top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიას 7 ახალი წმინდანი ჰყავს – ვინ არიან ისინი

Updated: 41 minutes ago

19 ოქტომბერს, პაპმა ლეონ XIV-მ წმიდანთა დასს შვიდი ახალი წმინდანი შემატა.

ესენი არიან: იტალიელი იურისტი, რომელიც სატანიზმიდან მოექცა; სომეხი არქიეპისკოპოსი და ვენესუელელი ექიმი, ცნობილი, როგორც „ღარიბთა მკურნალი“. ასევე პირველი წმინდანი პაპუა ახალი გვინეიდან და ორი წმინდანი ვენესუელადან.


ree

წმიდა ბარტოლო ლონგო – 1841-1926 წწ. – „სავარდის მოციქული“

ნეაპოლელი იურისტი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო სპირიტიზმითა და სატანიზმით. ღრმა სულიერი კრიზისის ფონზე, იგი დომინიკელ მღვდელს შეხვდა და მისი დახმარებით რწმენისკენ მოექცა. ამის შემდეგ, პომპეიში მან დააარსა სანქტუარიუმი და ქადაგებდა სავარდის კულტს. ბარტოლო ლონგომ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა ქველმოქმედებას: ეხმარებოდა ობლებსა და გლეხებს.


წმიდა დედა კარმენ მენდილისი – 1903 -1977წწ. „ევქარისტიის მჭვრეტელი“

იგი იყო ვენესუელელი წმინდანი, რომელიც ღრმა ევქარისტიული სულიერებითა და ღარიბთა მსახურებით ცხოვრობდა. 1965 წელს მან „იესოს მსახურთა კონგრეგაცია“ დააარსა, რომლის სულისკვეთებაც განათლება და სოციალური მსახურება იყო. 2018 წელს, დედა კარმენ მენდილისი ეკლესიამ ნეტარად შერაცხა და  ღვთის სიყვარულით მას „შთანთქმული“ უწოდეს.


წმიდა ხოსე გრეგორიო ერნანდესი –1864-1919წწ. – „ღარიბთა ექიმი“იგი იყო ექიმი და ფრანცისკელთა მესამე ორდენის წევრი. უსასყიდლოდ მკურნალობდა ღარიბებს და სნეულებთან მიჰქონდა ევქარისტია. მას სიცოცხლეშივე უწოდებდნენ წმინდანს. იგი სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც პაციენტს ეხმარებოდა – ავტომობილი დაეჯახა და სიცოცხლე შეწყვიტა. მთელს ლათინურ ამერიკაში იგი იყო ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება.


წმიდა პეტერ ტო როტი –1912-1945 წწ. პირველი პაპუა ახალი გვინეელი წმიდანიმთელს წყნარ ოკეანეთში იგი ეკლესიის სიმბოლოდ იქცა. იყო კატეხიზატორი, კარგი მეოჯახე, გულანთებული ქრისტიანი, რომელიც თავგამოდებით იცავდა რწმენას და ასევე ქორწინების წმიდა საიდუმლოს, იაპონური ოკუპაციის პირობებში.

წმინდანი დააპატიმრეს ღარიბთა და სნეულთა მსახურების გამო. ციხეში მას წაუყენეს ქრისტიანობის დატოვებისა და მრავალცოლიანობის მიღების პირობა, რაზეც უარი განაცხადა. ამ ციხეში იგი მოწამლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.


წმიდა მარია ტრონკატი – 1883 -1969წწ. – „კურნებისა და გულმოწყალების მისიონერი“

იგი იყო სალელი მონაზონი. თავისი ცხოვრება, ამაზონის ჯუნგლებში, ეკვადორის აბორიგენი ხალხის მსახურებასა და სახარების ქადაგებას მიუძღვნა. იყო მედდა, კატეხიზატორი და დედა ყველასთვის. შეძლო გაეერთიანებინა რწმენა და მეცნიერება; ყველაზე მოწყვლადი ფენებისათვის იქცა იმედად. 2012 წელს ნეტარად შერაცხეს და მისიონერული სიყვარულის მოციქულად ითვლება.


წმიდა ვინჩენცა მარია პოლონი – 1802-1855 - გულმოწყალების მსახური

წმიდა ვინჩეცამ დააარსა „გულმოწყალების დების კონგრეგაცია“. მის შთაგონებად იქცა წმიდა ვინცენტ დე პოლი. მან სიცოცხლე მიუძღვნა ღარიბთა და სნეულთა მსახურებას. მისი სულიერება დღემდე ცოცხალია მის კონგრეგაციაში განათლებისა და სამეცნიერო სფეროებში.


წმიდა იგნაციო მალოიანი – 1869 -1915წწ. სომეხი მოწამე ეპისკოპოსი იგი დააპატიმრეს სომეხთა გენოციდის დროს, მან უარი განაცხადა რწმენის დატოვებაზე, რის გამოც 415 სხვა მორწმუნესთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. იგნაციო მალოიანი ქრისტეს ერთგულების ნათელი მაგალითი გახდა. თანამესაკნეებს მოუწოდებდა რწმენაზე არ ეთქვათ უარი და ბოლო ამოსუნთქვამდე მინდობოდნენ ღვთის მოწყალე განგებულებას.

Comments


bottom of page