top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იერუსალიმში კლდეზე ამოტვიფრული უძველესი ქრისტიანული ტექსტი იპოვეს

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგებმა, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ციხე-სიმაგრეში, კლდეზე ამოკვეთილი უძველესი ქრისტიანული წარწერა აღმოაჩინეს. ბიბლიური ტექსტი შესრულებულია ბერძნულ ენაზე, იმეორებს 86-ე ფსალმუნს და მოხსენიებულია იესო ქრისტეს სახელი (ქართულ ბიბლიაში აღნიშნული ტექსტი მოცემულია 85-ე ფსალმუნში).

ებრაული მედიის ცნობით, ამ დრომდე, ეს ქვაზე შესრულებული ერთადერთი ბერძნულენოვანი წარწერაა.


ორიგინალის, ებრაული ტექსტის ნაცვლად, სადაც წერია „მისმინე მე, უფალო, რამეთუ ღარიბი - ღატაკი ვარ“, ახლადნანახ წარწერაზე წერია: „იესო ქრისტე, დამიფარე, რადგან ღარიბ - ღატაკი ვარ“.


წარწერა აღმოჩნდა დიდი ქვის კიდეზე, რომელიც წითელი ფერისაა და ჯვრით არის შემკული. ფსალმუნი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "დავითის ლოცვა", ქრისტიანულ ლიტურგიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წაკითხული ფსალმუნია.


ავნერ ეკერმა, ბარ-ილანის უნივერსიტეტის ეპიგრაფისტმა, წარწერა აღწერა, როგორც გრაფიტო - ‘კლდის ნახატი’. ხელწერის გამოკვლევა მიუთითებს, რომ წარწერა განთავსებულია ჩვ.წ. აღრიცხვით არაუგვიანეს VI საუკუნის პირველი ნახევრისა. მცირე გრამატიკული შეცდომები იმაზე მეტყველებს, რომ მისი ავტორი შესაძლოა ბერი ყოფილიყო, რომლის მშობლიური ენაც სემიტური იყო.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ ადგილზევე აღმოჩენილია მეორე წარწერა, რომელიც ამჟამად შესწავლის პროცესშია.


სხვა აღმოჩენებს შორისაა ბავშვის ოქროს ბეჭედი არაბული წარწერით „მაშალაჰ“ (ღმერთმა ინება) კუფის ანბანით, რომელიც მეცნიერთა თქმით, VII და VIII საუკუნეების უმაიადთა დინასტიით თარიღდება. წარწერის ნაწილები სარკისებურადაა შებრუნებული, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბეჭედი შესაძლოა ასევე ყოფილიყო გამოყენებული ბეჭდის დასასმელად.


ჰირკანიის ციხე, არაბულად ხირბეტ ელ-მირდი (ციხის ნანგრევები), მდებარეობს იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 17 კილომეტრში, იუდეის უდაბნოში მიუვალ ბორცვზე. ამბობენ, რომ იგი ჩვ.წ. აღრიცხვამდე II ან I საუკუნეში აშენდა, ხასმონელთა მმართველის იოანე ჰირკანუსის ან მისი ვაჟის ალექსანდრე იანეუსის მიერ. 492 წელს ჰირკანიის ნანგრევებში ბერმა მამა საბამ დააარსა კასტელიონის მონასტერი, მე-7 საუკუნეში ტერიტორიის ისლამური დაპყრობის შემდეგ, მონასტერი კვლავ აგრძელებდა ფუნქციონირებას, მაგრამ სავარაუდოდ IX საუკუნის დასაწყისში მიტოვებულ იქნა.


არქეოლოგიურისამუშაოები, რომლებიც ახალა მიმდინარეობს ამ ადგილზე პირველად ტარდება. შემდგომი სამუშაოები 2024 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

წყარო: deon.pl


შოთა გიქოშვილი

bottom of page