top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დონ დიმიტრი თუმანიშვილი


"პატრი დონ დიმიტრი თუმანიშვილი, მიხეილის ძე (1842 – 1895, 8/I) – სასულიერო-ეროვნული მოღვაწე, მქადაგებელი და ქველმოქმედი, ქართველ კათოლიკეთა მოძღვარი,

დაიბადა ქალაქ ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, მე-5 კლასიდან – სარატოვის კათოლიკეთა სასწავლებელში. დაამთავრა რომის კათოლიკეთა პროპაგანდის სკოლა.


1873 წელს, პატრად ნაკურთხი და მალე დეკანოზად აყვანილი, სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოღვაწეობას შეუდგა ქართველ კათოლიკეთა საკეთილდღეოდ, უქადაგებდა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე, გვარის კეთილდღეობისათვის ზრუნვაზე, სწავლის გავრცელებას სამშობლო ენაზე და სხვ.


ქუთაისში, კათოლიკეთა ეკლესიასთან, დააარსა ქალ-ვაჟთა სკოლა და ნივთიერადაც დაეხმარა სასკოლო შენობის აგებისათვის.


ქუთაისიდან ოდესას გადაიყვანეს საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1879 წელს თბილისს გადმოამწესეს: აქ კათოლიკეთა ეკლესიასთან დააარსა სკოლა, ააშენა სასკოლო სადგომი, კიცხავდა იმ კათოლიკე-პატრებს, რომლებიც ანგარებით, პირადი ინტერესებით უარყოფდნენ სამშობლო – ქართულ ენაზე ქადაგებასა და სწავლებას, რისთვისაც 1887 წელს ისევ ოდესას განდევნეს საიდუმლო დაბეზღებით. თბილისში მისი თაოსნობით შემოიღეს ქართველ კათოლიკეთა ღარიბ მოწაფეთათვის ფულის

შეგროვება და სხვ.


საეკლესიო სკოლებში სახმარად შეადგინა ქართული კატეხიზმო, რასაც სომეხ-კათოლიკე

პატრებმა დევნა დაუწყეს (ამის გამო, დ. თუმანიშვილმა რუსულად გამოსცა, რომ მთავრობა დაერწმუნებინა მის კანონიერებაში). გარდა ამისა, შეადგინა და საკუთარი ხარჯით დაბეჭდა:


1. Руководство для преподавания римскокатолической литургии в средне-учебных

заведениях Тираспольской р. к. епархии; [Несколько слов об инквизиции] / Туманов, Д. - Одесса: тип. «Пчелки», 1889. - 100, 18, II с.: ил.;


2. Ваплер, Антоний. История римско-католической церкви, для учеников старшего

возраста: В некоторых параграфах сделаны доп. по Булинскому, Дарра, Гольцварту и Велье/ [Соч.] Свящ. д-ра Антония Ваплера; Под ред. законоучителя одес. средне-учеб. заведенийсвящ. кн. Д. Туманова, на рус. яз. пер. Ф.О.Зенькович. - Одесса: изд. почетный каноник кн. Д. Туманов, 1892. - 286, X с.; 2-е изд., перепеч. без перемены с 1-го изд.... - Одесса: изд. почетный каноник кн. Д. Туманов, 1894. - 290, XV, [1] с.;

3-е изд., перепеч. без перемены с 1-го изд..... Одесса: Е.П. Распопов, 1899. - 352, XIIс.; 22см. [ერთი საუკეთესო, უბადლო სახელმძღვანელოთაგანი არათუ ჩვენში, საზღვარგარეთაც] და სხვ.


დ. თუმანიშვილი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ თავგანწირვით უნდა ემსახურონ მოძმეთ, როგორ იცხოვრონ და იმოღვაწონ. გარდაიცვალა 1895 წელს, ოდესას და იქვე

დაიკრძალა იანვრის 11.


მის შესახებ:

1. დღიური // დროება. - 1879. - 7 ივნისი. - #118. - გვ. 2-3;

2. ახალი ამბავი // ივერია. - 1895. - 29 მარტი. - #68. - გვ. 1;

3. ოცხელი, იოსებ (ი. ო.). დონ დიმიტრი თუმანიშვილი: ნეკროლოგი // ივერია. - 1895. - 22 იანვარი. - #16. - გვ. 1-2;

4. სიტყვა: [წარმოთქმული თ. დიმიტრი თუმანიშვილის ანდერძის აგების დროს ] / კვალი. - 1895. #11. - გვ. 7-8;

5. ჩარჩ-ვაჭრების თავგასულობა,... // კვალი. - 1895. - #15. - გვ. 2;

6. წერეთელი, გ. პატრი დონ დიმიტრი თუმანიშვილი: [ნეკროლოგი] // კვალი. - 1895. - #4. - გვ. 12-15.


წყარო:

1. სიტყვა: [წარმოთქმული თ. დიმიტრი თუმანიშვილის ანდერძის აგების დროს ] // კვალი. - 1895. #11. - გვ. 7-8;

2. წერეთელი, გ. პატრი დონ დიმიტრი თუმანიშვილი: [ნეკროლოგი] // კვალი. - 1895. - #4. - გვ. 12-15.


"ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი", იოსებ იმედაშვილი 1801–1952, ტომი II


ნეკროლოგი


დონ დიმიტრი თუმანიშვილი


ოდესაში გარდაიცვალა კათოლიკეთა საღმრთო რჯულის მასწავლებელი, მღვდელი დონ დიმიტრი თუმანიშვილი. განსვენებული იყო შვილი თავადის მიხეილ თუმანიშვილისა. დიმიტრის სიყმაწვილიდგანვე დაეტყო ღვთის–მეტყველების სიყვარული და მამამ გააგზავნა შვილი სამზღვარ–გარედ ჯეროვანი განათლების მისაღებად. ამ ოცი წლის წინად გონებაგანვითარებული ახალგაზრდა დონ დიმიტრი დაბრუნდა თავისს სამშობლოში და დანიშნულ იქმნა ქუთაისში ეკკლესიის შემვლელისა თანაშემწედ: აქ ჰპოვა მან უკიდურესის ფანატიზმით გარემოცული კათოლიკეთა საზოგადოება და მყისვე შეუდგა ამ მავნებელ თვისების აღმოფხვრას და ერთიანად მიეცა საზოგადოების გონებით განვითარების ზრუნვას. ენა ვერ გამოსთქვამს რა–და–რა ინკვიზიციური ჩვეულებები ჰსუფევდა მოწაფეების შესახებ განსვენებულის დანიშვნამდე: როზგი, მათრახი, დაკოჭვა და დაკიდვა, სვეტზედ გაკვრა, ენით მიწაზედ ჯვრის გაკეთებინება და სხვა–და–სხვა მრავალი რამ ამ გვარი...


სწორედ ამ დროს მოვიდა ქუთაისს პ. დიმიტრი თუმანიშვილი, კაცი სულ სხვა ხასიათისა და მიმართულებისა. ეს იყო კაცთ–მოყვარე, მეტად ჩჩვილი და ნაზი გულისა და მარტივის სულისა; იმას სწამდა, რომ მთელის საზოგადოების ბედნიერება მხოლოდ მაშინ მოიპოვება, როდესაც ყოველი მისი წევრი ამაღლდება გონებით; ხოლო მისი გონების ამაღლება შეიძლება მაშინ, როდესაც ახალს თაობას მისცემ განათლების ფართო გზას; იმას სწამდა, რომ სიმკაცრით კი არა, მხოლოდ სიყვარულით შეიძლება აღზარდო ყმაწვილი, როგორც ზნეობრივად, ისე გონებრივად; უკანასკნელად იმას ესმოდა, რომ ქუთაისის კათოლიკეთა საზოგადოება არის ნაწილი ქართველობისა.


განსვენებულმა დონ დიმიტრიმ გააწყო სასწავლებელი სულ სხვა ნიადაგზედ: მოიწვია ქართველ–მართლმადიდებელნი მასწავლებელნი და გამოუცხადა მშობლებს, რომ მათი შვილები მომზადდებიან გიმნაზიაში შესასვლელად; თანვე უხსნიდა ყველას, რომ განათლება კი არ ჰყრყვნის, არამედ აფაქიზებს ადამიანის სულს და უახლოვებს მას ღმერთს. ამავე დროს პირველად დააფუძნა მან ქუთაისში კათოლიკეთა დედათა სასწავლებელი (1872 წ.) იმ აზრით, რომ მომავალ დედებისთვის საჭიროა გონებისა და ზნეობის განვითარება შვილების აღსაზრდელადაო.


5–6 წელი დაჰყო დ. დიმიტრი თუმანიშვილმა ქუთაისში; მან პირველად გასტეხა ის ცხრა–კლიტური ზღუდე, რომელიც აშორებდა ქართველ კათოლიკეთა მართლმადიდებელ ქართველებსა; მან პირველად მოისურვა რომ ახალს–თაობას მისცემოდა ფართო ასპარეზი გონების განვითარებისა და ეს სურვილი კიდეც აღასრულა; უკანასკნელად მისის მეცადინეობით დღეს თითქმის ყველა ახალგაზრდა ქუთაისის კათოლიკე ქალს პირველ–დაწყებითი სწავლა მაინცა აქვს მიღებული; ერთის სიტყვით, დ. დიმიტრი თუმანიშვილი იყო პიონერი ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა საზოგადოების აღსადგენად. აი, ამისთვის დღეს ეს საზოგადოება ერთხმად თხოულობს, რომ მისი საყვარელი დონ დიმიტრის გვამი უთუოდ გადმოსვენებულ და დასაფლავებულ იქმნას ქუთაისში.


განსვენებულს არა ნაკლები ღვაწლი მიუძღვის ტფილისის ქართველ კათოლიკეთა საზოგადოების წინაშე. მან აქაც მიაქცია უპირველესი ყურადღება ყმაწვილების აღზრდას;  ააშენა მშვენიერი სკოლა, როგორც ვაჟთთა, ისე ქალთათვის. მოიწია მასწავლებლები განურჩევლად მათის სარწმუნოებისა და პირველად დაამყარა ბავშვების აღზრდა ეროვნულს ნიადაგზედ. მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში აღმოსჩნდნენ ისეთნი, რომელნიც იყვნენ უკმაყოფილონი დონ დიმიტრის აზრისა. იგინი ავრცელებდნენ ხმას, რომ პ. თუმანიშვილი არ ჰზოგავს საზოგადოების ფულებს და აშენებს სკოლასა და ეკკლესიასაო, თუმცა ყველამ იცოდა, რომ განსვენებული, როგორც მემკვიდრეობით შეძლებული კაცი, საკუთარ ფულსაც ბევრს ხარჯავდა მის მიერ დაწყებულ საქმეზედ. დ. დიმიტრის მარტივმა და მაღალ ზნეობრივმა სულმა ვერ აიტანა ამგვარის ხმის გავრცელება და 1887 წელს გადავიდა ოდესსაში საღმრთო სჯულის მასწავლებლად, მაგრამ განსვენებული შორიდგანაც კი ცდილობდა ქართველ კათოლიკეთა შველასა და დახმარებას. 1893 წელს გაემგზავრა პეტერბურგს და სამინისტროში ეცადა დაებრუნებინათ საქართველოს კათოლიკეთათვის ქართულის ენის ხმარების ნება ეკკლესიებში, მაგრამ ვერა გააწყო რა. დარჩენოდა ახლა მხოლოდ ერთი საშუალება: გამგზავრებულიყო საქართველოს და თავისი სიტყვით, მოქმედებითა და მაგალითით გაემხნევებინა დაცემული ქართველ კათოლიკეთა საზოგადოება. კიდეც დაინიშნა ქუთაისის ეკკლესიის სამრევლოს მმართველად ამ შემოდგომაზე; მაგრამ სიკვდილმა უსწრო და ქუთაისის კათოლიკეთა სასოების საგანი წარიტაცა სამუდამოდ.

კურთხეულ იყოს ხსენება შენი, უპატიოსნესო საქართველოს შვილო! შენი სახელი იქმნება დაუვიწყარი, ვიდრე საქართველოში დარჩება თუნდაც ერთი ქართველი კათოლიკე!

ი.ო

გაზეთი „ივერია“ , 22 იანვარი, 1895 წელი. N16.


დონ დიმიტრი თუმანიშვილი


გაზდილი და ნაკურთხი რომს, კაცი დარბაისელი და სათნოიანი მღვდელი, ნათესავი ქუთათურ ქართველ კათოლიკე თავად თუმანიშვილების, გულშემატკივარი, მრევლში საწყალი ხალხის დამხმარე და ქომაგი, იყო ქართველი თავადიშვილი და მასთან სამაგალითო კათოლიკეთ მოძღვარი. თფილისში მსახურებს დროს, მან ისახელა თავი ღარიბ-ღატაკ მრევლის წინაშე, კათოლიკეთ სასწავლებელიც გადააკეთა, ასევე ეკკლლესია.


ტფილისში ყოფნის დროს, მას სომეხ კათოლიკებმა მტრობით მოუგონეს, რომ დონ დიმიტრი კათოლიკეთ საყდარში სომხურ წიგნებს სწვავს და სპობსო. სომხურ ნაწერებს ყველგან ფხეკავსო.


ეს ამბავი გაზეთებშიაც დაბეჭდეს სომხებმა. დონ დიმიტრიმ ჭორს პასუხი არ აგო. მის მერე იგი ოდესაში გადაიყვანეს. იქ მსახურებდა, დაახლოვებული კავშირი აქვნდა იქურ ქართველ სტუდენტებთან მათ ეხმარებოდა კიდეც. იქვე მან დაბეჭდა „კატეხიზმო“ კათოლიკეთ ეკკლესიის წესების შესახებ. გარდაიცვალა იქვე, მოასვენეს და დაასაფლავეს ქუთაისში, კათოლიკე ეკლესიის გალავანში.


ქართული სტამბები 1627 _ 1916 წ. ნიკოლოზ ღოღობერიძე და ზოგი ქართველთა მოღვაწენი ს უ რ ა თ ე ბ ი თ


შეკრიბა თაკო ფეიქრიშვილმა

bottom of page