top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პრესის თავისუფლება მინიმალურ დონეზეა’ – კვლევა

სტოკჰოლმში მდებარე „დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ პრესის თავისუფლების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „ბოლო წლებში, მთელს მსოფლიოში პრესის თავისუფლების დარღვევის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.


ree

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვა ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა. იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჟურნალისტების თავისუფლება ყველაზე მეტადაა შეზღუდული, პირველ ადგილზე არიან: ავღანეთი, ბურკინა-ფასო და მიანმარი, ხოლო მათ მოჰყვება სამხრეთ კორეა, სადაც დაფიქსირდა ჟურნალისტთა სახელის შეურაცხყოფა და მათ საცხოვრებელ სახლებში შეჭრის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.


მსოფლიოს ქვეყნებიდან ნახევარზე მეტში (54%) შეინიშნება დემოკრატიის ხუთი ძირითადი მაჩვენებლის ვარდნა. ამ მონაცემებზე ვატიკანის მედიასთან კომენტარი გააკეთა რომის უნივერსიტეტის „La sapienza“ -ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ისტორიის დოცენტმა, პიერ ლუიჯი ალოტიმ.


მისი თქმით, მსგავსი სიტუაცია დიდწილად გამოწვეულია ომების კონტექსტით. ევროპაში პრესის თავისუფლების დარღვევის ჩამონათვალში 15 ქვეყანა მოხვდა. ალოტიმ პირველ რიგში დაასახელა ბელარუსი, უკრაინა და რუსეთი, სადაც მისი თქმით, სამოქალაქო თავისუფლებებზე გავლენა მოახდინა რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე.


ამასთანავე, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება ყველასთვის არაკომფორტულია — როგორც ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ისე დემოკრატიებისთვის:

ree

„რა თქმა უნდა, დემოკრატიასაც შეუძლია, საგანგებო პირობებში, ზოგიერთ ნაწილში, თავისუფლება შეზღუდოს. ჩვენ ვიხილეთ, როგორ შეიზღუდა და შემცირდა გარკვეული თავისუფლებები კოვიდ-პანდემიის დროს, მაგრამ დემოკრატია, ავტოკრატიისგან განსხვავებით, ამას დროებით აკეთებს. შემდეგ კი, საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ, უბრუნდება პრესის თავისუფლების რეჟიმს, როგორც მაგალითად, ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ“.


ალოტი განსხვავებას ხედავს სიტყვის თავისუფლებასა და პრესის თავისუფლებას შორის:


„იტალიასა და ზოგადად ევროპაში, ფაქტობრივად აბსოლუტური სიტყვის თავისუფლებაა, რადგან ყველას შეუძლია გამოვიდეს მოედანზე ან სოციალურ ქსელებში სიტყვით – ყველა თანმხლები შედეგით, როგორიცაა კონტროლის დაკარგვა ან ჰეიტერობა.


სხვა საქმეა პრესის თავისუფლება — ანუ ის, თუ რა თავისუფლებით შეუძლიათ ჟურნალისტებს წერა და ინფორმაციის გავრცელება, დამოუკიდებლად და ავტონომიურად პროფესიული საქმიანობის განხორციელება დეონტოლოგიის დაცვით,“ – განმარტა ალოტიმ.


მან მაგალითად მოიყვანა იტალია, სადაც ჟურნალისტის წინააღმდეგ მარტივად შეიძლება სარჩელის შეტანა, სხვადასხვა ბრალდებით, ხოლო თუ შემდეგ გაირკვევა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო, მართლმსაჯულება, ცრუ ბრალდების გამო მოსარჩელეს არანაირ სასჯელს არ აკისრებს.


„დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის ინსტიტუტის“ კვლევაში განსაკუთრებითაა აღნიშნული პრესის თავისუფლების დონის შემცირება ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც სპეცსამსახურები აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ spyware-ს (ჯაშუშური პროგრამა) იყენებენ.


ალოტის თქმით, აუცილებელია პროფესიული ასოციაციების ჩარევა, რათა პრესის თავისუფლების კუთხით „პროფკავშირებმა და დემოკრატიულმა მთავრობებმა შეწყვიტონ ავტოკრატიების მსგავსად მოქცევა“.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page