დევნილი ქრისტიანების რიცხვი მსოფლიოში 388 მილიონამდე გაიზარდა
- catholic.ge

- 1 day ago
- 2 min read
საერთაშორისო ორგანიზაციამ – Open Doors, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ქრისტიანთა მდგომარეობას აკვირდება, გამოაქვეყნა ახალი ანგარიში (World Watch List 2026) სადაც დევნილ ქრისტიანთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ანგარიშის მიხედვით, მსხვერპლთა უმეტესობა ქალი და არასრულწლოვანია. გაზრდილია რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების რაოდენობაც. წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებს.

გასულ წელთან შედარებით, მსოფლიო მასშტაბით, დევნისა და ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქრისტიანების რიცხვი 8 მილიონით გაიზარდა და 388 მილიონს მიაღწია. „სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი რეკორდული წელია“, – აღნიშნავს კრისტიან ნანი, Open Doors–ის დირექტორი, ასოციაციისა, რომელმაც მსოფლიოში დევნილი ქრისტიანების შესახებ უახლესი ანგარიში – „World Watch List 2026“ გამოაქვეყნა. “ამ 388 მილიონიდან 201 მილიონი ქალი და გოგონაა, ხოლო 110 მილიონი - 15 წლამდე ასაკის ბავშვი“, - აღნიშნავს კრისტიან ნანი.
ძალადობა და დისკრიმინაცია
World Watch List 2026-ის მიხედვით, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ქრისტიანების დევნა „უკიდურესად“ მძიმეა, 13-დან 15-მდე გაიზარდა. ქრისტიანებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად რჩება ჩრდილოეთ კორეა. თუმცა, დევნის საგანგაშო მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაში ასევე შედიან: სომალი, ერიტრეა, ლიბია, ავღანეთი, იემენი, სუდანი, მალი, ნიგერია, პაკისტანი, ირანი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, მიანმარი და სირია. მონიტორინგის მიხედვით, სირია „მკაცრი“ დევნის კატეგორიიდან „უკიდურეს“ კატეგორიაში გადავიდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, სირიაში ქრისტიანები რისკის ქვეშ არიან, რადგან ახალი პოლიტიკური რეჟიმი ჯერ კიდევ ნაწილობრივ „ფრაგმენტულია“, რასაც ადასტურებს ბოლო დღეებში, ალეპოში მომხდარი შეტაკებები. „ჩვენი მონაცემებით, სირიაში მხოლოდ 300 000 ქრისტიანი დარჩა, ასიათასობით ნაკლები, ვიდრე ათი წლის წინ იყო“.
ფოკუსირება სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებზე
ქრისტიანთა მკვლელობების რიცხვი, რომელმაც 2025 წლის გარკვეულ პერიოდში იკლო, ახლა კვლავ გაიზარდა, 4 476-დან 4 849-მდე, ანუ დღეში 13-მდე.
ნიგერია ძალადობის ეპიცენტრად რჩება 3 490 მსხვერპლით, რაც საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 70%–ია.
რწმენის გამო დაკავებული ქრისტიანების რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება (4 712-დან 4 744-მდე), ხოლო გატაცებული ქრისტიანების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით შემცირდა და 3 302–დან 3 775–მდე ჩამოვიდა.
ასევე შემცირდა ეკლესიებზე თავდასხმების რაოდენობა და მაჩვენებელმა 7 679-დან 3 632-მდე დაიკლო. თავდასხმები სახლებსა თუ მაღაზიებზე – 28 368-დან 25 794-მდე, ხოლო ძალადობის, გაუპატიურებისა და იძულებითი ქორწინების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა 3 944-დან 5 202-მდე.
2026 წლის სიაში, „Open Doors“- ის დირექტორი „განსაკუთრებული დაკვირვების ზონად“ სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებს ასახელებს „არასტაბილური მთავრობების არსებობის გამო“, რომლებიც ძალადობის წინაშე ქრისტიანებს არ იცავს.
„ამ ეტაპზე, ქრისტიანობის ცენტრმა აფრიკაში გადაინაცვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ იქ ხდება ყველაზე მეტი ძალადობა და თავდასხმები“,– აცხადებს ნანი იმ კონტინენტზე საუბრისას, სადაც მსოფლიო ქრისტიანი მოსახლეობის დაახლოებით მერვედი ცხოვრობს.
განსაკუთრებით კრიტიკულ ქვეყნებს შორის დასახელებულია სუდანი — სამოქალაქო ომის გამო, ასევე ნიგერია, მალი, ნიგერი, ბურკინა-ფასო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მოზამბიკი. ამ მყიფე კონტექსტებში ქრისტიანებზე განხორციელებულ თავდასხმებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, რელიგიურ მოტივებთან ერთად, ეკონომიკური ფაქტორიც.
თავდასხმები ნიგერიაში
რომში, ნასირის სენატის პალატაში წარადგინეს World Watch List 2026, რომელშიც წარმოდგენილი იყო ნიგერიელი მოწმის ჩვენებები. იმ ქვეყნის მოქალაქის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ არის დაზარალებული მზარდი დაუცველობისა და არასტაბილურობის გამო.
ბოლო დღეებში, Open Doors-მა შეაგროვა რამდენიმე განცხადება ქრისტიანებისგან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ტერორისტული დაჯგუფებების შესაძლო შურისძიებით. განსაკუთრებით შობის პერიოდში განხორციელებული აშშ-ის რეიდის შემდეგ.
ამავე განცხადებაში საუბარია ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ ძალადობის ბოლო შემთხვევებზეც: 29 დეკემბერს, ადამავას შტატში „ისლამური სახელმწიფოს“ დასავლეთ აფრიკის პროვინციის (ISWAP) მიერ განხორციელებულ თავდასხმებს, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 4 იანვარს ნიგერის შტატში, დემოს ბაზარზე, დაუდგენელი შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ათობით ადამიანი შეეწირა.
შოთა გიქოშვილი








Comments