ახალგაზრდა კათოლიკე მღვდელი გარდაცვლილი იპოვეს
- catholic.ge
- 1 day ago
- 1 min read
7 ივლისს, კანობიოში (იტალიაში), ახალგაზრდა მღვდელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. 35 წლის დონ მატეო ბალცანომ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა –ამბავს ადასტურებს ნოვარას ეპარქიის ოფიციალური განცხადებაც.

მღვდელი დილის წირვაზე არ გამოცხადდა და არც ტელეფონს პასუხობდა. სწორედ ასე შეიტყვეს სამრევლოში ტრაგიკული ამბავი.
„ძალიან გვიყვარდა, ორატორიუმშიც ყველა კარგად ვხვდებოდით. ყველა შოკში ვართ – არასდროს გვინახავს და ვერე ვხდებოდით თუ რაიმით იტანჯებოდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კანობიოს მერმა ჯან მარია მინაციმ.
„მხოლოდ უფალმა, ვინც „ყურადღებით სწავლობს და იცნობს“ თითოეულ ჩვენგანს, იცის, როგორ გაიგოს ადამიანის სულის ყველაზე მიუწვდომელი საიდუმლოებანი“, - ამბობს ეპისკოპოსის გენერალური ვიკარიუსი, დონ ფრანკო ჯუდიჩე.
დონ მატეო ბალცანო იყო გრინასკოს (ნოვარას რეგიონი) მკვიდრი. იგი 1990 წელს დაიბადა. პროფესიით ავიაციის ტექნიკოსი, 2010 წელს სემინარიაში შევიდა. იგი მსახურებდა ბორგოსეზიასა და ტრეკატეს ეკლესიებში, ასევე ეპარქიული მოწოდებების ცენტრში.
2017 წელს მას ხელი დაასხა ნოვარას ეპისკოპოსმა, ფრანკო ჯულიო ბრამბილამ.
“დონ მატეო კასტელეტოს სოპრა ტიჩინოს სამრევლოში ვიკარიუსად მსახურებდა. სანქტუარიუმში გარკვეული პერიოდის გატარების შემდეგ, მან ენთუზიაზმით განაახლა მისია კანობიოს ორატორიუმში ახალგაზრდებთან და მთლიანად კანობინას ველზე“,- წერს ეპარქია.
მღვდლები ხშირად არიან სიძლიერის მაგალითები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებას კომფორტს სთავაზობენ, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და აქვთ ეჭვები, ტვირთი და არნახული ბრძოლა საკუთარ თავთან.
დონ მატეოს 8 ივლისს, სამშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიას ეპისკოპოსი ბრამბილა წარუძღვება.
შოთა გიქოშვილი
Comments