top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

აღმოსავლეთის ეკლესიების უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


არქიეპისკოპოსი, კლაუდიო გუჯეროტი, რომელიც ნუნციუსი იყო საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, უკრაინასა და ბოლოს გაერთიანებულ სამეფოში (ბრიტანეთი) ვატიკანის აღმოსავლეთ კათოლიკური ეკლესიების უწყების ახალი ხელმძღვანელი გახდა. იგი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად 21 ნოემბერს დაინიშნა.


კლაუდიო გუჯეროტი 1955 წელს, ვერონაში დაიბადა. შევიდა დონ ნიკოლა მაცის საზოგადოებაში და მღვდლად ხელდასხმულ იქნა 1982 წელს.

დაამთავრა ვენეციის უნივერსიტეტი “კა ფიქსარი” აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით, მაგისტრის წოდება მიიღო ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში, წმინდა ანსელმოს სახელობის უნივერსიტეტის პადოვის ფილიალში, ხოლო დოქტორის ხარისხი – პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ეკლესიების მეცნიერების დარგში.


იყო პროფესორი პადოვაში, ვენეციასა და რომში, კერძოდ პაპის გრიგორიანულ უნივერსიტეტსა და პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში.


1985 წელს შეუდგა რომის კურიაში მსახურებას. კერძოდ, აღმოსავლეთ ეკლესიების კონგრეგაციაში,როგორც უწყების მდივნის მოადგილე 1997 წლამდე.


1990-2001 წლებში იყო პაპის ღვთისმსახურების განყოფილების კონსულტანტი. 2001 წლის დეკემბრიდან გახდა რაველოს ტიტულარული ეპისკოპოსი და სამოციქულო ნუნციუსი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.


2002 წელს, წმინდა იოანე პავლე II-ემ ეპისკოპოსად აკურთხა. 2011 წელს ნუნციუსად დაინიშნა ბელორუსში, ხოლო 2015 წელს უკრაინაში, 2020 წელს კი გაერთიანებულ სამეფოში (ბრიტანეთი).


არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი არის ბევრი წიგნისა და გამოცემის ავტორი, რომელთა შორისაც არის სომხური ენიდან ნათარგმნი წიგნები და სომხურ ლიტერატურაში გაკეთებული კვლევები.


იგი თავისი მოვალეობის შესრულებას 2023 წლის იანვრიდან შეუდგება.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



bottom of page