top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘გულმოწყალე იესოს’ ხატის ისტორია



 1931 წლის 22 თებერვალს, ფაუსტინა, იგივე ჰელენა კოვალსკას, რომელიც „გულმოწყალე ღვთისმშობლის სახელობის“ კონგრეგაციიდან იყო, პოლონეთის ქალაქ პლოცკში, მონასტერში ყოფნისას, პირველად გამოეცხადა „მაკურთხებელი იესო“, რომელიც ხალხისთვის ცნობილია „გულმოწყალე იესოს“ ხატით. გამოცხადების დეტალები მან დღიურში აღწერა.

 

ამ გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ღვთის გულმოწყალების კულტს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ავთენტურობის აღიარებას დიდი დრო დასჭირდა, ამ მოვლენიდან დღეს 93 წელი შესრულდა.

 

„დაწერე ხატი იმ სურათის მიხედვით, რომელსაც ხედავ...“

 

და ფაუსტინას დღიურის 1931 წლის 22 თებერვლის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

 

“საღამოს, როცა კელიაში ვიყავი, ვიხილე თეთრი სამოსლით შემოსილი უფალი იესო, ერთი ხელი მაღლა ჰქონდა აწეული საკურთხებლად, მეორე კი – მკერდზე ჰქონდა დადებული. მკერდის ნაწილიდან, სადაც ხელი ჰქონდა დადებული გამოსჭვიოდა ორი დიდი სხივი: ერთი წითელი, მეორე – ფერმკრთალი. სიჩუმეში ვუცქერდი უფალს, ჩემი სული ერთი მხრივ შიშით, ხოლო მეორე მხრივ დიდი სიხარულით იყო სავსე. ცოტა ხანში, იესომ მითხრა: დაწერე ხატი იმის მიხედვით, რასაც ხედავ და დააწერე: იესო გესავ შენ! მსურს, რომ ეს ხატი, პირველ რიგში, თქვენს სამლოცველოში იყოს პატივდებული, ხოლო შემდგომ, მთელს მსოფლიოში. გპირდები, რომ სული, რომელიც პატივს მიაგებს ამ ხატს, არ დაიღუპება. გპირდები ასევე, რომ იგი აქ, დედამიწაზე გამარჯვების მომტანი იქნება მტრების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი დაეხმარება სიკვდილის ჟამს. თავად დავიცავ მას, როგორც საკუთარ დიდებას. მსურს, რომ დადგინდეს გულმოწყალების დღესასწაული“.

 

შემდეგ, მონათხრობში, მონანიებისა და შერიგების საიდუმლოების შესახებ წერია. გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წმინდანმა დაწერა:

 

“როცა ამის შესახებ წინამძღვარს მოვუყევი, მან მითხრა, რომ ეს მხოლოდ ჩემს სულს ეხება და რომ ხატი საკუთარ სულში დამეწერა. როცა სააღმსარებლოდან გამოვედი, კვლავ მოვისმინე ხმა, რომელიც მეუბნებოდა: „ჩემი ხატი შენს სულში უკვე არის. მსურს, რომ დადგინდეს გულმოწყალების დღესასწაული; მსურს ხატი, რომელსაც ფუნჯით დაწერ, აღდგომის მეორე კვირა დღეს საზეიმოდ იქნას ნაკურთხი და მას ეწოდოს გულმოწყალების კვირა დღე”.

 

ფაუსტინას იმ დროს სამი სულიერი მამა ჰყავდა. დადგენილი არ არის, მათგან რომელმა ურჩია იესოს ეს სიტყვები მიეღო, როგორც მეტაფორა. მის გამოცხადებას უნდობლობით უყურებდა ასევე მონასტრის იღუმენია, დედა რუჟა კლობუკოვსკა.

 

იესო კვლავ ახსენებს ხატის დაწერას

 

მომდევნო გამოცხადებებში, იესო ფაუსტინას ახსენებდა 22 თებერვალს მიცემულ დავალებას. ასე შეახსენა ხატის დაწერის შესახებ 1933 წლის დიდმარხვის ჟამს. ასეთ გამოცხადებებს ფაუსტინა დეტალურად აღწერდა დღიურებში.

 

გაუგებრობისა და მზარდი წინააღმდეგობის გამო, მუდმივი აღთქმის დადების წინ, აღსარების საიდუმლოს დროს, ფაუსტინამ მღვდელ იეოზეფ ანდრაშს სთხოვა იგი გათავისუფლებინათ რთული მისიისგან. მღვდელმა უარი უთხრა მონაზონს და არწმუნებდა, რომ ყურადღებით მოესმინა შინაგანი ხმისთვის.

 

გარდამტეხი ჟამი დადგა, მაშინ, როცა ფაუსტინას გაემგზავრა ვილნიუსის  მონასტერში, სადაც შეხვდა სულიერ მოძღვარს, მღვდელს, ნეტარ მიხალ სოპოცკის. სწორედ ვილნიუსში, მონაზონ ფაუსტინას ზედმიწევნითი კარნახით დაიწერა „გულმოწყალე იესოს ხატი“.


 

პირველი ხატი დარჩა ვილნიუსში

 

საყურადღებოა, რომ თავდაპირველად სიტყვა “დაწერ ფუნჯით”, ფაუსტინამ სიტყვა-სიტყვით გაიგო და ცდილობდა ხატი დამოუკიდებლად შეექმნა. თუმცა მას მხატვრობის ნიჭი არ აღმოაჩნდა და დახმარება თავისივე კონგრეგაციის მონაზონს, და ბოჟენას სთხოვა.

 

ხატი “იესო გესავ შენ” ნაკლებად ცნობილმა ხელოვანმა, კრაკოვის ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებულმა, ევგენიუშ კაჟიმიეროვსკიმ დაწერა. მხატვარი  იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც ნეტარი მიხალ სოპოცკი, ერთი სართულით ზემოთ.

 

ხატის წერის პროცესი 1934 წლის იანვრიდან ივლისამდე გაგრძელდა. წარწერა “იესო გესავ შენ” პატარა დაფაზე დააწერეს და მიამაგრეს ხატის ძირში.

 

ეს ხატი საჯარო სივრცეში 1935 წელს გამოჩნდა ვილნიუსში, ხოლო 3 წლის შემდეგ, 1938 წლის 5 ოქტომბერს კრაკოვში.

 

 საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების გამო, ღვთის გულმოწყალების კულტის გავრცელება მხოლოდ წმინდა იოანე პავლე II - ის პაპობის დროს მოხდა, ხოლო კაჟიმიეროვსკის მიერ დაწერილი ხატი დღემდე ვილნიუსშია დაბრძანებული.

 

მეორე ხატი  – კრაკოვში

 

ლაგევნიკებში, იქ სადაც მონაზონი ფაუსტინა გარდაიცვალა, მონასტრის სამლოცველოში დაბრძანებულია „გულმოწყალე იესოს“ ხატი, რომელიც 1944 წელს ადოლფ ჰილამ დაწერა.  მონაზვნის გარდაცვალების შემდეგ, იგი დამუშავდა მღვდელ მიხალ სოპოცკის ზუსტი კარნახით.

 

რადგანაც ჰილა უბრალო მხატვარი იყო, მის მიერ შესრულებული გულმოწყალე იესოს ხატი გაოცებას იწვევდა მკვლევრებს შორის. დაახლოებით ერთ თვეში იგი ერთ ხატს წერდა.

 

წყარო: pl.aleteia.org

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

bottom of page