top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იაკობი. ერის დაბადება


ree

იაკობის ორი ქორწინება (დაბ. 29-30).

იაკობი გაექცა თავისი ძმის, ესავის, რისხვას. დედამისის, რებეკას, რჩევით იგი გაემგზავრა ხარანში, სადაც ცხოვრობდა რებეკას ძმა ლაბანი. გზად იაკობი ჭასთან გაჩერდა. უნდა ითქვას, რომ ბიბლიაში ჭას, როგორც ცნებას, არაერთი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ჭა იყო წყლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყარო, რომლის დაუფლებისათვის სხვადასხვა ტომი იბრძოდა. მეორე მხრივ, ეს იყო შეხვედრების, ზავის დადების, მომავალი სასძლოს არჩევის ადგილი. ებრაულ სიმბოლიზმში სუფთა წყლით სავსე ჭა თორას (ხუთწიგნეულს) განასახიერებს. სწორედ ჭასთან შეხვდა იაკობი რახელს და „შეუყვარდა იაკობს რახელი“ (დაბ. 29, 19). რახელი ლაბანის უმცროსი ასული იყო, ხოლო უფროსს ლეა ერქვა. იაკობი შვიდი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ლაბანს რახელისათვის, მაგრამ ლაბანმა რახელის ნაცვლად უფროსი ქალიშვილი, ლეა შეიყვანა იაკობთან, რადგან, წესისამებრ, ჯერ უფროსი ქალიშვილი უნდა გათხოვილიყო, ხოლო შემდეგ - უმცროსი. იაკობი რახელის სიყვარულის გამო კიდევ შვიდ წელიწადს ემსახურებოდა ლაბანს, ხოლო ექვსი წელი - ლაბანის ფარისათვის. ამ ოცი წლის განმავლობაში თერთმეტი ძე და ერთი ასული ეყოლა იაკობს ლეასაგან, ასევე, ქალიშვილები - მხევლების, ზილფასა და ბილჰასაგან, და რახელისაგან. რახელს ერთი ვაჟი ეყოლა - იოსები (მოგვიანებით კი - ბენიამინი). სწორედ ეს ოთხი ქალი გახდა ისრაელის თორმეტი ტომის წინაპარი.


ree

დაბრუნება. ანგელოზთან ბრძოლა (დაბ. 31-32).

როცა აივსო იაკობი შთამომავლობითა და საქონლით და ლაბანსაც შესძინა დიდძალი ცხვარი, ღმერთის ანგელოზი მოევლინა მას სიზმარში და უბრძანა: „ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას“ (დაბ. 31, 13). იაკობმა იცოდა ლაბანის განწყობა, შემოკრიბა ყველა და, როცა ლაბანი წასული იყო ცხვრების გასაპარსად, გაიქცა და თან წაიღო ყველაფერი, რაც ებადა. ლაბანი გაეკიდა იაკობს, მაგრამ სიზმარში მოვლენილი ღმერთის გაფრთხილების გამო ვერაფერი დაუშავა მას. მათ ერთმანეთთან დადეს აღთქმა, ლაბანმა აკურთხა შვილიშვილები და ასულები და დაუბრუნდა თავის მხარეს. იაკობს აშინებდა ესავთან შეხვედრა, მან მოამზადა პირუტყვი და გააყოლა მსახურები, რათა წინ წასულიყვნენ და ეს ძღვენი გადაეცათ ესავისათვის - „და მიდიოდა მისი ძღვენი მის წინ“ (დაბ. 32, 21). იაკობის ისტორიას კიდევ ერთი სიმბოლური თხრობა ემატება - „და შეებრძოლა მას კაცი განთიადამდე“ (დაბ. 32, 24). ვინ იყო ეს მორკინალი - თავად ღმერთი, უფლის ანგელოზი? იაკობი უშიშრად იბრძოდა, ხოლო მეტოქემ დაჭრა იგი ბარძაყის სახსართან და სიკოჭლე დარჩა, როგორც ცვლილების ხილული ნიშანი. იაკობი, როგორც ჩანს, მიხვდა ვის შეერკინა და დაჟინებით ითხოვდა კურთხევას, კაცმა კი აკურთხა და სახელი შეუცვალა იაკობს. ამიერიდან მას ისრაელი დაერქვა, რაც „ღმერთთან მებრძოლს“ ნიშნავს. იაკობ-ისრაელმა ბრძოლის ადგილს „ფენიელი უწოდა, რადგან თქვა: „ვიხილე ღმერთი პირისპირ, და გადარჩა ჩემი სული“ (დაბ. 32, 30). ყოველივე მომხდარი მნიშვნელოვანი გარდატეხაა მის ცხოვრებაში. ამის შემდეგ იაკობი შეხვდა თავის ძმას და დაბრუნდა ქანაანში. გზაში დაიბადა კიდევ ერთი ვაჟი იაკობისა - ბენიამინი, რახელი კი მშობიარობას გადაჰყვა. ეს მოხდა ბეთლემის მახლობლად, რომელსაც ასევე ეფრათას უწოდებენ.


იაკობის თორმეტი ვაჟი (დაბადება 35).

იაკობის თორმეტი შვილი თორმეტი ტომის მამები არიან და მათი მომავალი გეოგრაფიული განაწილება მათ დედებზეა დამოკიდებული. უფრო ზუსტად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ როდესაც „დაბადება“ დაიწერა, სწორედ ამით განისაზღვრა თითოეული ტომის გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია.



ree

ამრიგად, ლეას ვაჟები შეესაბამებიან სამხრეთ ტომებს, რომლებიც შექმნიდნენ იუდას სამეფოს (რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა) და გალილეას (ისაქარი და ზებულონი); რახელის ვაჟები არიან იოსები (მენაშესა და ეფრემის ტომების მამა) და ბენიამინი: ესენი არიან სამი ცენტრალური ტომი, რომლებიც შექმნიდნენ ისრაელის სამეფოს (სამარია). მხევლებმა სხვა ტომების, პერიფერიაზე მყოფი ტომების, მამები გააჩინეს: ბილჰამ შვა დანი და ნაფთალი (უკიდურეს ჩრდილოეთში), ხოლო ზილფამ შვა გადი (აღმოსავლეთით, იორდანეს გადაღმა) და აშერი (დღევანდელი ლიბანის საზღვრებში, დასავლეთში). ასე აღსრულდა ღმრთისმიერი აღთქმა. აღსანიშნავია, რომ ბეთელში უფალი გამოეცხდა იაკობს და, მიუხედავად იმისა, რომ ისაკი ჯერ ცოცხალია, სწორედ მას განუმეორა აღთქმა, მიცემული აბრაამისადმი: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი, ინაყოფიერე და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან წარმოსდგებიან მეფენი შენი საზარდულიდან. და ქვეყანას, რომელიც მივეცი მე აბრაამსა და ისაკს, მოგცემთ შენ და შენს თესლს, შენს შემდეგ“ (დაბ. 35, 11-12).


მამა პიერ დიუმულენი

ჟურნალი "საბა", 2025, ნოემბერი

Comments


bottom of page