top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘აღმოსავლეთში დღეს არსებული სიტუაცია რომ გესმოდეს, უნდა იცოდე გუშინდელიც’ - კლაუდიო გუჯეროტი


“ჩვენი დიპლომატია არ არის გამოთვლების დიპლომატია, ჩვენი დიპლომატია შესაძლო უტოპიების დიპლომატიაა”, - ასე გამოეხმაურა არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი კარდინალ ძუპის სამშვიდობო მისიას უკრაინასა და რუსეთში.


იერარქმა საკუთარი გამოცდილებით ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ იგი წლების მანძილზე მსახურობდა სამოციქულო ნუნციუსად საქართველოში, უკრაინასა და ბელორუსში.


“შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის უკან ათასი მიზეზი დგას, რომელთა შესახებაც ჩვენ, დასავლეთში მცხოვრებმა ადამიანებმა, ხშირად არაფერი ვიცით. ამიტომაც როცა ვუსმენ არც თუ ისე იშვიათად გაკეთებულ კომენტარს, მათში ვპოულობ გარკვეულ თავშეკავებულობას, რადგან ისინი დღევანდელი დღის გარდა არაფერს ეხება. იმისათვის, რომ აღმოსავლეთში დღეს არსებული სიტუაცია გესმოდეს, უნდა იცოდე გუშინდელიც, ხოლო თუ გინდა გაიგო ხვალინდელი, მით უმეტეს ის ფესვგადგმულია დღევანდელ დღეში. არა მგონია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა დასავლეთისთვის გასაგებად იყო განმარტებული და სიღრმისეულად გაგებული. მიუხედავად მზაობისა, საბჭოთა კავშირის ნგრევამ საბჭოთა ხალხები ტრაგედიამდე მიიყვანა. ვთვლი, რომ ზოგიერთი კომენტარი, რომელიც დღევანდელ კრიზისს ეხება, ძალიან გაუბრალოებულია”, - განმარტა იერარქმა.


“როცა ბელორუსში კედლის დანგრევამ ადამიანებში აღძრა სურვილი ხელახლა მოეპოვებინათ თავისუფლება – ჩვენ მხოლოდ აქ შევჩერდით და აღარ მივადევნეთ თვალ–ყური რა მოხდა მეორე დღეს. ჩვენ არც კი მივაქციეთ ყურადღება, როცა ადამიანებმა დაკარგეს საბანკო დანაზოგი და იძულებული გახდნენ პურის რიგში საათობით მდგარიყვნენ. ამ მდგომარეობამ მოაშიშვლა საბჭოთა ადამიანების ნერვები და სავარაუდოდ, ასევე იმანაც, რომ რეჟიმი ახშობდა მათ გრძნობებს. ამ ყველაფერმა მიიყვანა ნაციონალიზმის, კონფლიქტების, ეკონომიკური სირთულეებისა და ოლიგარქიის ფენომენის წარმოშობამდე”, - განმარტა იერარქმა.


“პაპი ფრანცისკე ყოველთვის ეძებდა ზე-შესაძლებლობებით მშვიდობას და ასევე სურდა იგი”, – იერარქმა გაიხსენა, რომ მისი ნუნციუსად მსახურების პერიოდში, უკრაინაში პაპ ფრანცისკეს სურვილითა და კათოლიკეების შემოწირულობებით, დონბასიდან ევაკუირებულთა დასახმარებლად 16 მილიონი ევრო გააგზავნეს. მისივე თქმით, ნუნციატურა პირადად ანაწილებდა და ამოწმებდა, ნამდვილად მიიღო თუ არა დახმარება 8 000–მა ადამიანმა. „დიდი ხნის წინ, როცა საბჭოთა კავშირი შეიქმნა, რომის ეპისკოპოსი აგზავნიდა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას ადამიანებისათვის და ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა იდეოლოგიასთან“.


ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, არქიეპისკოპოსი გუჯეროტი ბელორუსს სტუმრობდა, როგორც პაპ ფრანცისკეს სპეციალური წარმომადგენელი ბუდსავის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დაგვირგვინების 25–ე წლისთავთან დაკავშირებით. “ეს მშვენიერი დღესასწაული იყო. დღესასწაული იმ ხალხისა, ვინც დუმილით იტანჯება, პოულობს ძალას დაამოწმოს რწმენა, რომელიც ასე აშკარაა ჩვენს თვალში; დაიბრუნოს ღიმილი ღვთისმშობლის გულშემუსვრილი ხატის გვერდით, რაც მათთვის თვითმყოფადობისა და იმედის ნიშანია; 10 000 ადამიანი მოვიდა ფეხით, გამოიარეს ტყეები, ტბები, რთული გზებით, რათა გამოეხატათ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და დაჩოქილებს გაევლოთ მომლოცველობის გზის ბოლო ეტაპი. ჩემთვის ეს განსაკუთრებული გაკვეთილი იყო მეომარი ხალხებით გარშემორტყმულ ადგილებში. უპირველეს ყოვლისა, თვალები ცრემლებით ჰქონდათ ავსებული პაპის სიახლოვის გამო, თვალები სავსე ჰქონდათ შვების ცრემლებით, რადგან თავს აღარ გრძნობდნენ დავიწყებულად”, - თქვა იერარქმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page