ებრაელი მსახიობი გად ელმალეჰი კათოლიკე გახდა
- catholic.ge

- 27 minutes ago
- 2 min read
სეფარდი ებრაული წარმოშობის მსახიობი და კომიკოსი, გად ელმალეჰი ამბობს, რომ კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოექცა – მისი თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ყოვლადწმიდა მარიამმა შეასრულა.

51 წლის ელმალეჰი ცნობილი მსახიობი და კომიკოსი, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში პოპულარული და საყვარელია. იგი სეფარდული წარმოშობის მაროკოულ ებრაულ ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა ამბობს, რომ კათოლიკური რწმენით მისი გატაცება ხანგრძლივი ინტელექტუალური პროცესის შედეგია. კათოლიკობით დაინტერესება კი ყოვლადწმიდა მარიამთან შეხვედრით დაიწყო და მისთვის განგება გახდა.
"ქალწული მარიამი - ჩემი ყველაზე ლამაზი სიყვარული"
„ქალწული მარიამი ჩემი ყველაზე ლამაზი სიყვარულია“, - ამბობს მსახიობი და იხსენებს, რომ ბავშვობაში, ერთხელ, შემთხვევით შევიდა მაროკოს კასაბლანკაში მდებარე ლურდის წმიდა მარიამის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში. იმ პერიოდში მისი ოჯახი მაროკოში ცხოვრობდა.
„ტაძარში მშობლების ნებართვის გარეშე შევედი. მისი კარი შევაღე და ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის უზარმაზარი ქანდაკების წინ აღმოვჩნდი, რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა. ეს ხილვა არ იყო, ეს უბრალოდ ქანდაკება იყო, თუმცა ადგილზე გავშეშდი.
ტირილი დავიწყე და დავიმალე. მეშინოდა, რომ ჩემი ოჯახი მიპოვიდა, მეშინოდა წყევლისა და ცრურწმენების, ამიტომ მთელი ბავშვობა ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდი. მაშინ მარიამის მედალიონი მაჩუქეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიცავდა”.

გად ელმალეჰი მონაკოს დედოფალ კაროლინას ქალიშვილის, შარლოტა კასირაგის უფროსი ვაჟის, რაფაელის მამაა. წყვილი ოთხი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, რაფაელი კი, 2013 წლის 17 დეკემბერს დაიბადა.
მსახიობი ცნობილია მრავალი ფილმით, როგორებიცაა „შუაღამე პარიზში”, „ტენტენის თავგადასავალი”, „უნიკორნის საიდუმლო“. მისი გადაღეულია ფილმი „კოკო“ (2009). ნიჭმა და კარგმა იუმორმა იგი მაყურებლისთვის საყვარელ და პატივსაცემ მსახიობად აქცია.
2025 წლის 16 ნოემბერს გამოვიდა მისი, როგორც რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „ცოტა დაისვენე“. იგი რელიგიურ მოქცევას ეხება და კომედიური ელფერი აქვს.
სცენარი ზრდასრული მამაკაცის მოქცევის ისტორიას ჰყვება, ხან ავტობიოგრაფიულ, ხან კომედიურ ჟანრში.
განსაკუთრებული ის არის, რომ გად ელმალეჰის მშობლები დაეთანხმნენ მის აზრს და დასთან ერთად, მშობლებმაც შეასრულეს თავიანთი როლები ამ ისტორიაში.

ამ საკმაოდ გაბედულ ფილმში, მთავარი გმირი ნათლობას ითხოვს და მისი მიღების შემდეგ იგი ჟან-მარის სახელს იღებს.
გად ელმალეჰის საქციელი მოულოდნელი იყო, თუმცა მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ღიად აცხადებდა კათოლიკურ ეკლესიასთან სიახლოვის შესახებ. როდესაც მისი ვაჟი, რაფაელი დაიბადა, მან უფლება მისცა ბავშვი კათოლიკურად მოენათლად.
2025 წლის ივნისში ის პარაი-ლე-მონიალის სალოცავს ეწვია, სადაც შთაგონებით სავსე და თბილი შეხვედრა ჰქონდა კარდინალ რობერტ სარასთან.

მსახიობმა ცოტა ხნის წინ დაასრულა თეოლოგიის კურსები პარიზში, ბერნარდინელების კოლეჯში.
შოთა გიქოშვილი









Comments