top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გარდაიცვალა კათოლიკე მღვდელი, რომელიც საქართველოში 21 წელი მსახურობდა

მამა იოსებ კორნაშევსკი, რომელიც საქართველოში 1976 წელს ჩამოვიდა და ჯერ თბილისში წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარში, შემდეგ კი მესხეთში, სოფელ სხვილის სომხურ–კათოლიკურ ტაძარში მსახურობდა, 2023 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა.

„80-იანი წლებიდან იწყება ახალგაზრდობის შემობრუნება ეკლესიისაკენ, ამავე პერიოდში საქართველოს ხელისუფლება აკმაყოფილებს თბილისელ კათოლიკეთა თხოვნას და ნებას რთავს რიგის ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ მღვდელს იოსებ კორნაშევსკის დაიწყოს სამსახური ჯერ თბილისის წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარში, ხოლო შემდგომ ახალციხის რ-ნის სოფელ სხვილისის ეკლესიაში.

1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებული ე.წ. გარდაქმნის პროცესი საგრძნობლად შეეხო რელიგიურ გაერთიანებებს. დაიწყო მორწმუნეთა გააქტიურება ყველა კონფესიაში. ეს პროცესი თანდათანობით საქართველოსაც შეეხო“, – წერს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბარდაველიძე ნაშრომში „კათოლიკური ეკლესია საქართველოში“.


მამა იოსებ კორნაშევსკი 1944 წლის 16 დეკემბერს, ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში, პოლონური წარმოშობის ოჯახშიდაიბადა. დაამთავრა რიგის სასულიერო სემინარია.

1970 წლის 24 მაისს მღვდლად აკურთხეს. ხელდასხმის შემდეგ მოღვაწეობდა დაუგავპილსში.


1976 წელს გაემგზავრა საქართველოში, სადაც 21 წელი იმუშავა ჯერ თბილისში, შემდეგ კი სხვილისის სომხურ-კათოლიკურ სამრევლოში.


1993 წლის 2 თებერვალს შევიდა კაპუცინთა ორდენში. პირველი აღთქმა 1993 წლის 6 თებერვალს დადო, ხოლო სამუდამო აღთქმა 1997 წლის 4 მაისს. შემდეგ მუშაობდა მადონაში, ვილაკაში, რიგასა და ოლეინში.


2022 წლის იანვრიდან იგილუბლინის საავადმყოფოში იმყოფებოდა. 2023 წლის 8 ივნისს, ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულზე მამა იოსებ კორნაშევსკი გარდაიცვალა.


აი, რას იხსენებს კიდევ ერთ ნაშრომში ნუგზარ ბარდაველიძე:


„ივლიტის ეკლესიას სასწაულმოქმედ ძალას მიაწერენ და მთელი სამხრეთ საქართველოს კათოლიკეები, როგორც ლათინური ასევე სომხური წესისა, სისტემატურად მოილოცავდნენ და თაყვანს სცემდნენ ამ ტაძარს. ივლიტაში სადაც ეკლესია 30-იანი წლებიდან ოფიციალურად აღარ ფუნქციონირებდა, რელიგიური რიტუალების შესასრულებლად მეზობელ სოფელ სხვილისიდან იწვევდნენ მღვდელ იოსებ კორნაშევსკის.


გასული საუკუნის 80-იან წლების მიწურულს, როდესაც მესხეთში ეკლესიები ამოქმედდა, ივლიტის მოსახლეობამაც გადაწყვიტა ოფიციალურად აემოქმედებინათ თავიანთი ტაძარი. მართალია, სახელმწიფო რეგისტრაციის დიდი საჭიროებას ივლიტელები ვერ ხედავდნენ, რადგან ტაძარი ფაქტობრივად მოქმედი იყო, ქართველი და სომეხი მორწმუნეები დაუბრკოლებრივ შედიოდნენ სალოცავად, სწირავდნენ ნივთებს, ანთებდნენ სანთლებს, ასრულებდნენ სავარდის ლოცვებს, ოღონდაც საბჭოთა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ არარეგისტრირებულ ტაძარში წირვა-ლოცვის აღვლენა ან სხვა რიტუალების ჩატარება.

1989 წელს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა რელიგიების საქმეთა საბჭომ რეგისტრაციაში გაატარა, ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრასა და ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტას კათოლიკური საკრებულოები. ეს გახლდათ ფაქტიურად ბოლო რეგისტრაცია, მომდევნო წლიდან ეკლესიათა რეგისტრაციას, მთელს სახელმწიფოში შექმნილი სრული ქაოსის ვითარებაში, არც არავინ აკეთებდა.


სახელმწიფო რეგისტრაციის საბუთის გადაცემის შემდგომ მღვდელი იოსებ კორნაშევსკი ერთ ხანს სისტემატურად ახორციელებდა ივლიტაში წინამძღვრის ფუნქციას და ქართულ ენაზე ასრულებდა მსახურებას. მღვდლის მისვლის შემდგომ ერთმა უხერხულმა პრობლემამ იჩინა თავი, არარეგისტრირებულ ტაძარში ცალკეული პირები თვითნებურად ყიდნენ შინნაკეთ სანთელს მ. იოსები კი ტაძარში ყოველგვარი ვაჭრობის წინააღმდეგი იყო, ასევე მას სურდა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული ტაძრისათვის, კათოლიკური სახე დაებრუნებინა, წარმართული რიტუალები და ნივთების შეწირვებიც გაეუქმებინა, ცალკეულ პიროვნებებს კი ეს არ აწყობდათ“.


მამა იოსებ კორნაშევსკის პანაშვიდი გაიმართება ლატვიაში 2023 წლის 14 ივნისს, 11:00 საათზე, დაუგავპილსის წმინდა პეტრეს ეკლესიაში.


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page