top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვის და რატომ დაურეკა პაპმა 78–ჯერ

Updated: Sep 25, 2021

ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელი ანდრეა ფერი 2013 წლის 4 ივლისს გაქურდეს და მოკლეს. რვა წლის განმავლობაში, ფერის დამწუხრებულ ოჯახს პაპმა ფრანცისკემ 78–ჯერ დაურეკა.



2013 წლიდან დღემდე, პაპის ტელეფონიდან ანდრეა ფერის ოჯახთან პიზაროში, 78 სატელეფონო ზარი განხორციელდა.


ანდრეა ფერი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურს ხელმძღვანელობდა, 2013 წელს ამავე სადგურის გაქურდვისას მოკლეს. დედა, როზალბა ფერი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, რადგან შვილის გარდაცვალების შემდეგ სიმშვიდე ვერ პოვა.


ანდრეას ძმა, მიშელ ფერი ერთ–ერთი უბედური შემთხვევის შემდეგ ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ამ შემთხვევის შემდეგ, მიშელმა პაპ ფრანცისკეს მისწერა, წმინდა მამა კი მას მყისვე გამოეხმაურა. სატელეფონო ზარები მათთვის მუდმივი შეხვედრის საშუალებად გადაიქცა.


“გამარჯობა, ფერის ბინაა? მე პაპი ვარ, როგორ ხარ?” – 8 წელი და 78 სატელეფონო ზარი, სწორედ ამდენჯერ მოჰგვარა პაპის დარეკვამ ღიმილი ფერების დამწუხრებულ ოჯახს.


პაპი ყველას ესაუბრებოდა ოჯახში, მათ შორის პერუელ დიასახლისსაც.


“ჩვენ თითქმის დავმეგობრდით. ერთხელ დედამ ალოდინა კიდეც პაპს. დარეკვისას სთხოვა მიშელს დაუძახეთო, მე ზემოთ ვიყავი, ცოტა მოშორებით ტელეფონიდან. პაპს მოუწია ლოდინი, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. ჩვენ მასთან სტუმრადაც წავედით სანტა მარტას სასახლეში, სადაც იგი ცხოვრობს. მიგვიღო და პაპამობილის მცირე ზომის კერამიკული მოდელი მაჩუქა. კიდევ, მეუღლესთან ერთად ნათლობაზე ვიყავი, ამ დროს დარეკა ტელეფონმა და უპასუხა ჩვენმა დიასახლისმა ვანესამ, მან უმალვე შეახსენა პაპს, რომ პერუელია, პაპმა კი უთხრა, კარგი, მაშინ ესპანურად ვისაუბროთო”, – ჰყვება გამოცემა Il Resto del Carlino-თან მიშელი (19 სექტემბერი).


მანვე 16 სექტემბერს დედის, როზალბას გარდაცვალების შესახებ, თავის Facebook გვერდზე დაწერა და პაპ ფრანცისკეს სატელეფონო ზარების უწყინარი ხუმრობაც გაიხსენა.


“შენც გაფრინდი ცაში, ჩემო ძვირფასო დედიკო. შენი ცხოვრება სავსე იყო ტკივილითა და ცრემლით. მას შემდეგ, რაც დაბადებიდან 10 დღის შემდეგ დაკარგე შვილი ჯანლუკა; მას შემდეგ, რაც მოგიწია წყეულ სიმსივნესთან ბრძოლა, რომელიც საბედნიეროდ დაამარცხე, მაგრამ მან შენზე დატოვა წარუშლელი კვალი; მას შემდეგ, რაც ჩემი ავარიის გამო თვეობით საავადმყოფოში გიწევდა ყოფნა და ერთი წუთითაც არ მტოვებდი; შენი მეუღლისა და ორი დის გარდაცვალების შემდეგ, რაც დასრულდა შენი შვილის ანდრეას აბსურდული სიკვდილით; პაოლინოს სიმსივნის მიზეზით გამოწვეულმა სიკვდილმა, რომელიც შვილივით გყავდა.


პაპი ფრანცისკე მუდამ შენს გვერდთ იყო, მან 78–ჯერ დარეკა ტელეფონზე, 2013 წლის აგვისტოდან დღემდე. იგი ყოველ თვეს, ხანდახან უფრო ხშირადაც რეკავდა და იწყებდა სიტყვებით: „გამარჯობა როზალბა, როგორ ხარ?“. მან შენთან ერთად გაითავისა ეს ტკივილი, რომელსაც მუდამ თან ატარებდი. ეს ცრემლები, რომლებიც არ შრებოდა, ეს ტკივილი, ნელ–ნელა გხრავდა ამ დილამდე. შენ უკვე ზეცაში ხარ, რათა მოინახულო შენი ახლობლები. შემთხვევითი არაა, რომ დღეს აღინიშნება მგლოვიარე ღვთისმშობლის მოხსენიება. ნახვამდის დედიკო. ძალიან მიყვარხარ” (17 სექტემბერი).


წყარო: it.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

bottom of page