2027 წლის მსოფლიო ახალგაზრდული დღეების ოფიციალური ჰიმნი მზადაა
- 6 hours ago
- 2 min read
2027 წლის სეულის ახალგაზრდობის მსოფლიო დღემდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ორგანიზატორებმა ღონისძიების ოფიციალური ჰიმნი წარადგინეს. მისი სახელწოდებაა Confidite, Ego Vici Mundum – „გამხნევდით! მე ვძლიე სოფელს“.

ოფიციალური ჰიმნი, რომელიც 2027 წლის მსოფლიო ახალგაზრდული დღეებისთვის (WYD) შეიქმნა განწყობას შეუქმნის კათოლიკე ახალგაზრდებს საერთაშორისო შეკრებაზე, რომელიც 2027 წლის 3–8 აგვისტოს, კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართება.
ჰიმნის სახელწოდებაა Confidite, Ego Vici Mundum, რაც ეხმიანება 2027 წლის ახალგაზრდობის მსოფლიო დღის დევიზს: „გამხნევდით! მე ვძლიე სოფელს“ (იოანე 16,33).
ჰიმნი სრულდება რამდენიმე ენაზე: კორეულად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, პორტუგალიურად და იტალიურად.
იგი იწყება მოწოდებით: „მოდი, გამომყევი; მძინარე გულო, გაიღვიძე და იარე.“
ჰიმნის ორი ვერსია ჩაიწერა: პირველი – უფრო კლასიკური შესრულებით, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით, ხოლო მეორე – თანამედროვე, პოპ-სტილში.
ჰიმნის პირველი ვერსია
ამ ჰიმნის მიზანია, ახალგარზდებმა წინასწარ შეიგრძნონ ის ატმოსფერო, რომელიც ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს ახლავა. ამასთანავე, ღონისძიებისთვის მომზადების პერიოდში, მელოდია მონაწილეების მუდმივი მუსიკალური თანამგზავრი იქნება.
ყოველი წლის "ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს" თავისი უნიკალური მელოდია აქვს, რომელიც მონაწილეებისთვის განსაკუთრებულ მოგონებებს უკავშირდება.
ჰიმნი შეიქმნა საერთაშორისო ღია კონკურსის შედეგად. მონაწილეებს უნდა შეექმნათ ორიგინალური კომპოზიცია, რომელიც გამოხატავდა ღონისძიების მთავარ თემას: „გამხნევდით! მე ვძლიე სოფელს“ (იოანე 16,33).
კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია – სულ 434 ნამუშევარი შევიდა, მათგან 294 საზღვარგარეთიდან. გამარჯვებული ჰიმნი შემდგომ დასამტკიცებლად წარედგინა წმინდა საყდრის ერისკაცთა, ოჯახის და სიცოცხლის დიკასტერიას.
ჰიმნის ავტორია კორეელი მუსიკოსი ფრანცისკე ჯი-იუნ კიმი Francis Jiyoon Kim, რომელმაც კომპოზიციას თავისი ქვეყნისა და კულტურის განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
ჰიმნის მეორე ვერსია
სიმღერის ძირითადი ნაწილი კორეულ ენაზე სრულდება. თანამედროვე მუსიკალური არანჟირება შერწყმულია კორეულ ტრადიციულ საკრავებთან, რაც ჰიმნს უნიკალურ ჟღერადობას ანიჭებს.
ვიდეოკლიპში ნაჩვენებია სეულის ბუნება და ქალაქის ყველაზე ცნობილი ადგილები, რაც მონაწილეებს უკვე ახლა აძლევს წარმოდგენას იმ გარემოზე, რომელიც მომავალ ზაფხულს ელოდებათ.
ტრადიციისამებრ, მთავარ ღონისძიებას წინ უძღვის „დღეები ეპარქიებში“.
2027 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე სამხრეთ კორეის 15 ეპარქია მომლოცველებს სამრევლოებსა და ოჯახებში უმასპინძლებს, რათა მათ სეულის შეხვედრამდე ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრება ახლოდან გაიცნონ.
ისტორიული ახალგაზრდობის მსოფლიო დღე
1995 წელს მანილაში ჩატარებული ახალგაზრდობის მსოფლიო დღის შემდეგ, სეულის შეხვედრა აზიაში მხოლოდ მეორე ასეთი მასშტაბური ღონისძიება იქნება.
ამასთან, ისტორიაში პირველად ახალგაზრდობის მსოფლიო დღე იმ ქვეყანაში გაიმართება, სადაც კათოლიკეები მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. სამხრეთ კორეაში კათოლიკეები მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შეადგენენ, საზოგადოებაში კი რელიგიური მრავალფეროვნება ფართოდ არის წარმოდგენილი.
შემდეგი ნაბიჯები
მომლოცველთა რეგისტრაცია 2026 წლის ოქტომბერში დაიწყება. მონაწილეებს შეეძლებათ აირჩიონ სხვადასხვა პაკეტი, რომლებიც მათი ყოფნის ხანგრძლივობასა და არჩეულ ღონისძიებებზე იქნება მორგებული.
ასევე მიმდინარეობს სპეციალური მობილური აპლიკაციისა და ინტეგრირებული ლოგისტიკური სისტემის შექმნა.
წინა ახალგაზრდობის მსოფლიო დღეების მსგავსად, სტუმრების მიღების მთავარი ტვირთი სეულის არქიეპარქიის ოჯახებსა და სამრევლოებს ეკისრებათ. უკვე 230-მდე სამრევლო აქტიურად ეძებს და ამზადებს მასპინძელ ოჯახებს, რათა ახალგაზრდებმა კორეის ეკლესიის ყოველდღიური ცხოვრება უშუალოდ გამოსცადონ.
„ყველა ღონეს ვიხმართ, რათა სეულში, 2027-ის ახალგაზრდობის მსოფლიო დღე, იქცეს იმედის დღესასწაულად და კორეისა და სეულის სტუმართმოყვარეობისა და სოლიდარობის ნამდვილ მოწმობად,“ – განაცხადა სეულის არქიეპისკოპოსმა და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი წელია მიმდინარეობს და ახლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ორგანიზატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ათასი ახალგაზრდის მიღებას ელოდებიან. ღონისძიების უზრუნველყოფაში დაახლოებით 30 000 მოხალისე იქნება ჩართული, რომელთაგან რამდენიმე ასეული უკვე აქტიურად მუშაობს.
თაკო ფეიქრიშვილი
