top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ზაქარია ფალიაშვილი – ხიდი კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკელსიას შორის


‘მესას’ პრეზენტაცია კათოლიკურ ტაძარში

21 მაისს, თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლეს კათოლიკურ ტაძარში ქართველი კათოლიკე კომპოზიტორისა და დირიჟორის, კონსერვატორიის მეორე რექტორის, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ზაქარია ფალიაშვილის „მესის“ პრეზენტაცია გაიმართა.


1901 წლით დათარიღებული ფალიაშვილის ხელნაწერი „მესა“ ექვსნაწილიანი ნაშრომია და კათოლიკური წირვის სრულ ანალოგს წარმოადგენს. ეს არის ორღანისა და გუნდის პარტიები ლიტურგიის ყველა ნაწილში.


ნაშრომის ახალი ვერსია თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და თბილსის სახელმწიფო კონსერვატორიის ინიციატივით გამოიცა.


პრეზენტაციისას კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ „მესის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა:


"რატომ მესა?", ცხადია ისმის ეს კითხვა და მე მინდა გაგიზიაროთ თუ როგორ იყო ფალიაშვილის „მესის“ ისტორია გადაჯაჭვული კონსერვატორის ისტორიასთან. 60–იან წლებში ზაქარია ფალიაშვილის ძმიშვილის, ვახტანგ ფალიაშვილის მიერ „მესა“ იყო შესრულებული კონსერვატორიის დიდ დარბაზში. უფრო მეტიც, 60–იან წლებში „მესა“ იყო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდის რეპერტუარში. ასე, რომ დაიბადა იდეა და დიდი ამბიციაც, რომ კონსერვატორიაც ყოფილიყო „მესის“ გამოცემის ნაწილი, არის აბსოლუტურად კანონზომიერი. ეს გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ წარმოგვედგინა სრულიად განსხვავებული კონტექსტი, მით უმეტეს, რომ ის არის პრაქტიკულად იდეალური მაგალითი, იდეალური გამტარი ეროვნულობისა და ევროპულობის. „მესა“ სწორედ ამის დადასტურებაა“.


წიგნის წარდგენაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პეტრესა და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიაში პრეზენტაციის გამართვას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან თავადაც კათოლიკე ზაქარია ფალიაშვილი, ქუთაისის კათოლიკური ტაძრის შემდეგ, სწორედ ამ ტაძარში უკრავდა უძველეს (1886 წელი) ორღანზე.


ტაძრის სარკმელი,საიდანაც ივ.ჯავახიშვილის სახლი,მემორიალური დაფა ჩანს.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ტაძრის პირდაპირ მდებარეობს სახლი, სადაც ფალიაშვილის უახლოესი მეგობარი, ივანე ჯავახიშვილი ცხოვრობდა. როდესაც ჯავახიშვილს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და სახლიდან ვერ გადიოდა, ზაქარია წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ტაძარში ორღანზე უკრავდა და ასე ამხნევებდა მეგობარს:


„ძალიან სიმბოლურია, რომ ამ ტაძარში ვართ, რადგან ეს არის წმინდა ადგილი, სადაც ზაქარია ფალიაშვილი თავისი მეგობრობის, სულიერების, მხარდაჭერის, თანადგომისა და ყველა იმ ადამიანური მაღალი სიკეთეების გამოსავლენად, ივანე ჯავახიშვილის გასამხნევებლად ორღანზე უკრავდა“, – განმარტა პრეზენტაციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ნინი სანადირაძემ.



მისივე თქმით, წიგნში თავმოყრილია კვლევითი ნაწილებიც. მასში შესულია, როგორც თეოლოგიური და მუსიკოლოგიური ანალიზი, ასევე ფალიაშვილის შემოქმედებისა და ცხოვრების უცნობი ფაქტები.


ეს არის კათოლიკური წირვის სრული ვერსია, ექვს ნაწილიანი, რომლის მსგავსი ქართული მუსიკის ისტორიაში არ გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო კვლევითი კომპონენტის გამოცემაც. აქ ნაჩვენებია, რამდენად მნიშნელოვანია "მესის" როლი ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში, რამდენად მნიშვნელოვანია კავშირი მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სამყაროს შორის, ზაქარია ფალიაშვილი, როგორც ხიდი ამ მოვლენებს შორის. მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის, რომ ეს გამოცემა აერთიანებს ქართული კათოლიციზმის როლს, ქართული კულტურის ისტორიაში“, – ამბობს ნინი სანადირაძე.


წიგნზე იმუშავა და მას მუსიკალური რედაქცია გაუწია სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, მუსიკოსმა და დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა. მისი თქმით, ახალი ქართული მუსიკა, რომელიც ეროვნულისა და ევროპულის შერწყმით შექმნა ზაქარია ფალიაშვილმა, სწორედ კათოლიკური ტაძრებიდან იწყება:





„ზაქარია ფალიაშვილი არის სახე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქართული კულტურა. ჩვენ გვაქვს ქართული უნიკალური მრავალხმიანობა, სიმღერა–გალობა, ზაქარიას შემდეგ კი ჩვენ გვაქვს სულ სხვა კიდევ არანაკლები მნიშვნელობის, სიღრმის, სილამაზისა და მრავლფეროვნების მქონე პროფესიული მუსიკა. ამისი გააზრება ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რადგან ეს ყველაფერი დაიწყო ქუთაისის კათოლიკურ ტაძარში და ეს ყველაფერი დაიწყო აი, ამ ტაძარში. ამ ტაძრებს მონაწილება აქვთ მიღებული ამ პროცესში, რასაც ახალი ქართული მუსიკა ჰქვია. მსოფლიო მსმენელს ჯერ კიდევ ელოდება ფალიაშვილის მუსიკის აღმოჩენის დიდი ბედნიერება“, – განმარტა ჯანგულაშვილმა.


„მესას“ პრეზენტაციაზე მიწვეული იყო ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური. მან ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ფალიაშვილის, როგორც ჭეშმარიტი კათოლიკეს დამსახურებაზე ისაუბრა:



„აქ წარმოდგენილი წიგნი შეიცავს ფალიაშვილის მიერ ქართული ლათინური წესის წმინდა ლიტურგიისთვის შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებს. ეს ნაწარმოები შეგვაგრძნებინებს კომპოზიტორის რწმენას, აქ ამ ეკლესიაში, რომელშიც თავად მსახურობდა თბილისში ცხოვრებისას. ფალიაშვილმა მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ მუსიკას, მისი მდიდარი ტრადიციების შესწავლას, მის გაჟღერებას მსოფლიო სცენებზე, მის გამოყენებას ქართულ რელიგიურ, როგორც ლათინურ, ისევე მართლმადიდებლურ კონტექსტში. როგორც ღვთისმოსავი და ეკლესიური ადამიანი, ფალიაშვილი საქართველოს ჭეშმარიტი შვილი იყო. მის მუსიკით მრავალი ადამიანია შთაგონებული მთელ მსოფლიოში. მისი ცნობილი „თავისუფლება“, საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ამაყად გაისმის სხვადასხვა ღონისძიებებზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. განა შეიძლება 2021-მა წელმა ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისთავის აღნიშვნის გარეშე ჩაიაროს?”.


პრეზენტაციისას გაჟღერდა, რომ ახალ გამოცემაში შესულია კათალიკოს პატრიარქის, კალისტრატეს მოგონებები ზაქარია ფალიაშვილზე.


ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი მედიასთან იხსენებს, რომ კალისტრატეს მოგონებები ასე იწყება: „როდესაც მე ვიყავი თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი, (საღვთო რჯულს ასწავლიდა მაშინ – ნ.პ), სამასწავლებლოში შემოვიდა ახალგაზრდა კაცი და ერთ–ერთმა ხანდაზმულმა, დამსახურებულმა მასწავლებელმა მითხრა – ეს ჩვენი მუსიკის მასწავლებელიაო – და ყურში ჩამჩურჩულა: ეს კათოლიკეაო. მე ვუთხარი, მივხვდი, რომ კათოლიკეა–მეთქი. – როგორ მიხვდი? – გაკვირვებულმა მკითხაო. იქიდანო, რომ ასეთი ბრწყინვალე თვალები, მე მარტო კათოლიკეებში და ისიც მორწმუნე კათოლიკეებში მინახავსო“.


პრეზენტაციის დასასრულს, წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ტაძრის უძველეს ორღანზე, რომელიც 1886 წლით თარიღდება და რომელზეც ფალიაშვილი თავად უკრავდა, „მესას“ რამდენიმე ნაწილი შესრულდა. მათ შორის „შენ ხარ ვენახი“.


საეკლესიო ინსტრუმენტზე „მესა“ ტაძრის ამჟამინდელმა ოღანისტმა, ლევ ოსიპოვმა გააჟღერა.



ზაქარია ფალიაშვილის „მესას“ 1901 წლის ხელნაწერი თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, ზაქარია ფალიაშვილის მუზუემის ხელნაწერ ფონდშია დაფული. აქ ხელნაწერის სამი სხვადასხვა ვერსიაა, რომელიც ზაქარია ფალიაშვილმა 1903 წლამდე შეასრულა.


ახალი გამოცემა ორენოვანია.


„მესის“ ახალი გამოცემა ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ეს თარიღი იუნესკომ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) 2020-2021 წლების საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.


თაკო ფეიქრიშვილი
შოთა გიქოშვილი

bottom of page