდა დასრულდეს’

  • 3 minutes ago
  • 2 min read

2026 წლის 25 აგვისტოს, მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა წმინდა საყდარსა და რუსეთის ფედერაციას შორის. როგორც მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა აღნიშნა, წმინდა საყდარი მზად არის, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც საერთაშორისო ვითარების პირობებში მშვიდობის მიღწევისკენ იქნება მიმართული. მან გაიმეორა პაპ ლეონ XIV-ს მოწოდება, დასრულდეს ომი და შეწყდეს სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვა.



წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანმა, არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განსაზღვრეს ურთიერთგაგების რიგი საკითხები ძირითად საერთაშორისო თემებზე. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციასა და წმინდა საყდარს შორის დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე.


ორმხრივი ინტერესის თემებს შორის იყო რუსეთში კათოლიკე ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები და ჰუმანიტარული ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესის წამოწყებას.


მოლაპარაკებები და ჰუმანიტარული ძალისხმევა


წმინდა საყდრის მაღალი რანგის წარმომადგენელმა გაიხსენა პაპ ლეონ XIV-ის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით „ნამდვილი მოლაპარაკებების“ დაწყების შესახებ.


მთავარეპისკოპოს გალაჰერის თქმით, „წმინდა საყდრის პოზიცია ნათელია: კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია“. ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, „უაღრესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესისთვის აუცილებელი პირობების შექმნა“.


გარდა ამისა, წმინდა საყდრის დიპლომატმა მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, გამოავლინონ გახსნილობისა და კეთილი ნების ნიშნები და დაიცვან საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმები, განსაკუთრებით სამოქალაქო მოსახლეობასთან, ინფრასტრუქტურასთან, დაჭრილებსა და სამხედრო ტყვეებთან მიმართებით.


 ‘ომი უნდა დასრულდეს’


„ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა უკრაინის საკითხზე საუბრისას.


საომარი მოქმედებების შედეგად ორივე მხარეს მსხვერპლის რაოდენობა მუდმივად იზრდება, ისევე როგორც სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვა.


„აუცილებელი და გადაუდებელია, შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიგეგმოს სამომავლო ურთიერთობები, რათა წარსულის წყენებისა და უსამართლობების ტყვეობაში არ დავრჩეთ“ და სიძულვილს „ჟანგბადი“ არ მივცეთ, – ხაზგასმით აღნიშნა ვატიკანის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.


რუსეთისა და წმინდა საყდრის თანამშრომლობა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მადლობა გადაუხადა წმინდა საყდარს რუსეთთან დიალოგისადმი ღიაობისა და მშვიდობისკენ სწრაფვისთვის.


მან განაცხადა, რომ იზიარებს ვატიკანის წარმომადგენლის პოზიციას კონფლიქტთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. ლავროვმა შეხვედრას „ძალიან სასარგებლო“ უწოდა.


წმინდა საყდრის სამშვიდობო ძალისხმევა


„ჰუმანიტარულ სფეროში მიღწეული ნებისმიერი კონკრეტული შედეგი, ხელს შეუწყობს ტანჯვის შემსუბუქებას და კონფლიქტის მხარეებს შორის, თუნდაც მინიმალურ ნდობის აღდგენის შესაძლებლობას მოგვცემს“, – ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში წმინდა საყდრის მდივანმა.


ამ კონტექსტში ხაზი გაესვა კარდინალ მატეო ძუპის რუსეთში დაგეგმილი მომავალი მისიის მნიშვნელობას.


როგორც მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, წმინდა საყდარი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს დიალოგისთვის სივრცეების შექმნას, გააძლიეროს ჰუმანიტარული ძალისხმევა და მშვიდობის მიღწევის საქმეში თავისი „კეთილი სამსახური“ შესთავაზოს.



ეკლესიების როლი მშვიდობის მშენებლობაში


მინისტრ ლავროვთან საუბრისას მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა ხაზი გაუსვა ეკლესიებისა და ადგილობრივი საეკლესიო თემების მნიშვნელოვან როლს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერაში, შერიგების სულისკვეთებით.


ამ კონტექსტში სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში წმინდა საყდრის მდივანმა ასევე გაიხსენა რუსეთის ფედერაციაში კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობა და საჭიროებები, განსაკუთრებული ყურადღება კი მორწმუნეთა სამოძღვრო ზრუნვასა და საეკლესიო და სამონასტრო თემების მიერ საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას დაუთმო.


დიალოგი მოსკოვის საპატრიარქოსთან


სამშაბათს საღამოს სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში წმინდა საყდრის მდივანი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვდა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი.


შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთინტერესის საკითხები, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით.


მიტროპოლიტმა ანტონიმ კმაყოფილება გამოთქვა ორ ეკლესიასა და წმინდა საყდარს შორის მუდმივი და მეგობრული კონტაქტების გამო.


წყარო: rkc.lviv.ua

შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page