წმინდა იოსები – პაპ ფრანცისკეს დღიურში
არგენტინელი პაპის პირადი დღიური, რომელიც 2026 წლის 24 ნოემბერს წიგნად გამოიცა, მისი სულიერების ნაკლებად ცნობილ ნაწილს ავლენს. აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში პაპ ფრანცისკეს წმინდა იოსებთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა. ეს იყო ღვთისმოსაობა, რომელიც მცირე ჟესტებში, ლოცვებსა და იმედის ნიშნებში გამოიხატებოდა. დღიური საშუალებას გვაძლევს, სხვანაირად დავინახოთ პაპის პიროვნება და მისი პონტიფიკატი.

პაპ ფრანცისკესთვის ყოვლადწმიდა მარიამის მეუღლე მხოლოდ წმინდა ოჯახის მფარველი არ ყოფილა. ის ასევე იყო თანამგზავრი და შუამდგომელი, რომლისთვისაც ყველაზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური საზრუნავის მინდობაც კი შეიძლებოდა. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, როდესაც ბერგოლიო ბუენოს-აირესის დამხმარე ეპისკოპოსი იყო, პირად დღიურში იგი ამ განსაკუთრებულ სიახლოვეზე წერდა.
„შევაჩნიე, რომ ჩემი ლოცვები მაშნვე შეისმინება ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმეს ბავშვურად შევთხოვ (ბარათები წმინდა იოსებისთვის). ეს მამხნევებს და მაშორებს იმ განცდას, თითქოს ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული“, – ჩაწერა მან 1994 წლის 4 დეკემბერს.
ეს მცირე ჟესტები, რომლებიც „უფლის გლახაკებისთვის“ არის დამახასიათებელი, მასში განამტკიცებდა ნდობას საიდუმლოსადმი, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ გეგმასა და შესაძლებლობას აღემატება. ეს ჰგავდა წმინდა ტერეზა ლიზიელის „მცირე გზას“, რომელიც სრულ სასოებაზე იყო დაფუძნებული. ფრანცისკე მიიჩნევდა, რომ ასეთი ბარათების შეგროვება კარგი ნიშანია. ის ხომ გამოხატავს სურვილს, დაეყრდნო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საყრდენი ზებუნებრივ რეალობაში ეძებო. „ვიზრდებოდი სასოებაში, ნდობით სავსე ლოცვაში“, – დაწერა მან 1996 წლის 31 დეკემბერს.
1994 წლის 26 დეკემბერს ფრანცისკემ ასეთი ჩანაწერი გააკეთა:
„ყველაფერი მომეცა. კეთილგანწყობის სიჭარბე, ჩემი ახირებების მიმართაც კი. რას ვუზამ მთელს ამ სიმდიდრეს? ყველაზე ღარიბი ის არის, ვისაც ყველაფერი აქვს და არ იცის, რა უყოს... ვარ რჩეული, რომელიც იძულებული გახდა, ამდენი მადლი მიეღო! ნეტავ ეს გაცნობიერება არასდროს მომშორდეს, ხოლო წმინდა მარიამმა და წმინდა იოსებმა თავიანთ მფარველობაში მამყოფონ!“.
კარდინალი ფერნანდესი, რომელიც წიგნის, „პაპ ფრანცისკეს პირადი დღიურის“ რედაქტორია, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „მტკიცე და ამავდროულად სათუთი სულიერი სასოება, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარდებოდა, დიდი განსაცდელის შემდეგ, განსაკუთრებით აშკარად ვლინდება; კვლავ იწყებს ბარათების შეგროვებას წმინდა იოსების ქანდაკების ქვეშ, რომელსაც თავის პირად კაბინეტში ინახავს“. ბარათები იმდენად ბევრი იყო, რომ ფიგურა ირყეოდა და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა წაქცეულიყო. ჰყვებოდა მისი ერთ-ერთი მდივანი.
ღვთისმოსაობა, რომელიც პონტიფიკატობაში აისახა
ჩანაწერები, რომლებიც პაპ ფრანცისკესა და წმინდა იოსებს შორის პირად კავშირს აჩვენებს, გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგოთ იესოს მიწიერი გამზრდელის ადგილი პაპ ფრაცისკეს სწავლებაში. 2013 წლის 19 მარტს, ფრანცისკეს საინაუგურაციო წმინდა წირვის დროს, რომელიც წმინდა იოსების დღესასწაულზე აღევლინა, პაპმა თავისი მსახურება მინადო წმინდა იოსების მფარველობას. ანუ მას, ვისაც ღმერთმა იესოსა და მარიამზე ზრუნვა დაავალა.

ამ კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ოფიციალური გამოხატულება იყო სამოციქულო
წერილი Patris corde, რომელიც 2020 წლის 8 დეკემბერს გამოიცა, წმინდა იოსების საყოველთაო ეკლესიის მფარველად გამოცხადების 150 წლისთავთან დაკავშირებით. მასში ფრანცისკე ხატავს პორტრეტს ადამიანისა, რომელიც არასდროს ესწრაფვის წინა პლანზე ყოფნას, არამედ შეუძლია მიიღოს, დაიცვას და თან ახლდეს. იგი წარმოგვიდგენს წმინდა იოსებს როგორც საყვარელ, სათუთ, მორჩილ, სხვების მიმღებ მამას, რომელიც შემოქმედებითი სიმამაცით გამოირჩევა, არის მშრომელი ადამიანი და მამა, რომელიც „ჩრდილში“ რჩება.
„ტერეზიტას“, ანუ პატარა ტერეზა ლიზიელისადმი კარგად ცნობილი ღვთისმოსაობის გვერდით, ფრანცისკეს კავშირი წმინდა იოსებთან წლების განმავლობაში მტკიცდებოდა. თავის დღიურში ყოველი წლის დასაწყისში წერდა: „ვიწყებ ამ წელს მამისა და ძისა და სულის წმინდის სახელით“. ზოგჯერ ამატებდა: „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ“. თუმცა 1997 წლიდან უკვე თანმიმდევრულად იხსენიებდა მარიამთან ერთად „დიდებული პატრიარქის, წმინდა იოსებისა და წმინდა ტერეზას შუამდგომლობასაც“.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფრანცისკემ პანდემიის რთულ პერიოდში, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, სპეციალური წმინდა იოსების წელი გამოაცხადა და ეკლესია საჯაროდ მიანდო მის მფარველობას.
არგენტინელი პაპის სულიერი თანამგზავრი არ ყოფილა წმინდანი, რომელიც დიად საქმეებს ახდენდა. ის იყო მდუმარების ადამიანი, მცირედში ერთგული, რომელმაც ისწავლა, ნება მიეცა ღმერთისთვის, რომ მისი ცხოვრება წარემართა.
შოთა გიქოშვილი





Comments