ბარსელონაში ‘საგრადა ფამილიაზე’ უმაღლესი ელემენტი დაამონტაჟეს
- 2 hours ago
- 2 min read
ბარსელონას მონუმენტური ტაძრის, „საგრადა ფამილიას“ (Sagrada Família) კოშკზე ყველაზე მაღალი ელემენტი – ჯვრის ზედა მკლავი დაამონტაჟეს. იგი ტაძრის უმაღლესი წერტილი იქნება.

მონტაჟი ბაზილიკის არქიტექტორის, ანტონიო გაუდის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
ეს არის ახალი ეტაპი „საგრადა ფამილიას“ (Sagrada Família) ბაზილიკის მშენებლობაში. “იესოს კოშკის” ჯვრის ზედა მკლავის მონტაჟი 20 თებერვალს დასრულდა. ეს მთელი მონუმენტის ყველაზე მაღალი ელემენტია.
დამონტაჟებული ელემენტის ზომებია 4,5 × 4,5 × 4,9 მეტრი და იგი იმ გიგანტური სამგანზომილებიანი ჯვრის ნაწილია, რომელიც მთავარ კოშკს აგვირგვინებს. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო კონსტრუქციული სამუშაოები დასრულდა, კოშკის შიგნით სამუშაოები 2027 და 2028 წლებშიც გაგრძელდება.
ტაძრის უმაღლესი წერტილი
„იესოს კოშკი“ ანტონიო გაუდის მიერ დაპროექტებული კოშკების სისტემის ბირთვს წარმოადგენს. მას გარს აკრავს მახარებლების ოთხი კოშკი, რომლებიც იესოს კოშკთან ხიდებითაა დაკავშირებული, ასევე ღვთისმშობლის კოშკი, რომელიც ცენტრალურ კოშკს შიდა სივრცით უკავშირდება.
კოშკს თორმეტი წახნაგი აქვს და მისი მთლიანი სიმაღლე 172,5 მეტრს აღწევს. პანელების ცალკეული დონეების მშენებლობა 2018 წლის ოქტომბერში, 85 მეტრის სიმაღლეზე დაიწყო, რისთვისაც გამოიყენეს ნაპრალებიანი ქვის სისტემა, რომელიც ქვასა და ფოლადს აერთიანებს.
გიგანტური ზომების ჯვარი
კოშკის დაგვირგვინებას წარმოადგენს ოთხმკლავიანი ჯვარი, რომელიც დაფარულია მინითა და თეთრი კერამიკით. ჯვრის მთლიანი ზომებია 17 მეტრი სიმაღლეში და 13,5 მეტრი სიგანეში. მონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდა; ქვედა მკლავი 2025 წლის ოქტომბერში დაამონტაჟეს, რამაც ნაგებობის სიმაღლე 162,91 მეტრამდე გაზარდა.
ჯვრის ცალკეული ნაწილები 2025 წელს დამზადდა გერმანიაში, ხოლო კერამიკა, შიდა ქვა და მინა კატალონიის სახელოსნოებში. მოდულები ცალ-ცალკე ჩამოიტანეს და წინასწარ ააწყეს მთავარი ნავის ზემოთ, 54 მეტრის სიმაღლეზე მდებარე პლატფორმაზე. იქიდან შვიდ ნაწილად დაყოფილი კონსტრუქცია თავის საბოლოო ადგილზე აიტანეს. ბოლო ნაწილი, რომელიც ამჟამად დამონტაჟდა, ზედა მკლავია.

Agnus Dei (ღვთის კრავი) შიგნით
ზედა მკლავში განთავსდება მხატვარ ანდრეა მასტროვიტოს მიერ შექმნილი ქანდაკება “ღვთის კრავი” (Agnus Dei). ეს ფიგურა შეესაბამება გაუდის თავდაპირველ ჩანაფიქრს, რომლის მიხედვითაც “ღვთის კრავი” ჯვრის ცენტრში უნდა ყოფილიყო მოთავსებული. მისი ნახვა კონსტრუქციის შიგნიდან იქნება შესაძლებელი.
კოშკში ასევე განთავსებულია ქრისტეს სადიდებელი წარწერები: „Tu solus Sanctus, tu solus Dominus, tu solus Altissimus“ („მხოლოდ შენ ხარ წმიდა, მხოლოდ შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ ხარ მაღალი“). ეს წარწერები შესრულებულია თეთრი, მოჭიქული კერამიკითა და აგურით. გუმბათის ზედა ყელის მთლიანი სიმაღლე 29 მეტრია, მისი მშენებლობა კი 2025 წლის მაისში დაიწყო.
კოშკის საგარეო მშენებლობის დასრულება დაემთხვა გაუდის გარდაცვალების მეასე წლისთავს, რომელიც 2026 წელს აღინიშნება.
პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, ხორდი ფაულიმ აღნიშნა, რომ ჯვრის მშენებლობის დასრულება „გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ კონსტრუქციული ეტაპის დასრულებაა. ეს არის იმ მემკვიდრეობაზე მრავალწლიანი მუშაობისა და კვლევის შედეგი, რომელიც ანტონიო გაუდიმ დაგვიტოვა“. მან ასევე ეს მოვლენა შეაფასა, როგორც მტკიცე ვალდებულება მომავლის წინაშე, რათა გაგრძელდეს მუშაობა ტაძრის სრულად დასასრულებლად.
შოთა გიქოშვილი
.





Comments