წმიდა პეტრეს ბაზილიკაში საიუბილეო წმიდა კარი დაილუქა
- catholic.ge

- 2 days ago
- 2 min read
16 იანვარს, საღამოს, ვატიკანში წმიდა პეტრეს ბაზილიკაში შესრულდა წმიდა კარის დალუქვის ცერემონია. ეს ნაწილი ბოლო ეტაპია 2025 საგანგებო საიუბილეო წლის დასრულებისა. ცერემონიას უძღვებოდა ბაზილიკის არქიპრესვიტერი, კარდინალი მაურო გამბეტი. მანამდე, ასეთივე ცერემონია აღევლინა ვატიკანის დანარჩენ 3 დიდ ბაზილიკაში.
ი

2025 საიუბილეო წლის ოფიციალური დახურვის სადღესასწაული ცერემონია, პაპმა ლეონ XIV–მ, უფლის გაცხადების დღესასწაულზე, 2026 წლის 6 იანვარს აღავლინა. ხოლო ეს საიუბილეო წელი 2024 წლის 24 დეკემბერს, პაპმა ფრანცისკემ გახსნა. წესის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საიუბილეო წელი ოფიციალურად დაიხურება, რამდენიმე დღეში წმიდა კარი უნდა დაილუქოს. ეს მომენტი განსაკუთრებულია, რადგან სინამდვილეში წარმოადგენს წმიდა წლის დახურვის საბოლოო აქტს: წმიდა კარის ამოშენებას ბაზილიკის შიგნიდან. რაც შეეხება გარე კარს — ბრინჯაოს კარს — იგი 6 იანვარს, უკვე დახურა წმიდა მამამ.
წმიდა კარის ამოშენება ბაზილიკის შიგნიდან
კედელი სინამდვილეში ორმაგია. პირველია – „მშრალი კედელი“, რომელიც შედგება აგურებისგან. მასზე დატანილია იუბილეს წელი და წმიდა პეტრეს ბაზილიკის ლოგო. ასეთი აგურების რაოდენობა დაახლოებით 3 200-ს შეადგენს.
ამგვარად, თავდაპირველად კეთდება პირველი „მშრალი კედელი“, რომელიც, ასე ვთქვათ, მჭიდროდ ებჯინება ბრინჯაოს კარს. მეორე კი, ქვისწყობით ნაგები კედელია, რომელიც ბოლო დღეებში უკვე გამზადდა. ამ კედლის ცენტრალურ ნაწილში დატოვებულია პატარა ღრმული, სადაც ცერემონიის საბოლოო დახურვის მომენტში თავსდება ყუთი.


მეორე კედელზე 620 მყარი აგურია, რომლებიც ერთმანეთს კირის ხსნარით უკავშირდება. სწორედ ამ კედელში ილუქება ყუთი, ე.წ. ზარდახშა.
ზარდახშაში მოთავსებულია: ბრინჯაოს კარის გასაღებები; დახურვის აქტი; მოქმედი პონტიფიკატის მედლები; პაპის მიერ ნაკურთხი სავარდები; ამავე პონტიფიკატის მონეტები და მედლები; ასევე ოთხი მოოქროვილი აგური, რომლებსაც ბაზილიკა ისტორიას გადასცემს და რომლებსაც ამოიღებენ მომდევნო იუბილეს გახსნის დროს.


ამჯერად დალუქვის პროცესი პაპის ლიტურგისტის, დიეგო ჯოვანო რაველის თანდასწრებით შესრულდა. თავდაპირველად, კარდინალმა გამბეტიმ ილოცა ყველა იმ მომლოცველისათვის, რომლებმაც საიუბილეო წლის განმავლობაში წმინდა კარის ზღურბლი გადაკვეთეს, მათთვის შესთხოვა ღმერთს რწმენაში დანმტკიცება და ურყევი კავშირი წმიდა პეტრეს მემკვიდრესთან.
თავად წმინდა კარის დალუქვა კი ასე შესრულდა: წმიდა კარის დასალუქად, წმიდა პეტრეს საამქროს მუშებმა, წინასწარ მოამზადეს 3200 აგურისგან შენდგარი კედელი. მასში ჩააყოლეს ბრინჯაოს ზარდახშა (კაპსა), რომელზეც ამოტვიფრულია ორი გერბი: პაპ ფრანცისკეს გერბი, რომელმაც წმიდა საიუბილეო წელი გახსნა და პაპ ლეონ XIV-ის გერბი, რომელმაც იგი დახურა.

ზარდახშაში მოთავსებულია პერგამენტი წმინდა კარის გახსნისა და დახურვის ინფორმაციით, ასევე პაპ ლეონ XIV-ის პონტიფიკატობის პირველი წლისა და პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის ბოლო წლის მედალიონები. ასევე სამახსოვრო მედალიონები 2016 წლის „გულმოწყალების საიუბილეო წლიდან“ 2025 წლის „იმედის საიუბილეო წლამდე“; მედალიონი Sede Vacante 2025 და წმინდა კარის გასაღები.
ბრინჯაოს ზარდახშა ჩაიდო ტყვიიგან ჩამოსხმულ კონტეინერში, რის შემდეგაც, ზარდახშა კარდინალმა დაბეჭდა.
დალუქვის ცერემონიის დაწყების ნიშნად, კარდინალმა გამბეტიმ და პაპის ლიტუგისტმა, სიმბოლურად, პირველი ორი აგური დადეს.
პროცესი დასრულდა „მამაო ჩვენოს“ ლოცვითა და კურთხევით.
შოთა გიქოშვილი








Comments